საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ინგა გრიგოლია, მან იძულებით დააბრუნა ჟურნალისტიკაში.
"როგორც ივანიშვილმა განმარტა, "ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ" არჩევნებში 1%-იც ვერ აიღო და, შესაბამისად, ინგა გრიგოლია, რომელსაც ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლამდე გარანტირებული ჰქონდა დეპუტატის მანდატი, პარლამენტში ვერ მოხვდა.
ივანიშვილმა ეს განცხადება თოქ-შოუების დახურვის თემის კომენტირებისას და ინგა გრიგოლიას იმ ბრალდების საპასუხოდ აღნიშნა, რომლის თანახმადაც, ამაში ექსპრემიერი ჩართულია.
"იმედის" ხელმძღვანელობაც ამბობს, რომ ახალი პროექტი მუშავდება, ეს არის ნორმალური პროცესი. ინგა გრიგოლია ცდილობს, რომ ეს მე მომაწეროს, თითქოს მას ვებრძვი. რა თქმა უნდა, ამაში არაფერი ობიექტური არაა, გარდა იმისა, რომ მე მართლაც შეიძლება, თავის დროზე, ინგა გრიგოლიას კარიერულ ზრდაზე მოვახდინე გავლენა", _ განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ ინგა გრიგოლია იყო ერთ-ერთი ფსევდო ოპეზოციური პარტიის ლიდერი და მას შემდეგ, ივანიშვილი რაც პოლიტიკაში მოვიდა, მან ამხილა როგორც "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა", ისე "ახალი მემარჯვენეები" და "ლეიბორისტული პარტია", რომლებიც "ნაციონალურ მოძრაობაზე" ცუდად ექცეოდნენ საკუთარ საზოგადოებას.
"გრიგოლიას განაღდებული ჰქონდა დეპუტატის მანდატი პარლამენტში და საუბედუროდ, თუ საბედნიეროდ მისთვის, ჩემი აზრით კი საბედნიეროდ მთელი საზოგადოებისთვის, ჩემი მოსვლით პოლიტიკაში საქართველოში სიტუაცია პრინციპულად შეიცვალა. გრიგოლიას ალბათ აქვს გაღიზიანება. პრინციპში მე ის იძულებით დავაბრუნე ჟურნალისტიკაში იმ ფორმით, რომ "ქრისიტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ" 1%-იც ვერ აიღო და შესაბამისად, ინგა გრიგოლია ვერ მოხვდა პარლამენტში", _ განაცხადა ივანიშვილმა.
იმ საკითხის კომენტირებისას, რომ ინგა გრიგოლიამ თავად მოხსნა კანდიდატურა არჩევნებში, ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ეს ფაქტი არ ახსოვს და თუ ასეა, გრიგოლიას ჭკუა ეყო, ისევე, როგორც დავით გამყრელიძეს, ეს გაეკეთებინა.
ივანიშვილმა ასევე დასძინა, რომ "ქრისტიანულ-დემოკრატიულმა მოძრაობამ" არჩევნებშია ფიასკო განიცადა.






























































