ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დასასრულს, ოზურგეთის მერმა ბეგლარ სიორიძემ სპეციალური განცხადება გააკეთა. მისი თქმით, საკრებულოს დეპუტატი ნათია შარაშენიძე მას ცილს სწამებს და ერთი წლის განმავლობაში მისი მისამართით არაერთი ტყუილი გაავრცელა.
ბეგლარ სიორიძის გამოსვლის შემდეგ ასევე სპეციალური განცხადება გააკეთა ნათია შარაშენიძემ. მისი თქმით, ბეგი სიორიძეს დატერორებული ყავს მთელი ოზურგეთი და თანამშრომლები, რომლებსაც ეშინიათ ხმის ამოღება.
"ასევე მინდა ვთქვა, რომ საკრებულომ იმსჯელოს ეთიკის კომისიის თავმჯდომარის, ირინა საჯაიას მიმართ უფლებამოსილების შეჩერებაზე. მან ჩემს მიმართ განახორციელა მუქარა და ამასთან დაკავშირებით მინდა იმსჯელოს საკრებულომ. ეს მოხდა სამუშაო საათებში მის კაბინეტში."
საკრებულოს სხდომაზე ერთ-ერთმა დეპუტატმა, ლევან თოიძემ შარაშენიძეს სიმშვიდისკენ მოუწოდა და მცირე რეპლიკით შემოიფარგლა.
"ვაჩხუბოთ ერთი-ერთზე, მეტ გამოსავალს ვერ ვხედავ", – თქვა თოიძემ.
შარაშენიძის გამოსვლას გამოეხმაურა ქალაქ ოზურგეთის მერის თანაშემწე მზევინარ სალუქვაძე:
"დაანებოს ნათია შარაშენიძემ სხვის შეურაცყოფას თავი. არანაირი ტერორიზმი არ არის ქალაქ ოზურგეთის მერიაში, სიმართლეს ვამბობ. არ არის კარგი, როდესაც ადამიანი იტყუება." – გვითხრა სალუქვაძემ, რომელიც 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას ესწრებოდა.
ორი დღის წინ საკრებულოს ბიუროს სხდომის დასასრულს, ორ ინციდენტს ჰქონდა ადგილი.
ნათია შარაშენიძის თქმით, მას მერმა სანიშნე ფურცლები ესროლა. რაზეც ქალაქის მერი ამბობს, რომ შარაშენიძეს მოლანდებები დაეწყო.
რაც შეეხება მეორე ფაქტს, ეთიკის კომისიის თავმჯდომარის, ირინა საჯაიას და დეპუტატ შარაშენიძეს შორის სიტყვიერ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი.