ელიკო ქარჩავა უფასო სასადილოს გახსნის დღიდან სტუმრობს. სოციალურად დაუცველი ქალბატონი მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრობს: _ დაჟანგული ჭიშკრის მეტი არაფერი მაქვს. სახლში სამნი ვართ _ შვილთან და რძალთან ერთად ვცხოვრობ, სახლში არავინ ვმუშაობთ. ამ თვის ბოლოს შვილიშვილს ველოდებით. უფასო სასადილოში მხოლოდ მე მიწევს კვება, სოციალური დახმარება მომიხსნეს და ახლა მითხრეს, თავიდან უნდა გადამოწმდესო. იმედია, შვილიშვილი რომ მეყოლება, ხელისუფლება რაიმე დახმარებას მოგვცემს. ეს საკვები ვის ყოფნის, მაგრამ ეს რომ არ იყოს, რა იქნებოდა, არ ვიცი, _ გვითხრა ელიკო ქარჩავამ.
მ. თ. უფასო სასადილოში ოთხი წელია დადის: _ უფასო სასადილო ადრე გაიხსნა, მაგრამ მე ბოლო ოთხი წელია, რაც დავდივარ. პენსიონერი ვარ, დილით სახლში მივირთმევ, რაც მაქვს და შუადღისას აქ მოვდივარ. პენსიონერი ვარ და მარტო ვცხოვრობ. პენსია არ მყოფნის, მაგრამ ეზოში მაქვს წაბლის ხე, თხილი, ხეხილი და ვყიდი, _ გვითხრა მ.თ.-მ.
ალბერტ ფარსადაშვილი ოზურგეთელი მსახიობია, ახლა ის უმუშევარია, სასადილოში ბევრი მეგობარი ჰყავს და ყოველდღე დადის გამოსაკვებად: _ უმუშევარი მსახიობი ვარ. სახლში მარტო ვცხოვრობ. არ ვიცი, თქვენ მიცნობთ თუ არა, მაგრამ წლების განმავლობაში კულტურის და თეატრის სფეროში ვმუშაობდი. ვიყავი პარკისა და კულტურის სახლის დირექტორი, შემდეგ მუშაობა დავიწყე თეატრში. ბოლო პერიოდში თოჯინების თეატრის თანამშრომელი ვიყავი, თუმცა, ბოლო ორი წელია, არ ვმუშაობ. მოვდივარ ყოველდღე უფასო სასადილოში და ვიკვებები შეძლებისდაგვარად. ხან ახლო ნათესავები მოდიან ჩემთან და მოაქვთ პროდუქტი, _ ამბობს ბატონი ალბერტი.
უფასო სასადილოს მენეჯერი ოლეგ შარაშენიძე ამბობს, რომ 2016 წელს ბენეფიციართან რიცხვი იზრდება:
_ ახალი წლიდან 155 ბენეფიციარი გვეყოლება და ამისთვის ვემზადებით. მანამდე კი ტენდერი გამოცხადდება და ვნახოთ, რა იქნება.
_ რატომ გაიზარდა ბენეფიციართა რიცხვი? ხომ არ ფიქრობთ, რომ სოციალური ფონი გაუარესდა?
_ ამ კითხვაზე მე ვერ გიპასუხებთ. ჩემი მთავარი ამოცანა და ვალდებულებაა, რომ ბენეფიციარებს, რაც შეიძლება მეტი ყურადღება მივაქციო და შუადღეზე ცხელი კერძები დავახვედრო. ეს ნამდვილად არ არის ადვილი საქმე და აქედან გამომდინარე, მხოლოდ ჩემს ვალდებულებებზე ვფიქრობ. ისე, ჩემის აზრით, ბენეფიციარების მომატება არ ნიშნავს იმას, რომ საგანგაშო მდგომარეობაა ქალაქში სოციალური კუთხით _ უბრალოდ, თანხა გაიზარდა ბიუჯეტში, _ გვითხრა შარაშენიძემ.
მისივე თქმით, ტენდერი, სამი თვით, სხვა კომპანიამ მოიგო და სასადილოდან სამი მუშახელი დაითხოვეს. ჩვენ დავინტერესდით, მოემატებათ თუ არა ხელფასი მომავალი წლიდან დარჩენილ თანამშრომლებს:
_ ამ ეტაპზე არაფერი არ ვიცი. როგორც გითხარით, ახალი ტენდერისთვის ვემზადებით და შეიძლება სხვა მოიგოს. აქედან გამომდინარე, წინასწარ ვერაფერს გეტყვით. თუ მე გავიმარჯვებ, შეიძლება ისევ დავამატო თანამშრომლები, რადგან ყოველდღე უწევთ მუშაობა _ ახალი წელი მათთვის არ არის და დასვენების დღეები, _ ამბობს შარაშენიძე.
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი და "ლეიბორისტული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი ნათია შარაშენიძე ამბობს, რომ 2012 წლის შემდეგ ქვეყანაში სოციალური ფონი გაუარესდა:
_ მე ვიყავი უფასო სასადილოში. გავესაუბრე ბენეფიციარებს, სასადილოს თანამშრომლებს და ყველას, იქ ვინც იყო. ბენეფიციარები უმუშევრები არიან და მხოლოდ ერთჯერადი კვების იმედი აქვთ. 2016 წელს მზრუნველობამოკლებულთა რიცხვი იზრდება და აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვისაუბროთ, როგორი სოციალური ფონია. ხელისუფლების წარმომადგენლები თავის დაპირებას რომ ასრულებდნენ, მაშინ ასეთი უმძიმესი მდგომარეობა არ იქნებოდა, _ გვითხრა ნათია შარაშენიძემ.
ქალაქ ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე ამბობს, რომ ბენეფიციარების რიცხვის გაზრდა არ ნიშნავს იმას, რომ ქალაქში სოციალური ფონი დამძიმდა:
"ქალაქ ოზურგეთში სოციალური ფონი ნამდვილად არ გაუარესებულა. ფაქტი, რომ მზრუნველობამოკლებულთა სასადილოში ბენეფიციართა რაოდენობა გაიზარდა, ეს მხოლოდ მერიის მხრიდან დაფინანსების გაზრდას ნიშნავს _ შევძელით, რომ უფრო მეტი ბენეფიციარი მივიღოთ", _ თქვა ბეგლარ სიორიძემ.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved