თბილისის საქალაქო სასამართლოში, ნაფიც მსაჯულთა ახალმა შემადგენლობამ დაიწყო ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძის სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა, ლაშა მახარაძის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე.
"სასამართლო პროცესი ღიად და საჯაროდ მიმდინარეობს, თუმცა მოსამართლის განჩინებით შეზღუდულია ფოტო, კინო, ვიდეო გადაღება და აუდიო ჩაწერა.
გიორგი ოქროპირიძეს ბრალად ედება ლაშა მახარაძის განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, კერძოდ – არაერთგზის; მასვე ბრალად ედება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე სხდომის თავმჯდომარემ ნაფიც მსაჯულებს განმარტებები მისცა გამოსაყენებელი კანონის თაობაზე, ხოლო შემდეგ წილისყრით შეირჩა უფროსი ნაფიცი მსაჯული და მსაჯულებმა დადეს ფიცი.
სასამართლომ დღევანდელ სხდომაზე განიხილა დაცვის მხარის შუამდგომლობა სხდომის დახურვის შესახებ, რაც არ დაკმაყოფილდა. ასევე, განხილულ იქნა შუამდგომლობა დაცვის მხარის მიერ წარდგენილი დამატებითი მტკიცებულებების საქმეზე დასაშვებობის თაობაზე. აღნიშნულ შუამდგომლობასთან დაკავშირებით სასამართლოს არ უმსჯელია, ვინაიდან ბრალდების მხარემ პოზიციის წარმოსადგენად ითხოვა გონივრული ვადა", _ აღნიშნულია სასამართლოს განცხადებაში.
სასამართლოს ინფორმაციით, აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის მომდევნო პროცესი, 2015 წლის 4 დეკემბერს 11:00 საათზე გაიმართება.