ამ ადამიანებს ყოველდღიურად ვხვდებით, ვესაუბრებით, ზოგიერთთან ვმეგობრობთ, მაგრამ ძალიან ცოტამ თუ იცის, რა პირობებში ცხოვრობენ ისინი.
ე. წ. "ჩოხატაურის სპორტკომპლექსი" კომუნისტურ პერიოდში აიგო, თუმცა, მას შემდეგ ფუნქციონირება ვერ დაიწყო. უფუნქციო შენობაში უსახლკარო ოჯახი პირველად 23 წლის წინ შევიდა. დღეს იქ 7 ოჯახი ცხოვრობს. ყველა მათგანი, სახელმწიფოსეული გაგებით, სოციალურად დაუცველია, ადამიანური ენით კი _ ღატაკი.
ფანჯრებზე ტომრები აქვთ აფარებული, თუმცა ეს ქარს, წვიმას და თოვლს ვერ აკავებს. ამ შენობაში ისე წვიმს როგორც გარეთ _ ე.წ. „სპორტკომლექსს“ სახურავი არა აქვს.
_ სახურავის ნაწილი იყო შერჩენილი და თოვლმა ისიც ჩამოანგრია. საწოლები სველია. აქ დაძინებაც კი შეუძლებელია. წასასვლელი არსად გვაქვს და არ ვიცით ვის უნდა მივმართოთ.
ხელისუფლებას დიდი ხანია ამ ფართის დაკანონებას ვთხოვთ, რომ იქნებ მოვახერხოთ და ჩვენი სახსრებით შევაკეთოთ, თუმცა უარს გვეუბნებიან. არც ალტერნატიულ ფართს გვთავაზობენ.
23 წლის მანძილზე, არცერთ ხელისუფლებას ადამიანებად არ ჩავუთვლივართ. წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთ პირობებში არ გვაცხოვრებდნენ, _ აღნიშნეს „გურია ნიუსთან“ საუბრისას იქ მცხოვრებმა ადამიანებმა.
ამავე ბინაში ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს ნარგიზ ჩხაიძე. ორივე შვილი აქ გაზარდა, ოთახში, რომელსაც არც იატაკი აქვს და არც ფანჯარა და როგორც სტატიის დასაწყისში ავღნიშნეთ, ქარის და წვიმისაგან დაცვას ფანჯრის რაფაზე გაკრული ტომრის ნაგლეჯით ცდილობს. თუმცა, ვერ ახერხებს.
ოთახში, სადაც სამი ადამიანისთვის მხოლოდ ერთი საწოლი დგას, წვიმა ჩამოდის. აქ მცხოვრები ოჯახები თანხმდებიან, რომ ყველაზე ცუდ პირობებში ჩხაიძეების ოჯახია. არადა, ყველა მათგანი გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს.
_ ახალ წელს პირდაპირი მნიშვნელობით თოვლის ქვეშ შევხდით. შობას წვიმაში ვხდებით. ეს ჩვენი ყოველდღიურობაა, რომელშიც დღესასწაულს ადგილი არა აქვს. ჩვენი შვილები სხვებივით ვერ მხიარულობენ, თოვლის ბაბუას სათამაშოებსა და კამფეტებს არ სთხოვენ. მათ ჩვენს მსგავსად ისეთი ჭერი უნდათ, სადაც წვიმა, თოვლი და ქარი ვერ შემოაღწევს. მათ მშრალ საწოლში სურთ დაძინება. ესაა ჩვენთვის და ჩვენი შვილებისთვის ყველაზე დიდი ნატვრა, _ გვითხრეს ე. წ. "ჩოხატაურის სპორტკომპლექსში" მისულებს.
_ ახალი წლის ღამეს, ჩემი 8 წლის შვილის თოვლის ბაბუას წერილს წერდა, ტკბილეულს, შუშხუნებს და სათამაშოებს სთხოვდა, როგორც ყველა ბავშვი. წერილის წერის დროს ოთახი თოვლით გაივსო. ის წერილი დახია _ სათამაშო რომც მომიტანოს სად უნდა ვითამაშოო, _ გვითხრა ერთ-ერთმა მობინადრემ.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ირაკლი კუჭავას თქმით ხელისუფლების წარმომადგენლებმა აქ მცხოვრები ადამიანები რამდენიმე დღის წინ მოინახულეს:
_ ხელისუფლების წარმომადგენლები _ გამგებლის მოადგილე, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და კომუნალური სამსახურის ხელმძღვანელი რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდნენ ამ ადამიანებთან. ალტერნატიული ფართი არაერთხელ შევთავაზეთ, მაგრამ უარზე არიან. 23 წლის წინ დაკავებული ფართის დაკანონებას ითხოვენ, რისი უფლებაც თვითმმართველობას არა აქვს.
ეს ადამიანები, იქ ცხოვრებით საფრთხეს უქმნიან საკუთარ სიცოცხლეს. იმ შენობაში, თოვლის გაწმენდის მიზნით ასვლაც კი საშიშია. დაწყებული გვაქვს სოციალური საცხოვრისის დაპროექტება. თანხის მოსაპოვებლად ვეძებთ დონორებს, რომ ასეთ პირობებში მყოფ ადამიანებს მიხედოს, _ გვითხრა ირაკლი კუჭავამ.