"რუსთავი 2"-ის ყოფილი მფლობელის, ჯარჯი აქიმიძის განცხადებით,ყოფილი მფლობელები ქიბარ ხალვაშთან სამ პუნქტზე შეთანხმდნენ, რომელიც განუხრელად, ყველა მხარემ უნდა დაიცვას.
ამის შესახებ აქიმიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ჩვენ ბატონ ქიბართან დავსხედით და შევთანხდმით სამ პუნქტზე, რომელიც ქვაკუთხედი ჩვენი თანამშრომლობის უნდა გამხდარიყო. თუ ამას დავიცავთ, ჩვენი თანამშრომლობა და ურთიერთობა შედგება.
პირველი პუნქტი: ტელევიზია ემიჯნება ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას, როგორც სახელისუფლოს ისე ოპოზიციურს, საკუთარ სარედაქციო საქმიანობას წარმართავს ზოგადსაკაცობრიო და დემოკრატიული ფასეულობების შესაბამისად, ჟურნალისტური ეთიკის პრინიპებზე დაყრდნობით. ეს არის ჩვენი პრინციპული მოთხოვნა იქედან გამომდინარე, რომ დღეს "რუსთავი 2" არ არის პოლიტიკური ძალისგან გათავისუფლებული. დღეს "რუსთავი 2" არის "ნაციონალური მოძრაობის", მიხეილ სააკაშვილის საკუთრებაში მყოფი, რომელიც აკეთებს იმას, რაც უნდა სააკაშვილს. ჩვენ გვინდა, "რუსთავი 2" არ იყოს არც სააკაშვილის, არც ივანიშვილის და არც ერთი პარტიის.
მეორე: ტელევიზია არასოდეს გახდება მხარე პოლიტიკური ვითარებისას, იქნება ობიქტური, ექნება ობიექტური და კრიტიკული საინფორმაციო პოლიტიკა. იქნება მნიშვნელოვნად წარმოდგენილი ანალიტიკური და საგამოძიებო ჟურნალისტიკა.
მესამე: ტელეკომპანია არ დაფინანსდება საბიუჯეტო სახსრებით, პარტიების შემოწირულობით და პოლიტიკური დაკვეთით. აქ არ იგულისხმება ფასიანი პოლიტიკური, წინასაარჩევნო რეკლამა. ტელეკომპანია იარსებებს მხოლოდ კომერციული შემოსავლებით და ეს იქნება სწორედ მისი დამოუკიდებლობის გარანტი", – განაცხადა აქიმიძემ.