პრესაში გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ მე შევხვდი ა.ა.ი.პ. "გაერთიანებული სპორტის განვითარების ცენტრი"-ის ხელმძღვანელს და რეორგანიზაციის მიმდინარეობის შესახებ ვესაუბრე. ჯერჯერობით პროცესი დასრულებული არ არის და ა.ა.ი.პ.-ში თანამშრომლები ჯერ არ დანიშნულან. აქვე ცალსახად ვიტყვი, რომ რეორგანიზაცია კანონის ზედმიწევნით დაცვით მიმდინარეობს.
როგორც გაირკვა, ბატონი რეზო ლომაძე სპორტის განვითარების ცენტრში ორ შტატზე იყო გაფორმებული. მათგან ერთი სპეციალისტის პოზიცია, ხოლო მეორე ინდო-ჰოკეის მწვრთნელის თანამდებობა გახლდათ. დარწმუნებული ვარ, ამ სპორტის საჭიროება ოზურგეთში არ დგას და მის მიმართ ინტერესი ძალიან დაბალია. შესაბამისად, ბატონი რეზო დაკავდება მხოლოდ სპეციალისტის პოზიციაზე.
რაც შეეხება რევაზ ჭელიძეს, მას მწვრთნელის პოზიცია ეკავა. როგორც თავადვე ამბობს ინტერვიუში, ის თბილისში "აკვალიანებდა" ხოლმე ოზურგეთელ სპორტსმენებს. მსგავსი შტატი "დამკვალიანებელი" ჩვენ არ გვაქვს და არც გვექნება. სხვადასხვა შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად დედაქალაქში თუ სხვა ქალაქებში ჩასული სპორტსმენები და მწვრთნელები ბატონი რევაზის "დაკვალიანების" გარეშე თავადვე შეძლებენ დაკისრებული მოვალეობის შესრულებას.
ზემოთხსენებული ა.ა.ი.პ.-ის რეორგანიზაციას თავისთავად მოყვება რამდენიმე შტატის გაუქმება. მოგეხსენებათ, რომ გაერთიანდა სამი თითქმის ერთნაირი პროფილის მქონე ა.ა.ი.პ. და შესაბამისად, საშტატო ნუსხის შესწავლის შედეგად მივიღეთ დუბლირებული შტატები. სწორედ ამიტომ საუბარია მხოლოდ მსგავსი ტიპის შტატების გაუქმებაზე.
რაც შეეხება ბატონ ლაშა ლომაძეს, ვთვლი, რომ მისი შეფასებები კომენტარის გაკეთებად არ ღირს. თუმცა კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ მისი მხრიდან ანგარიშსწორებაზე საუბარი სასაცილოა. მე საქმეზე და სასარგებლო შედეგის მიღებაზე ვარ ორიენტირებული და ნამდვილად არ მაქვს არც დრო და არც სურვილი, ასეთი არასერიოზული საკითხებით დავკავდე.
(R)