ორი საცხოვრებელი ბინა თბილისში, მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი ონში – ეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, ახლა უკვე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ლევან მურუსიძის ოჯახის ქონებაა.
ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ლევან მურუსიძის 100%-იან მფლობელობაშია საცხოვრებელი ბინა თბილისში, ჯანაშიას ქუჩაზე, რომლის ფართობიც 100.00 კვ.მ-ია.
მურუსიძის მამას, თორნიკე მურუსიძეს ეკუთვნის 100 კვ.მ.-ის ფართობის ბინა თბილისში, ნუცუბიძის პლატო, მე-4 მიკრო რაიონში და ამავე მისამართზე მდებარე 12.00 კვ.მ-ის ფართობის ავტოფარეხი.
თორნიკე მურუსიძის საკუთრებაშია საცხოვრებელი სახლი ონში, სოფელი სორში, რომლის ფართობიც 100.00 კვ.მ-ია. ასევე, თორნიკე მურუსიძე ფლობს 4000.00 კვ.მ-ის ფართობის მიწის ნაკვეთს ამავე სოფელში.
რაც შეეხება ლევან მურუსიძის ოჯახის ფინანსურ მდგომარეობას, მას 2014 წელს საქართველოს უზენაესი სასამართლო მოსამართლის თანამდებობიდან 89 225.00 ლარი აქვს მიღებული. სხვა სახის შემოსავალი დეკლარაციაში დაფიქსირებული არ არის.
ქონებრივი დეკლარაციის შევსების მომენტში კი, ლევან მურუსიძეს რესპუბლიკა ბანკის სახელფასო ანგარიშზე 5347.00 ლარი, საკრედიტო ანგარიშზე 5000.00 ლარი, ხოლო ,,საქართველოს ბანკის“ საკრედიტო ანგარიშზე 9700.00 ლარი ერიცხებოდა. გარდა ამისა, მას ნაღდი ფულის სახით 5000.00 ლარი ჰქონდა.
დეკლარაციის მიხედვით, ლევან მურუსიძის სახელზე სამი საბანკო სესხია.
5000.00-ლარიანი სესხის (ხელშეკრულების ვადები 25/04/2015, 25/04/2015 – 25/04/2016 , ბანკი „რესპუბლიკა სოსიეტე ჟენერალი“) პროცენტის დასაფარად 7500.00 ლარი აქვს გადახდილი.
საკრედიტო ბარათით აღებული 9700.00-ლარიანი სესხისთვის (ხელშეკრულების ვადები 01/03/2012, 01/03/2012 – 01/03/2016, საქართველოს ბანკი) კი, 12 000.00 ლარის გასავალი აქვს.
ხოლო 44 372.00-დოლარიანი სესხის პროცენტის დასაფარად (ხელშეკრულების ვადები 17/07/2009, 17/07/2009 – 17/07/2024 , ბანკი „რესპუბლიკა“) 12 450.00 ლარი გადაუხდია.
დეკლარაციის მიხედვით, მურუსიძის ოჯახი არ ფლობს ფასიან ქაღალდებსა და ძვირადღირებულ ნივთებს.
შეგახსენებთ, რომ, დღეს, ლევან მურუსიძის კანდიდატურას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 10-მა წევრმა, მოსამართლედ უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებით, მხარი დაუჭირა, რასაც არასამთავრობო სექტორის ნაწილი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა.
მათი განცხადებით, მურუსიძის მიერ, წლების განმავლობაში, უკანონო გადაწყვეტილებებია მიღებული, რის გამოც, მისი უვადოდ დანიშვნა დაუშვებლად მიაჩნიათ.
მურუსიძის სახელი ფიგურებს ისეთ გახმაურებულ საქმეებში, როგორიცაა სულხან მოლაშვილისა და სანდრო გირგვლიანის საქმე. მისი გადაწყვეტილებით, სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულ პირებს სასჯელები შეუმცირდათ.
ლევან მურუსიძე 1975 წლის 1 მარტს, თბილისში დაიბადა.
1998 წელს წარჩინებით დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
2000-2004 წლებში მუშაობდა თბილისის საოლქო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის თანაშემწედ.
2004-2005 წლებში იყო გორის რაიონული პროკურორის თანაშემწე.
2005 წელს იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.
2006 წლის აპრილიდან არის საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე.
2013 წლის 9 ივნისს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის რიგგარეშე მე-10 სხდომაზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად; ხოლო 2013 წლის 16 ივნისს კი, საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის რიგგარეშე მე-10 სხდომაზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად აირჩიეს.