"პრეზიდენტმა კონსტიტუციის 84-ე მუხლი დაარღვია"-ეს განცხადება საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საინფორმაციო გადაცემა "მოამბესთან" საუბრის დროს გააკეთა. მისი თქმით, არავის არ აქვს უფლება, მათ შორის არც პრეზიდენტს და არც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, მოსამართლის მიმართ რაიმე სახის მოწოდებები გააკეთონ, რაც გავლენას მოახდენს მის გადაწყვეტილებაზე.
იუსტიციის მინისტრმა კრიტიკულად შეაფასა პრემიერ-მინისტრის ის განცხადებაც, რომელიც მან გუშინ მთავრობის სხდომაზე გააკეთა, მაგრამ ამავე დროს განმარტა, რომ ღარიბაშვილმა წინა ხელისუფლების მანკიერ პრაქტიკაზე ისაუბრა.
"არ მომწონს, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი ამა თუ იმ განცხადებით, ხელს უწყობს შექმნილ აჟიოტაჟს მიმდინარე დავის გარშემო. მან პირდაპირ დაარღვია კონსტიტუციის 84-ე მუხლი, რომელიც ჩვენ ყველას, და მათ შორის პრეზიდენტს, გვიკრძალავს გავაკეთოთ ისეთი მოწოდებები, რაც გავლენას მოახდენს მოსამართლის გადაწყვეტილებაზე. რაც შეეხება პრემიერ -მინიტრის განცხადებას, უკეთესი იქნებოდა მისი შეფასებითი ნაწილი უფრო მოკლე ყოფილიყო. მაგრამ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მას სურდა კიდევ ერთხელ შეეხსენებინა საზოგადოებისთვის წინა ხელისუფლების დროს დამკვიდრებული მანკიერი პრაქტიკის შესახებ"-აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.