საავადმყოფოში რჩება ადვოკატი გიორგი მდინარაძე, რომელიც პოლიციელებს მის ცემაში ადანაშაულებს. ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო პროკურატურამ და გენერალურმა ინსპექციამ. დამნაშავეთა დასჯას ითხოვს "ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი, რომელიც მთავრობას ულტიმატუმს უყენებს. თუ სასწრაფოდ არ იქნება საქმე გამოძიებული და დამნაშავეები დასჯილი, ის ადვოკატთა გაფიცვის ორგანიზებას გეგმავს.
მდინარაძის კოლეგები, ადვოკატები ირწმუნებიან, რომ მდინარაძეს პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ვაკე-საბურთალოს პოლიციის თანამშრომლებმა ცემეს. გიორგი მდინარაძე ტვინის შერყევით საავადმყოფოშია გადაყვანილი.
სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენელი ეკა ფოფხაძე, რომელმაც დაზარალებული საავადმყოფოში მოინახულა, აღნიშნავს, რომ მას სახეზე და სხეულზე აღენიშნება სისხლჩაქცევები.
დამნაშავეთა დასჯას ითხოვენ ადვოკატები და არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლები, რომლებიც აღნიშნავენ, რომ ამ ფაქტს შესაძლოა საერთაშორისო ორგანიზაციების კრიტიკა მოჰყვეს.
გიორგი მდინარაძის კოლეგები აღნიშნავენ, ის მაშინ ცემეს, როცა ვაკე-საბურთალოს რაიონის პოლიციის მეხუთე განყოფილებაში არასრულწლოვანის დასაცავად იმყოფებოდა. როგორც ისინი ყვებიან, მან თავისი დაცვის ქვეშ მყოფ არასრულწლოვანს დუმილის უფლების გამოყენება ურჩია, რამაც გააღიზიანა პოლიციის თანამშრომლები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ადასტურებენ რომ მდინარაძე ადმინისტრაციული წესით, მართლაც იყო დაკავებული. მიზეზად იმას ასახელებენ, რომ მან პოლიციელებს სიტყვიერი შეურაცყოფა მიაყენა.
ბრალდებული პოლიციელების მიმართ ძიება დაწყებულია პროკურატურაში.
არასამთავრობოები მიიჩნევენ, რომ მომხდარი მხოლოდ პროკურატურამ უნდა გამოიძიოს და უნდა გამოირიცხოს მასში შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაწილეობა, რადგან დამნაშავე პოლიციელები შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში იმყოფებიან.