სირიაში მოქმედმა აჯანყებულებმა პროვინცია ლატაკიაში რუსულ ვერტმფრენს ცეცხლი გაუხსნეს. ამის შესახებ "როიტერი", ადამიანის უფლებათა სირიის სამონიტორინგო ჯგუფზე დაყრდნობით იტყობინება. აჯანყებულების ინფორმაციით, მათ ვერტმფრენი ტანკსაწინააღმდეგო იარაღის საშუალებით ჩამოაგდეს.
თუმცა, "როიტერთან" საუბარში ლიბანურმა "ჰეზბოლამ" აღნიშნული ინფორმაცია უარყო. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ვერტმფრენი ავარიულად დაეშვა, ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი უსაფრთხო ადგილასაა გადაყვანილი.
რუსული მედია წერს, რომ საუბარია ვერტმფრენზე, რომელიც სუ-24-ის ავიაკატასტროფის ადგილზე სამაშველო ოპერაციას ატარებდა.
შეგახსენებთ, რომ სირია-თურქეთის საზღვარზე რუსული სამხედრო თვითმფრინავის სუ-24 ჩამოაგდეს.
არსებული ინფორმაციით, რუსული თვითმფრინავი თურქულმა გამანადგურებლებმა მას შემდეგ ჩამოაგდეს, რაც ის სირიის მხრიდან თურქეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა და გაფრთხილების მიუხედავად, ფრენა გააგრძელა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ თვითმფრინავი სირიის ტერიტორიაზე ჩამოვარდა.