სისხლის სამართლის გარკვეულ დანაშაულებზე მოწმეთა დაკითხვის ის ძველი წესი ნარჩუნდება, რომელიც ჩვენების მისაცემად მოწმის საგამოძიებო ორგანოში დაბარებას ითვალისწინებს.
2017 წლის 31 დეკემბრამდე ასეთი წესით მოწმეებს ისეთ დანაშაულებთან დაკავშირებით დაკითხავენ, რომელიც ეხება: – განზრახ მკვლელობას, განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში, თვითმკვლელობამდე მიყვანას, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, ოჯახში ძალადობას, ძარცვას, ყაჩაღობას, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, შეთქმულებას ან ამბოხს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, ტერორიზმთან დაკავშირებული დანაშაულებს და სხვა.
მთავრობის მიერ პარლამენტში ინიცირებული პროექტის მიხედვით, ყველა ამ დანაშაულთან დაკავშირებით მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის ორი წლით – 2017 წლის 31 დეკემბრამდე გადავადება ხდება.
როგორც ამასთან დაკავშირებით კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, ამ შემთხვევებში აუცილებელია, რომ გამოძიების სტადიაზე შესაბამისი ორგანოები არ იყვნენ შეზღუდული მოწმის მხოლოდ მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვის შესაძლებლობით, რადგან მათი ჩადენისთანავე სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან დანაშაულზე იმწუთიერი რეაგირების და მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებების, მათ შორის, მოწმის დაკითხვის მყისიერად განუხორციელებლობამ, შესაძლოა მტკიცებულებათა განადგურების, შემთხვევის ადგილის დაზიანებისა და მოწმეთა მიმალვის საფრთხე შექმნას და შესაბამისად, რისკის ქვეშ დააყენოს ამ დანაშაულების ეფექტიანი გამოძიება და შეასუსტოს ქვეყანაში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბერკეტები.
პარლამენტს უკვე წარედგინა "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" და სხვა კანონებში შესატანი ცვლილებები, რომელიც გამოძიებისას, მოწმის მაგისტრატ მოსამართლესთან დაკითხვის საკითხებს არეგულირებს.
კანონპროექტის ავტორები არიან იუსტიციის, შინაგან საქმეთა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროები და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.
მოწმის დაკითხის ახალი წესი 2015 წლის 31 დეკემბრიდან შედის ძალაში.