"ვარ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, ერთ ოთახში ვცხოვრობთ მე, დედაჩემი და ჩემი რძალი. სოფლის პირობებში ვერ ვიცხოვრეთ, შეშის მომტანიც კი არ გვყავდა არავინ. ჩემთვის ძალიან მძიმე აღმოჩნდა სოფელში ცხოვრება." – ასე იწყებს საუბარს "გურია ნიუსთან" ხელვაჩაურში, "ოცნების ქალაქში" მცხოვრები ეთერ ბერიძე.
"ოცნების ქალაქში" ყოფნისას მოსახლეობამ გვთხოვა, აუცილებლად დავინტერესებულიყავით მისი პრობლემებით.
"წამოვედით და დავსახლდით "ოცნების ქალაქში". დედა პენსიონერია, რძალი კი დიასახლისი. სოციალური დახმარება ამ ეტაპზე შეჩერებული მაქვს, რამდენიმე კვირის წინ იყო სოციალური აგენტი და ვნახოთ, რა იქნება. მთავრობის წარმომადგენლებს ვთხოვ შეისწავლონ ჩემი საკითხი, მოვიდნენ და თავად მიხვდებიან, რა პირობებში ვცხოვრობ. არ მყავს მარჩენალი და გვიწევს მძიმე პირობებში ცხოვრებას. ყველაზე მეტი ფული წამლებში მიდის."
"ოცნების ქალაქში" მცხოვრები ნარგიზ დიასამიძე ამბობს, რომ ამ დასახლებაში სოციალურად ბევრი გაჭირვებული ცხოვრობს. "ძალიან მძიმე მდგომარეობაში უწევს ეთერ ბერიძეს ცხოვრება. ხშირად მეზობლები ვეხმარებით. ერთ პატარა ოთახში სამი ადამიანი ცხოვრობს. სასადილო ოთახიც კი არ აქვთ. საერთოდ მინდა ვთქვა, რომ მთავრობამ უფრო მეტად უნდა მოგვაქციოს ყურადღება და ხშირად ინტერესდებოდნენ ჩვენი პრობლემებით," – გვითხრა ნარგიზ დიასამიძემ.
ეთერ ბერიძე რეგისტრირებულია შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ მახალაკიძეებში, მასთან ერთად ცხოვრობს დედა (პენსიონერი) და რძალი (ძმისშვილის მეუღლე, ძმისშვილი რეგისტრირებულია ცალკე კომლად და გააჩნია საცხოვრებელი სახლი). ოჯახი განეკუთვნება სოციალურად დაუცველთა კატეგორიას, ოჯახის წევრები იღებენ სოციალურ შემწეობას და სარგებლობენ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით, ქალბატონი ეთერი ასევე იღებს პენსიას.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ეთერ ბერიძის შესახებ ასეთი კომენტარი გააკეთეს.
"ეთერ ბერიძის ოჯახი არ არის სტიქიის შედეგად დაზარალებული, მათ თვითნებურად აქვთ დაკავებული ყოფილი 53-3 სამხედრო ბატალიონის ტერიტორია. 2015 მაისში შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ მოხდა აღნიშნული ოჯახის შესწავლა. სააქტო ჩანაწერების მიხედვით ეთერ ბერიძეს შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ მახალაკიძეებში აქვს სახლი – ხის კონსტრუქციით, ბელეტაჟის ტიპის, რომელიც საცხოვრებლად ვარგისია. ამავე აქტის მიხედვით ეთერ ბერიძე ყოფილი სამხედრო ბატალიონის ტერიტორიის თვითნებურად დაკავების მიზეზად ასახელებს: "ოჯახს არ ჰყავს მარჩენალი, ქალაქთან სიახლოვის გამო დაიკავეს ფართი."
სოციალურად დაუცველი ოჯახების წევრები არიან აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის, სამედიცინო და სოციალური რეაბილიტაციის, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა და ხანდაზმულთა დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის პროგრამების ბენეფიციარები და სარგებლობენ პროგრამების ფარგლებში დახმარების მიღების უპირატესი უფლებით. საჭიროების შემთხვევაში სამინისტრო მზად არის არსებული პროგრამების ფარგლებში გაუწიოს შესაბამისი დახმარება.“