პოეტი დავით-დეფი გოგიბედაშვილი "რუსთავი 2"-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ შესაძლოა, სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ საქმე სამოქალაქო დაპირისპირებამდე მივიდეს.
"ეს ომია თავისუფალ საქართველოსა და კრემლს შორის. ფრონტის ხაზი გადიოდა აფხაზეთზე, 2008 წელს გავიდა სამაჩაბლოზე, ცხინვალის რეგიონზე; გადიოდა აჭარაზეც, ერთი პერიოდი, ახლა გადის უკრაინაზე და ყირიმზე, 2012 წელს ფრონტის ხაზმა გაიარა არჩევნებზე და მოვიდა "ქართული ოცნება" არარაობების წარმოუდგენელი ერთობა, კავშირი და ნაზავი. ახლა უკვე კრემლთან ომის ფრონტის ხაზი ღიად გადის "რუსთავი 2"-ზე.
თუ "რუსთავი 2" დღეს განადგურდება, როგორც თავისუფალი სიტყვის სიმბოლო და ადგილი, განადგურდება საქართველოს მომავალი, იქნება სრული ჯოჯოხეთი, ივანიშვილის საკუთრება, დაკომპლექსებული, გაპირუტყვებული ქვეყანა, რომელსაც არც თავმოყვარეობა შერჩება და არც აზროვნების უნარი. არც იმის განსხვავება რა არის განათლება, კაცობა, პროგრესი. ქვეყანას თუ უნდა დიდებით შეიმოსოს, იაზროვნოს, მას მოქალაქეობის უზენაესი პრონციპი უნდა ჰქონდეს. ეს თუ არ არის, მაშინ მივიღებთ 31%-ს, რომელსაც უნდა ევრაზიაში ცხოვრება", _ აცხადებს გოგიბედაშვილი.
კითხვაზე- ხედავთ თუ არა კავშირს 20007 წელს "იმედში" განვითარებულ მოვლენებსა და დღეს "რუსთავი 2"-სთან მიმდინარე პროცესებს შორის მსგავსებას, გოგიბედაშვილი გვპასუხობს:
"კავშირი ერთია, ორივე ტელევიზია იყო. თუმცა, იმ პერიოდის "იმედი" არ იყო ახლანდელი "რუსთავი 2"-ი რაც არის, ეს იყო ღია პრორუსული პროპაგანდის არხი. შიგნით რაც მოხდა, ეს, რა თქმა უნდა, შეცდომა იყო, ხელისუფლების შეცდომა. ყველა ვარიანტში "ნაციონალურმა მოძრაობამ" პოლიტიკური ფასი გადაიხადა; არჩევნები წააგო და ხელისუფლება გადაეცა სხვა პოლიტიკურ ძალას.
ახლა სხეულს აქვს განგრენა, კიბო და ჩვენ ვამბობთ, რომ დემოკრატიაა ამ სხეულზე და კიბოს, განგრენას აქვს უფლება, რომ იარსებოს ჯანსაღ სხეულზე, თუმცა ეს სისულელეა. ეს არის სირცხვილი ისტორიის წინაშე. რუსი ოლიგარქისთვის, ჯანსაღი, თავისუფალი ქვეყნის ჩაბარება არის საკაცობრიო სირცხვილი; სირცხვილი ჩვენი შვილების, ისტორიის, ღმერთის წინაშე.
ღმერთი არ გაუწყრეს ხელისუფლებას და არ მოახდინოს სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირება. ეს იქნებს სრული კატასტროფა. ვვარაუდობ, რომ სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ სამოქალაქო დაპირისპირება მოხდება. ღარიბაშვილის განცხადება ეს იყო, სხვა არაფერი. ღმერთი თუ გაწყრა და კატასტროფა, სამოქალაქო დაპირისპირება მოხდა, მაშინ, მაინც იმედი მაქვს, რომ ამასაც გავუძლებთ და გავიმარჯვებთ, რადგან "რუსთავი 2" არის სიმართლე და "ცრუს" თავს მოაჭრის", _ ამბობს გოგიბედაშვილი.
მისივე შეფასებით, "დღეს საქართველოს პრეზიდენტი მოწოდების სიმაღლეზე იყო".
"დღეს მე პრეზიდენტი ვნახე. გიორგი მარგველაშვილი იყო მოწოდების სიმაღლეზე. ასეთი უნდა იყოს პრეზიდენტი. მას უნდა ეთქმოდეს და უნდა აკეთებდეს", _ განაცხადა გოგიბედაშვილმა "გურია ნიუსთან" საუბრისას.