ფასადური ცვლილება თუ მართლმსაჯულებისთვის აღსრულებისთვის წინგადადგმული ნაბიჯი – 2015 წლის 31 დეკემბრიდან მოწმის დაკითხვის ახალი წესი ამოქმედდება. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდესში შესატანი ცვლილების პროექტის მიხედვით, რომელიც პარლამენტმა დღეს პირველი მოსმენით მიიღო, მოწმის დაკითხვა ნებაყოფლობითი ხდება. ცვლილებათა პაკეტში აღნიშნულია, რომ მიცემული ჩვენება უნდა იყოს ზუსტი და გამოძიება შეცდომაში არ უნდა შეიყვანოს. იმ შემთხვევაში თუ მოწმე ჩვენების მიცემაზე უარს იტყვის, გამოძიებას შესაძლებლობა ექნება შუამდგომლობით მაგისტრატ მოსამართლეს მიმართოს და სავალდებულო დაკითხვა მოითხოვოს. ამის შემდეგ, მოწმეს მოსამართლე დაკითხავს. დაცვის მხარეს უფლება არ ექნება დაკითხვის პროცესს დაესწროს; თუმცა, კანონპროექტში აღნიშნულია, რომ დაცვისთვის ოქმის მოპოვება შეზღუდული არ იქნება. ახალი ცვლილებებით, კატეგორიულად იქნება აკრძალული მოწმის ღამით დაკითხვა.
"წინგადადგმული ნაბიჯი"
კანონპროექტის ავტორი იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ მოწმის დაკითხვის ახალი წესი წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა უფლებადამცველების ნაწილი მიიჩნევს, რომ ცვლილება ფასადურია და კიდევ უფრო აუარესებს არსებულ ვითარებას.
"ამ მოდელის დადებით მხარედ ის შეიძლება ჩაითვალოს, რომ სამართალდამცველებს არ შეუსუსტდებათ დანაშაულთან ბრძოლის შესაძლებლობები, რაც უსაფრთხოების დღევანდელი გამოწვევების ფონზე კიდევ მეტად აქტუალურია; მაგრამ ამავე დროს, მათ დაუდგინდებათ ადამიანის უფლებების დაცვის უფრო მაღალი სტანდარტი, რაც მოწმის პარტნიორად და მის დანაშაულის გახსნის მონაწილედ ქცევას გულისხმობს. ეს მოდელი, ასევე, მაქსიმალურად იცავს მხარეთა თანასწორობის პრინციპს. თუმცა, კონსულტაციების ყველა მონაწილე ბოლომდე კმაყოფილი არ არის", _ აცხადებს ისტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.
მისივე მტკიცებით, საკანონმდებლო ცვლილების ამოქმედების შემდეგ, მოწმის ურთიერთობა გამოძიების ორგანოებთან ნებაყოფლობითი გახდება. მას ვერავინ აიძულებს გამომძიებელს ან დაცვის მხარეს თავისი ნების საწინააღმდეგოდ მისცეს ინფორმაცია.
"ამიერიდან მოწმე ჩვენების მისაცემად აღარასდროს იქნება საგამოძიებო ორგანოში დაბარებული და აღარ იქნება ვალდებული ჩვენება საგამოძიებო ორგანოს მისცეს. გარკვეული პირობების შემთხვევაში იგი შეიძლება სასამართლოში – მაგისტრატ მოსამართლესთან დაიკითხოს. იმის განურჩევლად, თუ რას იტყვიან ოპოზიციის წარმომადგენლები, პირობა იმისა, რომ მოწმე შეიძლება მხოლოდ სასამართლოში დაიკითხოს, არის შესრულებული", _ განაცხადა დღეს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ბარამიძემ, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა პირველი მოსმენით, 73 ხმით მიიღო კანონპროექტი.
თუმცა, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ დანაშაულთა ნაწილის შემთხვევაში აღნიშნული წესი არა 2015 წლის 31 დეკემბერს, არამედ, ორი წლის შემდეგ, 2017 წლის 31 დეკემბრიდან ამოქმედდება. კონკრეტულად კი, განზრახ მკვლელობა, განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ძარცვა, ყაჩაღობა, ტერორიზმი, სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული მოწმეთა დაკითხვის ახალ წესს 2017 წლის ბოლოდან დაექვემდებარება.
იუსტიციის მინისტრის განმარტებით, ამ ორი წლის განმავლობაში სამართალდამცავ ორგანოებს და სასამართლოსაც უფრო სერიოზული მომზადება მოუწევთ.
რეფორმა, რომელიც არაფერს ცვლის?
იუსტიციის მინისტრისგან განსხვავებულად ფიქრობს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი. მას მიაჩნია, რომ ახალი ცვლილებებით ხელისუფლება მოწმეების და ადვოკატების უფლებების შეზღუდვას ცდილობს. ხატიაშვილი აცხადებს, რომ დაგეგმილი ცვლილებებით ადვოკატს მოწმის დაკითხვის შუამდგომლობის დაყენების უფლება ერთმევა.
უფლებადამცველის აზრით, ცვლილებების ამოქმედება სასმართლო სისტემის კოლაფსსაც გამოიწვევს.
"მოწმის წინასწარ გამოძიებაში დაკითხვის შუამდგომლობის დაყენების უფლება ენიჭება მხოლოდ პროკურორს, როგორც ფეოდალური აზროვნების ხელისუფლების შემქმნელმა, რა თქმა უნდა, ადვოკატს სასამართლოში შუამდგომლობის დაყენების უფლებასაც ართმევთ. ცვლილება მიმართულია ორი მიზნისკენ: 1. მოდის არჩევნები და ხელისუფლებას არ აწყობს კიდევ ერთხელ გადაიდოს მოწმის მხოლოდ სასამართლოზე დაკითხვის წესის ამოქმედება, ვინაიდან დაიპირისპირებს არასამთავრებო სექტორის პროგრესულ ნაწილს. 2. ხელისუფლებას სურს, ჩიხში შეიყვანოს პროცესი და საერთოდ უარი თქვას მოწმის მხოლოდ სასამართლოზე დაკითხვის წესის ამოქმედებაზე", _ ამბობს ხატიაშვილი.
ხატიაშვილმა რამდენიმე დღის წინ, პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს და საკანონმდებლო ორგანოს წევრებს ღია წერილით მიმართა და სთხოვა, ცვლილებისთვის მხარი არ დაეჭირათ. წერილში აღნიშნულია, რომ კანონში ცვლილება "ამ ქვეყანაში აკანონებს წამებას, არაადამიანურ, არაჰუმანურ მოპყრობას".
"პარლამენტის ის წევრები, ვინც მხარს დაუჭერთ მთავრობის მიერ შემოტანილ უმსგავსობას, გაინაწილებთ პასუხისმგებლობას იმ ადამიანების წამების გამო, ვისაც სამართალდამცავები აწამებენ მოწმედ დაბარების შემთხვევაში. იმ ქვეყანაში, სადაც ადვოკატი გიორგი მდინარაძე ხელბორკილებდადებული აწამეს მხოლოდ იმიტომ, რომ მან გაბედა და 14 წლის არასრულწლოვანს განუმარტა მისი უფლებები; თქვენ დაფიქრებულხართ რამხელა ბერკეტს აძლევთ სამართალდამცავებს? გარდა ამისა, მოწმეთა დაკითხვის წესის ამოქმედების გადავადება ორი წლის წინ იმიტომ მოხდა, რომ სამართალდამცავები უნდა გადაგემზადებიათ, თუმცა, ვიცით, რომ არანაირი გადამზადება არ მომხდარა, ამიტომ ადვოკატთა ასოციაციისთვის, ხელისუფლების მხრიდან შემოთავაზებული ფასადური ცვლილებები არ იყო სიახლე, რასაც მხარს ვერ დაუჭერს ადვოკატთა ასოციაცია", _ ამბობს ხატიაშვილი.
მისივე თქმით, ხელისუფლება არის მიდრეკილი დაამყაროს ქვეყანაში "რეჟიმი", ამიტომ გაუაზრებელ ნაბიჯებს დგამს.
"იუსტიციის სამინისტროს მიერ შემოთავაზებული ცვლილებებიდან გამომდინარე, ქვეყანას მოუწევს ათობით მოსამართლის დამატება, სასამართლო დარბაზების მშენებლობა და ა.შ. ხოლო, თუ ამოქმედდება მოქმედი რედაქცია, არ იქნება საჭირო მაგისტრ – მოსამართლეთა დამატება და გაუაზრებელი ფინანსური ხარჯები, რომელიც ვერაფერს ვერ შეცვლის და მოწმეები კვლავ დარჩებიან დაუცველები…", _ აღნიშნავს ხატიაშვილი.
ადვოკატთა ასოციაცია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 113 მუხლთან დაკავშირებულ ცვლილებას "კატასტროფულად" აფასებს და არსებული ნორმის უცვლელად დატოვებას მოითხოვს.
"კერძოდ, წარმოდგენილი ცვლილებები მხარეს ავალდებულებს გააფრთხილოს გამოსაკითხი პირი მოსალოდნელი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ, ცრუ ინფორმაციის მიცემისათვის, ცრუ დასმენისთვის, მოწმის ან დაზარალებულის მიერ არსებითად ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების მიცემისათვის. აღნიშნული ნოვაცია გამოიწვევს სამართალდამცავი ორგანოების ძალადობას და წამების ახალ ტალღას გამოსაკითხ პირებზე… სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 113-ე მუხლის თანახმად, პირის გამოკითხვა არის ნებაყოფლობითი ღონისძიება, პირის გამოკითხვა არ არის მტკიცებულება, საპროცესო კანონმდებლობიდან გამომდინარე არ არის ჩვენება", _ აღნიშნავს ხატიაშვილი.
გარდა ამისა, ხატიაშვილი აცხადებს, რომ აღნიშნული ცვლილებები სამართალდამცავს აძლევს უფლებას "მოწმე საბჭოური მეთოდებით დაკითხოს".
"საშინელებაა ის ფაქტი, რომ თუ წინასწარ გამოძიებაში, პირის გამოკითხვის დროს სამართალდამცავი გამოსაკითხ პირს აფრთხილებს ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების მიცემის შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ, მოწმე ცოცხალი თავით არ ცვლის იძულების გზით მიცემულ ჩვენებას, რაც აზრს უკარგავს სასამართლოში მხარის მონაწილეობით მოწმის ჯვარედინ დაკითხვას. სამართალდამცავების მიერ გამოკითხვის დროს, კარგად დამუშავებული მოწმის დაკითხვას, სასამართლოში ესწრება მისი სავარაუდო მწამებელი. ვინაიდან ხელისუფლებამ არ გადაამზადა სამართალდამცავები და არ ასწავლა მათ ეფექტური გამოძიების სტანდარტები, პოლიცია მოწმეს მოეპყრობა ძველი, საბჭოური მეთოდებით.
შეჯიბრებით პროცესში სასამართლო გადაწყვეტილებამდე არ არსებობს ცრუ ჩვენების "ინსტიტუტი" ასევე, არ არსებობს ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენება. საქართველოში დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად კი, მოწმეს პირდაპირ იჭერენ სასამართლო დარბაზიდან ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების მიცემის გამო, რაც სიმახინჯეა. პარლამენტმა სასწრაფოდ უნდა გააუქმოს სააკაშვილის რეჟიმის მიერ შემოღებული ნორმა, მოწმის ან დაზარალებულის მიერ არსებითად ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების გამო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრება", _ აღნიშნავს ხატიაშვილი.
გარდა ამისა, უფლებადამცველი გაუმართლებლად მიიჩნევს იმასაც, რომ კანონპროექტის თანახმად, თუ მოწმე არ ცხადდება სასამართლოში, გამოკითხვის გზით, მის მიერ მიცემული ინფორმაციის ან მისი ჩვენების აუდიო ან ვიდეო ჩანაწერის მოსმენა ხდება შესაძლებელი სასამართლოში გამოქვეყნების გზით, რაც მისი აზრით, "არის ძველი მოქმედი სისტემის დატოვება და სამართლადამცველთა წახალისება ნებისმიერი გზით გამოსაკითხ პირს დააწერინონ ის, რაც სჭირდება გამოძიებას", _ აცხადებს ხატიაშვილი.
ხატიაშვილის მოსაზრება ემთხვევა "თავისუფალი დემოკრატების" აზრს, რომ კანონპროექტი ხარვეზიანია და რეალურად არაფერს ცვლის.
როგორც "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ჩიქოვანი აღნიშნავს, "ეს არის კიდევ ერთი მცდელობა, რაღაც ცვლილებები შესთავაზონ საზოგადოებას, გააფორმონ ისე, როგორც რეფორმა, მაგრამ რეალობაში არც არაფერი შეიცვალოს".
"ახალი რეგულაციები, რომელიც მოწმეთა დაკითხვასთან მიმართებაში შემოდის, ხარვეზიანია, რაც პირველ რიგში მდგომარეობს იმაში, რომ მხარეებს არ ეძლევათ შესაძლებლობა თანაბარი უფლებები გააჩნდეთ გამოძიების წინასწარ ეტაპზე. მოტყუებაა ისიც, რომ კანონპროექტით გაწერილი კონკრეტული მუხლების ძალაში შესვლა 2017 წლიდან იგეგმება. არსებობს მუხლები, რომელთა ამოქმედებაც მხოლოდ და მხოლოდ რამდენიმე წელიწადში იგეგმება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის მოტყუება და ამას მხარს ვერ დავუჭერთ", _აღნიშნავს ჩიქოვანი.
განსხვავებული აზრი
თუმცა, ადვოკატების ნაწილი ფიქრობს, რომ მოწმის დაკითხვის ახალი წესი ხარისხიანი მართლმსაჯულებისთვის მნიშვნელოვანი ცვლილებაა.
ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე "გურია ნიუსთან" საუბრისას აცხადებს, რომ კანონში განხორციელებული ცვლილებები დადებითად იმოქმედებს როგორც გამოძიების პროცესზე, ასევე, მართლმსაჯულების ხარისხის ამაღლებაზე.
"ძალიან ხშირია შემთხვევა, როდესაც მოწმეზე ზეწოლისა და დაშინების შედეგად ხდება ჩვენების მიცემა; ასევე, როდესაც მოწმეს არ განუმარტავენ თავის უფლებებს და ხშირად შიშის საფუძველზე იძულებული ხდება ხელი მოაწეროს გამომძიებლის მიერ წინასწარ დაწერილ ჩვენებას. დაშინებული მოწმე კი, იმის შიშით, რომ პასუხისგებაში არ მიეცეს, იძულებული ხდება სასამართლოშიც გაიმეოროს ის ჩვენება, რომელზეც მას ძალადობის, მოტყუების ან შანტაჟის შედეგად მოაწერინეს ხელი. ამას კი, შეიძლება მოყვეს უდანაშაულო ადამიანის პასუხისგებაში მიცემა. მიმაჩნია, რომ მოწმე უნდა დაისაჯოს ცრუ ჩვენების მიცემისთვის და არა ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების მიცემისთვის. აღნიშნული მუხლის თანახმად, პასუხისგებაში მიეცემა პირი, რომელიც მართლმსაჯულებისთვის ხელის შესაშლელად მისცემს ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებას. მართლმსაჯულების განმახორციელებელი ორგანო არის სასამართლო, რომელიც განაჩენს აფუძნებს მოწმის მიერ სასამართლოში მიცემულ ჩვენებას და არა გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებას. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ ის პრაქტიკაც, რომელიც დღესაა დამკვიდრებული და რომლის მიხედვითაც პირს პასუხისგებაში აძლევენ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენების შეცვლის გამო, არის არასწორი, რადგან გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება ისედაც არ ეფუძნება განაჩენს. შესაბამისად, მართლმსაჯულების შეცდომაში შეყვანა არ გვაქვს სახეზე", _ აღნიშნავს კაკაბაძე და დასძენს, რომ აღნიშნული ცვლილება გამოძიების პროცესს არ გაართულებს.
"გამომძიებელს, პროკურორს ექნება უფლება მიმართოს მაგისტრატ მოსამართლეს და მოითხოვოს მოსამართლის წინაშე მოწმის დაკითხვა, რომელიც თავისი ნებით ჩვენების მიცემაზე უარს ამბობს. ამის შემდეგ, მოწმე დაიკითხება სასამართლოში, ეს კი, გამორიცხავს მის მიმართ ზეწოლასა და დაშინებას, რაც, სამწუხაროდ, ძალიან გახშირებულია დღესდღეობით. ყოფილა შემთხვევა, მოწმე, რომელიც იმის შიშით რომ პასუხისგებაში არ მიეცათ, ცრუ ჩვენების მიცემას აპირებდა და სასამართლოში კრიტიკული დაკითხვის დროს რომ ტყუილებში გამომიჭერია, პროკურატურას დაუკავებია", _ აღნიშნა "გურია ნიუსთან" საუბრისას კაკაბაძემ.
კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება აქვს მოსამართლეთა კორპუსსაც. როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე აცხადებს, თუ კანონი მიღებული იქნება პარლამენტის მიერ, სასამართლოს მატერიალურ ტექნიკური უზრუნველყოფა დასჭირდება.
"მოწმეთა დაკითხვის წესზე სასამართლომ თავისი პოზიციები მატერიალურ ტექნიკურ ბაზასთან დაკავშირებული პრობლემები და მოსამართლეთა რიცხვის სიმცირის შესახებ დასაბუთებული მოთხოვნები უკვე გააგზავნა როგორც იუსტიციის სამინისტროში, ასევე პარლამენტში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ თუ კანონი მიღებული იქნება პარლამენტის მიერ, სასამართლოს დასჭირდება მატერიალურ ტექნიკური უზრუნველყოფა იმისათვის, რომ 2016 წლის პირველი იანვრიდან ამ დებულების ამოქმედება მოხდეს", _ განაცხადა ნინო გვენეტაძემ და დასძინა, რომ სასამართლომ მოწმეთა დაკითხვის ახალ წესთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციები იუსტიციის სამინისტროსა და პარლამენტს უკვე გადაუგზავნა.