ამ წუთებში ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის შენობასთან მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციის და საზოგადოების წევრები იკრიბებიან.
"რუსთავი 2"-ის ეთერში მყოფმა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომ თამაზ ურთმელიძის დღეს მიღებული გადაწყვეტილებით კიდევ ერთი უკანონობა მოხდა. "ეს არის მედიის მიტაცება და ჩვენ საზოგადოების, არასამთავრობოს და საზოგადოების წარმომადგენლები არ გავჩერდებით და ბოლომდე დავიცვათ "რუსთავი 2"-ს. ასევე დღეს გაითელა საქართველოს კონსტიტუცია. მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს ჩაერთოს ამ პროცესში" – თქვა ელენე ხოშტარიამ.
რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ ის თანამდებობიდან გადაყენებულია. "გილოცავთ მეგობრებო! საქართველოში ოფიციალურად დამყარდა დიქტატურა. ამ წუთში ცნობილი გახდა, რომ მოსამართლე ურთმელიძემ გამოიტანა სრულიად უკანონო გადაწყვეტილება, რომლითაც რუსთავი 2ის დროებით მმართველად დანიშნა რევაზ საყევარიშვილი (იმედის ყოფილი დირექტორი). მოედი მენეჯმენტის უფლებამოსილება შეჩერებულია. ამიერიდან, ერთის ნაცვლად გეყოლებათ ორი ტვ იმედი. კიდევ ერთხელ გილოცავთ დიქტატურის დამყარებას."-წერს გვარამია.