ორ დღიანი მცდელობა, გუშინ, ლანჩხუთში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან განვითარებულ მოვლენებზე კომენტარი მიგვეღო მუნიციპალიტეტის გამგებლის, ზაზა ურუშაძისგან, უშედეგოდ დასრულდა. ბოლოს გამგეობის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელის მაკა სულაბერიძის მეშვეობით ვცადეთ ბატონ ზაზასგან კომენტარის მიღება. თუმცა, სულაბერიძისგან მიღებული ინფორმაციით, გამგებელი მომხდარზე კომენტარს არ გააკეთებს.
არადა, ზაზა ურუშაძე ის პირია, რომელსაც გუშინ მომხდარ ინცინდენტზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გია გოგუაძე პასუხისმგებლობას აკისრებს. გოგუაძის თქმით, როცა შენიშნა რომ ქალაქის ცენტრში საჯარო მოხელეთა შეკრება ხდებოდა, საქმის კურსში ჩააყენა გამგებელიც.
"ურუშაძემ გაიკვირვა და თქვა არაფერი ვიციო. ბატონი გამგებელი გავაფრთხილე, რომ შემდგომში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა მასაც დაეკისრებოდა", – განაცხადა გოგუაძემ.