საქართველოს უსაფრთხოების სამსახურს ოზურგეთში ოთხი პირის დაკავების შესახებ ოფიციალური განცხადება ამ დრომდე არ გაუვრცელებია.
ცნობილი მხოლოდ ის არის, რომ დაბა ნასაკირალში ჯამბულ აბდულაევი სპეცოპერაციის დროს იქნა აყვანილი. ჩვენთვის ცნობილი ხდება ისიც, რომ აბდულაევი დაკავებისთანავე თბილისში გადაიყვანეს.
" მხოლოდ ის ვიცით, რომ ჯამბულ დააკავეს, სხვების დაკავების შესახებ არაფერი არ ვიცით. ჯამბული წესიერი და კეთილსინდისიერი ახალგაზრდაა. ძალიან გაგვიკვირდა, როდესაც გავიგეთ მისი ოჯახიდან იარაღი ამოიღეს. მხოლოდ ხმაურის ხმა გავიგონეთ დილით, მეტი არაფერი ვიცით," – გვითხრეს დაბა ნასაკირალში ჯამბულ აბდულაევის მეზობლებმა.
აბდულაევის მშობლების თქმით, მათ სახლში შეიარაღებული პირები დღეს, გამთენიისას შევარდნენ.
" ძალიან შეგვაშინეს და ჩემი უდანაშაულო შვილი წაიყვანეს. კარგად ვიცი, რომ იარაღი ჩაუდეს. გუშინ, დავასუფთავე კომოდი და როგორ აღმოჩნდა დღეს იარაღი, იქნებ ამიხსნას ვინმემ? არავითარი კავშირი ISIS-ის წარმომადგენლებთან ჩემს ჯამბულს არ ქონია. ყველას ვთხოვ, რომ უდანაშაულო შვილი არ დამიჩაგრონ."-თქვა ჩვენთან საუბრისას ჯამბულ აბდულაევის დედამ, მერი ანთაძემ.
"მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ჩემი შვილი მორწმუნე ადამიანია, კითხულობს ყურანს, ლოცულობს, არ სვამს ღვინოს და არ ეწევა სიგარეტს. ძალიან მუშა ბიჭია და ახლა უნდათ, რომ მისგან ტერორისტი გახადონ. ერთი შვილი ავარიაში მომიკვდა და ახლა კი ჩემს ჯამბულს მიღუპავენ, სამართალი არ არსებობს ამ ქვეყანაზე? "- ამბობს ჯამბულ აბდულაევის მამა ზეინალ აბდულაევი.