ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი ირინა საჯაია "გურია ნიუსთან" საუბრის დროს ამბობს, რომ შეურაცყოფა მას არავისთვის მიუყენებია.
"შეურაცყოფა იქეთ მოგვაყენა დეპუტატმა ნათია შარაშენიძემ. თუ ჰყავს ვინმე გულშემატკივარი, მივმართავ, რომ უმკურნალონ, რადგან ძალიან მეცოდება. ეს ქალბატონი არის ავანტიურისტი. თვითონ მოგვაყენა შეურაცყოფა, შემდეგ პროვოკაციას მიმართა. ამისთანა ქალს რა უნდა საკრებულოში და საზოგადოებაში. ვიყავი ჩემს კაბინეტში და თვითონ შემოვიდა, ახლა კი ამბობს, რომ შეურაცყოფა მომაყენესო.
ნათია შარაშენიძემ გაავრცელა "ფეისბუქზე" ფოტო-კარიკატურა, სადაც ქალაქ ოზურგეთის მერის ბეგლარ სიორიძის ქურთუკის ჯიბეში ვიყავით ჩასმული. ეს არ არის შეურაცყოფა? ეს ფოტო მის "ფეისბუქის" გვერდზე აღარ არის, მაგრამ მე მაქვს შენახული. ძალიან ამაზრზენი კომენტარები იყო და გვაყენებდნენ სიტყვიერ შეურაცყოფას.
მეტს არაფერს ვამბობ. პირიქით ვართ შეურაცყოფილები მაგ ქალბატონისგან და რასაც თვითონ ავრცელებს მედიით, ეს არის ტყუილი."
თავად ნათია შარაშენიძემ, რომელმაც დღეს პრესკონფერენცია ჩაატარა, განაცხადა, რომ მას ემუქრება საფრთხე.
"მე მემუქრება საფრთხე და ყველას ვთხოვ დახმარებას". – ამბობს შარაშენიძე.
საკრებულოს დეპუტატი თამარ ნადირიძე ამბობს, რომ ასეთი რამ კიდევ რომ არ მოხდეს, აუცილებელია ბიუროზე და საკრებულოს სხდომაზე აუდიო და ვიდეო ჩანაწერები გადაიღონ , რომელიც საზოგადოებას მიეწოდება და ისინი შეაფასებენ თითოეული დეპუტატის და ხელისუფლების წარმომადგენელის გამოსვლას და მოქმედებას. ვიდეოჩანაწერის გაკეთება ნიშნავს იმას, რომ განსხვავებული აზრის მქონე დეპუტატებისთვის იქნება უსაფრთხოების და თავდაცვის საშუალება" – ამბობს თამარ ნადირიძე.
"ლეიბორისტული პარტიის" დეპუტატი ოზურგეთის საკრებულოში ნათია შარაშენიძე ამბობს , რომ ბიუროს სხდომის დასასრულს სანიშნე ფურცლები ესროლეს. მისი ვარაუდით, ეს ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე იყო. მაგრამ სიორიძე ამ ინფორმაციას უარყოფს. ინციდენტი ბიუროს სხდომის დასრულების შემდეგ მოხდა ასევე, დეპუტატებს ირინა საჯაიასა და ნათია შარაშენიძეს შორის.
ამბავი უკავშირდება რამდენიმე დღის წინ ნათია შარაშენიძის მიერ "ფეისბუქზე" გამოქვეყნებულ კარიკატურას, სადაც ბეგი სიორიძეს ქურთუკის ჯიბეში სამი დეპუტატი უზის, მათ შორის საჯაიაც. შარაშენიძე აცხადებს, რომ ეს დეპუტატები სიორიძეს ყველა იმ საკითხში უჭერენ მხარს, რასაც ოპოზიცია ეწინააღმდეგება, საჯაიას და შარაშენიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც მოხდა.