გასულ ორშაბათს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორაბერეჟოულის მოსახლეობის ნაწილმა გაზიფიკაციის მოთხოვნით აქცია გამართა _ ისინი ხელისუფლებისგან წინასაარჩევნოდ მიცემული დაპირების შესრულებას ითხოვდნენ:
_ 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინ, როცა ქუჩა გადავკეტეთ და სოფლის მთლიანი გაზიფიცირება მოვითხოვეთ, ბევრი დაპირება მოგვცეს. მაშინდელი გუბერნატორიც მოვიდა, დღევანდელი გამგებელიც და "სოკარის" წარმომადგენელიც. გვითხრეს, რომ წელს სოფელში გაზიფიცირების სამუშაოები დასრულდებოდა, თუმცა მოგვატყუეს, _ აღნიშნეს აქციის მონაწილეებმა, რომლებსაც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ირაკლი კუჭავაც შეხვდა.
გორაბერეჟოულელებმა გამგებელს დაპირებების შესრულება მოთხოვეს და აღნიშნეს, რომ თუ სოფელს გაზი არ ექნება, პროტესტის უფრო რთულ ფორმებს მიმართავენ.
ირაკლი კუჭავას თქმით, ხელისუფლება დაპირებებს ასრულებს და სოფლის დაპროექტება დასრულებულია:
_ ჩვენ შესაბამის სტრუქტურებს მივაწოდეთ სოფლების სია. სიის თავშია გორაბერეჟიული, ერკეთი, იანეული _ ის სოფლები, სადაც გაზიფიცირება ნახევრად არის გაკეთებული. ვიცი, რომ საპროექტო სამუშაოები უკვე დასრულებულია. "სოკარი" კერძო კომპანიაა და ჩვენ მის მაგივრად დაპირებებს ვერ გავცემთ, _ გვითხრა კუჭავამ.
თუმცა, მოსახლეობა ამტკიცებს, რომ მთელი წლის განმავლობაში, გორაბერეჟოულში ამ მიმართულებით სამუშაოები არ შესრულებულა:
_ სოფლის ნაწილს აქვს გაზი, ნაწილს _ არა. გურიის ყოფილმა გუბერნატორმა ალეკო ცინცაძემ მხოლოდ მის უბანში შეაყვანინა გაზი და ნახევარი სოფელი დატოვა. ყოველი არჩევნების წინ გვპირდებიან და გვატყუებენ. ასე იყო გასულ წელსაც. არჩევნების ჩაშლას ვაპირებდით და ამიტომ მოიყვანეს "სოკარის" წარმომადგენელი ტყუილი დაპირებებით, _ გვითხრეს აქციაზე მყოფმა მოქალაქეებმა.
აღსანიშნავია, რომ გორაბერეჟოულის მოსახლეობას კომპანია "სოკარის" გენერალური დირექტორის მოადგილე ანტონ სამსონაძე მათი მოთხოვნის დაკმაყოფილებას ნამდვილად 2015 წლისთვის დაპირდა:
_ მე არ ვარ პოლიტიკოსი და არ ვაპირებ ტყუილი დაპირებები მოგცეთ. 2014 წელს გავაკეთებთ პროექტს. 2015 წელს დაიწყება სამუშაოები და გპირდებით, რომ 2016 წელს მთელს სოფელს ექნება გაზი, _ ჰპირდებოდა სამსონაძე აქციის მონაწილეებს.
თუ გურიის გუბერნიის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ცნობას დავეყრდნობით, შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ" წელს გორაბერეჟოულის გაზიფიცირების პროექტი გააკეთა, ხოლო სამუშაოები მომავალ წელს დაიწყება:
"შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია" გაზიფიცირების სამუშაოებს გურიის რეგიონის შემდეგ სოფლებში განახორციელებს _ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი: გორაბერეჟოული, შუა ფარცხმა, იანეული, ჯვარცხმა, ბუკისციხე, დაბლაციხე, ზემო ფარცხმა, ზემო ერკეთი, ახალშენი, გოგოლესუბანი, შუა ამაღლება, ამაღლება, სამება; ოზურგეთის მუნიციპალიტეტი _ დაბა ურეკი, დაბა ნასაკირალი, ნატანები, დვაბზუ-გაღმა დვაბზუ, ბახვი-ზედა ბახვი, გურიანთა-ციხისფერდი; ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი _ მაჩხვარეთი, შუხუთი, წყალწმინდა, აკეთი, მამათი, აცანა.
გაზის ტრანსპორტირების კომპანია ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სოფლების გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო სამუშაოებს 2015 წლის ბოლომდე დაასრულებს. ამ დროისთვის დაწყებულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის და სოფლების: შეკვეთილის, წვერმაღალას, ქვემო ნატანების, ზემო ნატანებისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გრიგოლეთის გაზიფიცირებისთვის საჭირო სამუშაოები.
გურიაში გაზიფიცირება წლების განმავლობაში მოუგვარებელი პრობლემა იყო. გაზიფიცირების სამუშაოები ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების კოორდინირებული თანამშრომლობის შედეგად დაიწყება. გაზიფიცირების სამუშაოების დასრულების შემდეგ, ბუნებრივი აირის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის სოფლებს მიეცემათ", _ აღნიშნულია გურიის გუბერნიის მიერ 2015 წლის ივლისში გავრცელებულ განცხადებაში.
გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე ამბობს, რომ აღნიშნული ინფორმაცია "გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ" მიაწოდა:
_ ამას კიდევ დაემატა სხვა ობიექტები. ინფორმაციის გავრცელების საფუძველი კი "გაზის ტრანსპორტირების კომპანიიდან" მოწოდებული ინფორმაციაა, _ ამბობს გურიის პირველი პირი.
გურიის გუბერნატორის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას უარყოფენ "გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში":
_ ეს არ არის ჩვენი თემა. ენერგეტიკის სამინისტროს ან "სოკარს" მიმართეთ, _ გვითხრა "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის" საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ მარიამ ადამაშვილმა.
მისივე თქმით, მათ მაგისტრალები და მაღალი ძაბვის სისტემები ეხებათ:
_ ჩვენ დიდი პროექტები გვეხება. გაზიფიცირებას, გამრიცხველიანებას აკეთებს "სოკარი", _ ამბობს ადამაშვილი.
_ გუბერნიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში რამდენიმე სოფელია ჩამოთვლილი, სადაც თითქოს თქვენ გააკეთეთ პროექტები…
_ ვერაფერს გეტყვით ამაზე. ჩვენ დიდ პროექტებს ვახორციელებთ, _ დაგვიზუსტა ადამაშვილმა.
მიუხედავად იმისა, რომ გურიის გუბერნიამ კონკრეტული სოფლების გაზიფიცირების პროექტის არსებობის შესახებ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ჯერ კიდევ ივლისში ამცნო საზოგადოებას, ირკვევა, რომ მათ არ აქვთ ინფორმაცია იმისა შესახებ, რომელი სოფლების გაზიფიცირება დაიწყება მომავალ წელს.
_ ვამზადებთ წერილს, რათა ვიცოდეთ კონკრეტული ვადები და იმ სოფლების ჩამონათვალი, სადაც მომავალ წელს გაზიფიცირება გახორციელდება, _ ამბობს ჩვენთან საუბრისას გურიის გუბერნატორი.
კომპანია "სოკარის" გენერალური დირექტორის მოადგილე ანტონ სამსონაძე "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობს, რომ გორაბერეჟოულში გაზიფიცირების სამუშაოები 2016 წელს დაიწყება და პროექტი მათი დაკვეთით გაკეთდა. ჩვენს კითხვაზე, რატომ არ შეასრულა დაპირება, სამსონაძე გვპასუხობს, რომ ეს მთავრობასთნ შეთანხმებით მოხდა:
_ გორაბერეჟოული ნამდვილად იყო ამ წლის გეგმაში, როგორც მრავალი სხვა სოფელი, მაგრამ მთავრობასთან შეთანხმებით, წლევანდელი სამშენებლო პროგრამა 2016 წელში გადავიტანეთ. ამის მიზეზი ის გახდა, რომ ძალიან ბევრი მისაერთებელი აბონენტი გვყავდა საქართველოში. ფართოდ ვაშენებდით ქსელებს, მაგრამ ვერ ვასწრებდით აბონენტების დაერთებას. ბევრი სოფელი იყო, სადაც გაზსადენი გადიოდა და არ იყო აბონენტი. წელს, 60 000-ზე მეტი აბონენტი დაერთდა აშენებულ ქსელებზე, რამაც 15 პროცენტით გაზარდა მათი რაოდენობა. პირველი მილი, რომელიც 2016 წელს ჩაიდება ჩოხატაურში, სოფელ გორაბერეჟოულში იქნება. ჩვენ ვიწყებთ მშენებლობას, პროგრამა გვაქვს დასამთავრებელი, ინვესტიციებია ჩასადები, რომელსაც ვერანაირად ვერ გავექცევით და ამისთვის გვაქვს 2016-2017 წლები. თუმცა, ამის პარალელურად, ჩოხატაურში გორაბერეჟოული იქნება პირველივე ობიექტი, სადაც გაზიფიცირება დაიწყება.
_ კონკრეტული თარიღი შეგიძლიათ გვითხრათ?
_ ზამთარში ვერ დავიწყებთ მუშაობას. ალბათ, უფრო აპრილი-მაისი.
_ ბატონო ანტონ, როგორც გორაბერეჟოულში გვითხრეს, ერთ-ერთ ადამიანს საკუთარი სახსრებით სურდა გაზის შეყვანა იმ მილიდან, რომელიც მისი სახლის მოპირდაპირე მხარესაა, თუმცა, უარი უთხრეს იმ მიზეზით, რომ სოფელი გაზიფიკაციის პროექტშია და არ შეიძლება… ეს რაიმე ახალი წესია?
_ ახლა რომ თავისით შეიყვანოს, ძალიან ძვირი დაუჯდება. კაცი რომ 1 000-1 500 ლარს გადაიხდის და მერე მისი მეზობელი ამას 400 ლარად შეძლებს, ეს კონფლიქტის მიზეზი გახდება. თუმცა, აქაც დეტალებია: ზუსტად არ ვიცით, რაზე უთხრეს უარი. შეიძლება 400-ლარიან დაერთებაზე უთხრეს უარი და ამას აქვს ობიექტური მიზეზი. გორაბერეჟოული არ შედის სემეკის მიერ გამოქვეყნებულ გაზიფიცირებულ სოფელთა ნუსხაში. იმ დასახლებაში, სადაც გაზიფიცირება დასრულებულია, აბონენტის 400 ლარად დაერთების ვალდებულება გვაქვს, რაც არ უნდა დაგვიჯდეს. თუმცა, გორაბერეჟოულის მსგავს დასახლებაში უნდა დავუთვალოთ ცვეთა. შესაბამისად, უნდა გადაგვიხადოს, რასაც დავთვლით და შეიძლება ეს 2 000 ლარიც კი იყოს. გორაბერეჟოულიდან მოსულ ადამიანს ახლა ვერ ჩავრთავთ 400 ლარად, კანონს ვერ დავარღვევთ. მომავალ წელს, როგორც კი მთელი სოფლის გაზიფიცირება მოხდება, ყველას შეეძლება გაზის შეყვანა 400 ლარად.
_ ბატონო ანტონ, ჩვენს ინტერვიუში ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა, რომ 2017 წელს მთელი საქართველოს გაზიფიცირება დასრულდება. რამდენად სწორი ინფორმაცია მოგვაწოდა კახი კალაძემ?
_ ეს სწორია, მაგრამ აქ რამდენიმე ნიუანსი უნდა გაიგოთ სწორად. ყველა ქვეყანაში სრულ გაზიფიკაციად ითვლება ის, რასაც ეკონომიური თვალსაზრისით აზრი აქვს. თუ არ ვცდები, საქართველოში ეს 75%-ს ნიშნავს _ რომ არ მოგატყუოთ, ზუსტად არ მახსოვს, მოსახლეობის თუ ტეროტორიის, რადგან ზემო სვანეთში და ისეთ ადგილებში, სადაც მილით ვერ მიხვალ, გაზის შეყვანა ვერ მოხდება. მაგარმ ეს არ ნიშნავს რომ გაზიფიცირებული არ იქნება, რადგან არავინ არ განიხილავს მაგ რეგიონის გაზიფიკაციას. რაც შეეხება მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც დაბალ ადგილებში და მჭიდროდ დასახლებულ პუნქტებში ცხოვრობს, პრობლემა არ ექნება.
_ გამოდის, რომ მაღალმთიან სოფლებში გაზის შეყვანის საკითხი არც კი განიხილება…
_ ეს მთელ მსოფლიოში სხვანაირად ხდება. მაღალმთიან სოფელში შეიძლება ჩაიმარხოს კონტეინერის ტიპის საწვავის ავზი, შემოდგომაზე ავიდეს ცისტერნა, დატუმბოს ისე, რომ მთელი ზამთარი ეყოს იმ სოფელს. თუმცა, ეს ჩვენს გაზიფიკაციაში არ შედის. შეიძლება, მსგავსი პროექტი სამომავლოდ განვიხილოთ.
_ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ორი მაღალმთიანი სოფელია _ ზოტი, სურები… ამ სოფლების გაზიფიცირება შედის თქვენს გეგმებში?
_ მე ახლა ვიცი, რომ აუცილებლად იქნება გორაბერეჟოული და დასრულდება ხიდისთავი. ეს რაც დანამდვილებით შემიძლია გითხრათ. დანარჩენი სოფლები წლის დასაწყისში შეთანხმდება სამინისტროსთან. 2016 წელში გადავა ის, რაც 2015-ში უნდა გაკეთებულიყო. ჩოხატაურში რაც გაკეთდება, მარტში ან აპრილში გახდება ცნობილი სამინისტროსთან შეთანხმებული სიით. ამ წუთში სურებზე კი არ არის საუბარი, მთლიანად ჩოხატაურზე ვსაუბრობთ, რადგან ახლა, გარდა გორაბერეჟოულისა და ხიდისთავისა, სხვა სოფლები გეგმაში არ გვაქვს.
_ გურიის გუბერნატორი ამბობს, რომ მომავალ წელს, გორაბერეჟოულთან ერთდ აუცილებლად მოხდება სოფელ ერკეთის გაზიფიცირებაც…
_ ახლა იმაზე გესაუბრებით, რაც მახსოვს. თუმცა, ერკეთისკენ ჩვენ მივდიოდით და როგორც მახსოვს, ორი ერკეთია. ერთ-ერთში შევედით. ალბათ, მეორეშიც ავალთ.
_ ბატონო ანტონ, მონასტრებს მართლა უფასოდ აძლევთ გაზს?
_ კი. ჩვენ გვაქვს საპატრიარქოსთან გენერალური ხელშეკრულება და არა მხოლოდ მონასტრებს, არამედ ნებისმიერი ოფიციალური კონფესიის ობიექტებს ვაწოდებთ უფასო გაზს. ამაში შედის ეკლესიები, სინაგოგა, მეჩეთი და ა. შ. თუმცა, ეს ხდება არა პირდაპირ, არამედ საპატრიარქოს გავლით. ისინი ადგენენ ამ ობიექტების ნუსხას, ჩვენ ვაწოდებთ გაზს და "სოკარის" სათაო ოფისი გვიხდის ამის საფასურს. ეს მიღებული პრაქტიკაა აზერბაიჯანში და ასე გადაწყვიტეს საქართველოშიც.