თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს დედაქალაქის მერიის სამი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელები წარადგინა.
ნარმანიამ თბილისის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რომ გამოცხადებული იყო კონკურსი დედაქალაქის მერიის სამი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელების შესარჩევად და კომისიამ მუშაობა დაასრულა.
"თბილისის არქიტექტურის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე კომისიამ შეარჩია დიმიტრი მოსულიშვილის კანდიდატურა, რომელიც პროფესიით არქიტექტორია. ძალიან წარმატებული და გამოცდილი ადამიანი, არქიტექტორთა ასოციაციას ხელმძღვანელობს. ის აქტიურად იყო ჩართული 13 ივნისის სტიქიის შემდგომ მდინარე ვერეს ხეობის შემდგომი განვითარების კონცეფციის მომზადებაში და ბევრ სხვა საკითხში. ბევრი კარგი და წარმატებული პროექტის ავტორია. სწორედ ის შეარჩია კომისიამ არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე და მინდა წარმატება ვუსურვო", _ განაცხადა ნარმანიამ.
მისივე თქმით, კომისიის მხრიდან ტექნოლოგიური განვითარების ფონდის უფროსის თანამდებობაზე შეირჩა კახაბერ გვანცელაძის, ხოლო ქონების მართვის სააგენტოს უფროსის თანამდებობაზე კარლო ლაფერაძის კანდიდატურა.

































































