ნოდარ დუმბაძემ თავის ნაწარმოებებში არაერთი განუმეორებელი პერსონაჟის სახე შექმნა. გამორჩეული პერსონაჟები მეტწილად რეალური ადამიანებისგან იქმნებოდა და მათ პროტოტიპები ჰყავდათ. გამონაკლისი არც ყველასთვის საყვარელი „ოლღა ბებია“ გახლდათ, რომლის პროტოტიპიც ნოდარის ნამდვილი ბებია ოლღა ქერქაძე-დუმბაძე იყო. „ნამდვილი ოლღა ბებიას“ შესახებ, შესანიშნავი მოგონებები ნორა კუდინოვმა დაგვიტოვა, რომელიც ნოდარ დუმბაძის მამიდაშვილი გახლდათ.
აი რას წერს ნორა კუდინოვი ოლღა დუმბაძის შესახებ :
„ბებია, ოლღა გლახუნას ასული ქერქაძე-დუმბაძე, დაბადებულა 1880 წელს ჩოხატაურის სოფელ მეწიეთში. დედამისი კალენტი კალანდაძის ქალი იყო, დაუმთავრებია სოფელ ხიდისთავის შვიდწლიანი სასწავლებელი. საკმაოდ კარგი მოსწავლეც ყოფილა. ამის გამო მასწავლებლებს უთხოვიათ ოჯახისათვის: ბავშვს სწავლის გასაგრძელებლად ხელი შეუწყვეთო, მაგრამ ოჯახს სიღარიბის გამო უარი უთქვამს და იგი სრულიად ახალგაზრდა, თექვსმეტი წლისა, ქიშვარდი დუმბაძეზე გაუთხოვებიათ.
ბებიას სულ რვა შვილი შესძენია – ექვსი ვაჟი და ორი ქალიშვილი. ნოდარის მამა ვლადიმერი (აკაკი) ბებიას უფროსი ვაჟი იყო, ხოლო დედაჩემი შუშანა (შურა) – უფროსი ქალიშვილი, რიგით მეოთხე.
ბებიას უმცროსი ვაჟი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტი მამია დუმბაძე იგონებს:
– დედაჩემი ალალი გულის, პირში მთქმელი ქალი იყო. გვზრდიდა ქართული კლასიკური ლიტერატურის სიყვარულით, არც თუ იშვიათად ჩაურთავდა საუბარში ქართულ ხალხურ ბრძნულ ანდაზებსა და გამონათქვამებს, რომელთაგან ბევრი მთელი სიცოცხლის მანძილზე გამომყვა. ზეპირად იცოდა ქართველ კლასიკოსთა ლექსები. ჯერ კიდევ 1925 წელს მეც დამაზეპირებინა აკაკის ნაგალობევი „სახსოვარი“, რომელიც მიძღვნილია დიმიტრი ბაქრაძის გარდაცვალებისადმი. ეს ფაქტი გავიხსენე კიდევაც დიმიტრი ბაქრაძეზე მონოგრაფიის წერისას. დედამ იცოდა უამრავი იგავი სულხან-საბასი, კრილოვისა, რომლებსაც გატაცებით გვიამბობდა ხოლმე.
ბებია ძალზე პოპულარული მანდილოსანი ყოფილა. თანასოფლელებს 1925 წლის საქართველოს ქალთა პირველი ყრილობის დელეგატად აურჩევიათ, ხოლო ამ ყრილობას იგი გაუგზავნია საკავშირო ქალთა ყრილობის დელეგატად. მოსკოვში ერთ თვეს დაუყვია, ხოლო როდესაც იქიდან დაბრუნებულა, თანასოფლელებს მისთვის შეხვედრა მოუწყვიათ: გვიამბე, ყრილობაზე რაც ითქვაო.
ბებიას უმცროსი ქალიშვილი, დარეჯან დუმბაძე-ჩიგოგიძე, იგონებს:
– დედა ასეთი სულისკვეთებით გვზრდიდა: მეზობელს ხარი უქადე, ღმერთი შენ მოგცემსო, მეზობელს რომ მუცელი სტკიოდეს, მუცელზე ხელს შენც უნდა ისვამდეო. განსაკუთრებით უყვარდა ნინოშვილის წიგნები. დიდად ზრუნავდა შვილების სწავლა-განათლებისთვის. უფროსი ვაჟები, ვლადიმერი და გაბრიელი, ბაქოში გააგზავნა გიმნაზიაში სასწავლებლად. როდესაც მათ გიმნაზია დაამთავრეს, სწავლის გასაგრძელებლად თბილისში ჩამოვიდნენ და აქვე დასახლდნენ. ბებიამ ახლა უმცროსი შვილები გამოაგზავნა უფროსებთან და დაავალდებულა, რათა ეზრუნათ პატარების სწავლა-აღზრდისათვის.
ბებია თბილი და მოსიყვარულე დედა ყოფილა. უკვე დაცოლშვილებულ ვაჟებს რომ დაეძინებოდათ, ზურგზე უსვამდა თურმე ხელს, როგორც პატარაობისას.
მრავალრიცხოვანი ოჯახი ბედნიერად ცხოვრობდა, მაგრამ დადგა 1937 წლის ზაფხული. მაშინ ზენობანში ვიყავი ბებიასთან და შემთხვევით შევესწარი დიდ ოჯახურ ტრაგედიას. სულ ხუთი სული წაიყვანეს ბებიას ოჯახიდან. ერთი ვაჟი, სიყრმის შვილის მომდევნო, მცირეწლოვანი გარდაეცვალა, თორემ გაზრდა რომ დასცლოდა, ალბათ, ისიც ძმების ბედს გაიზიარებდა! ის დღე იყო და ის, ბებია გაღიმებული აღარ მინახავს სიცოცხლის ბოლომდე. რომ დაიწყებდა მოთქმას, რიგრიგობით ჩამოთვლიდა: ვაი ჩემს მოსწრებას, შვილო აკაკი, შვილო გაბილა, შვილო ნიკოლოზა, შვილო ანიჩქა, შვილო თამარა! — თან გულ-მკერდზე იბრაგუნებდა ხელებს და თმას იწეწდა.
ხუთი სულიდან მხოლოდ სამი დაბრუნდა 1946 წელს: ნიკოლოზი და რძლები: ნოდარის დედა, ანიკო ბიცოლა, და გაბრიელის მეუღლე თამარი. უფროსი ვაჟები, როგორც მათი რეაბილიტაციის შემდეგ შევიტყვეთ, დაპატიმრებიდან რამდენიმე დღის შემდეგ დაუხვრეტიათ.
ბაბუას გარდაცვალების შემდეგ ოჯახში სამნი დარჩნენ: ბებია, დარეჯანი (ნოდარის მამიდა) და თორმეტი წლის ნოდარი. სულ მალე სამამულო ომიც დაიწყო. ოჯახს უღმერთოდ გაუჭირდა. პატარა ნოდარს მამაკაცური შრომის მძიმე ტვირთი დააწვა. მართალია, ზაფხულობით ბიძები – ალექსანდრე და მამია – ჩადიოდნენ დასახმარებლად, მაგრამ ნოდარს მაინც საკმაოდ ხშირად უხდებოდა მძიმე გარჯა. ჯერ კიდევ პატარა, 13-14 წლისა, ჩეხავდა შეშას (ზამთარი ბევრ შეშას ინელებს), დადიოდა წისქვილში სიმინდის დასაფქვავად, მუშაობდა ყანასა და ვენახში, წურავდა ყურძენს, რეცხავდა ჭურებს.
ტრაგიკულმა ხვედრმა ბებიას ბუნება-ხასიათი შეუცვალა, იგი უფრო მკაცრი და ნერვიული გახდა. როცა ნოდარი იცელქებდა სკოლაში და მშობელს დაიბარებდნენ, ნოდარი ასე კითხულობდა, ბებია მოვიყვანოო? მასწავლებლები ერიდებოდნენ ოლღა ბებიასთაან შეხვედრას და დარეჯანს შესჩივლებდნენ ხოლმე.
სტუდენტობის წლებში ნოდარი ხშირად გვიყვებოდა თავისი ბავშვობისდროინდელი ოინების ამბებს, როგორ აჯავრებდა ბებიას და მამიდას.
ნოდარი ხშირად ცელქობდა. ბებია წკეპლას დამალავდა უკან და მოფერებით ეტყოდა: მოი, ბებია, აფერს არ გიზამო, მაგრამ უკან წკეპლის წვერი მოუჩანდა და ნოდარიც იმწამსვე გაექცეოდა.
ნოდარი თავისი განუმეორებელი იუმორით გამოირჩეოდა უკვე ბავშვობაში. გაჯავრებულ ბებიას ისეთ სიტყვებს ეტყოდა, რომ გულს მოულბობდა და ისიც მოეშვებოდა ხოლმე, მაგრამ თუ ხელს წაატანდა, მიტყეპავდა და თან დააყოლებდა: „რეტა, რეტა, რეტა!“ ეს ნიშნავდა: რატომ გააკეთე, რატომ დააშავეო. როცა ძალიან გააჯავრებდა, მიაძახებდა: „შეგიყენებ გობის სარაქავ სისხლს, ნოდარია დუმბაძეო „. ეს მხოლოდ სიტყვები იყო, ბებიას ნოდარი მთელ სიცოცხლეს ერჩია. წყევლა მართლა სანიმუშო იცოდა, მაგრამ თან დააყოლებდა გასანეიტრალებლად სიტყვას „აღარა“: „შენ მეისპე აღარა! შენ არ გაგითენდა, აღარა!“ ბოლოს, როცა დამშვიდდებოდა, მოეფერებოდა და ეტყოდა: „ნუ გეშინია, ბებია, მე რომ გწყევლი, ჩემი ძუძუები გლოცავენო“, – როგორც ეს რომანშია.
ნოდარმა სულ ხუთი წელი გაატარა სოფელ ზენობანში, მაგრამ ეს ხუთი წელი მისი შემოქმედების უშრეტ წყაროდ იქცა. გურიაში გატარებული წლები განსაკუთრებული სიცხადით აღიბეჭდა მის მეხსიერებაში, სამარადჟამოდ შეიტკბო და შეისისხლხორცა. ოლღა ბებია ნოდარს გამორჩეულად უყვარდა. უკვე მოხუცებულს ხელში აიყვანდა და ისე ეფერებოდა. ბებიამ კი დაღუპული შვილების სიყვარული მთლიანად ობოლზე გადაიტანა და მთელი სიცოცხლე შესწირა მის აღზრდას.
1952 წლის შემოდგომა იდგა. სოფლიდან ბებიას გარდაცვალების დეპეშა მივიღეთ. მაშინვე შევგროვდით ყველა, გავაკეთებინეთ გვირგვინი და გავემგზავრეთ დაკრძალვაზე მატარებლით. მთელი ღამე არ მოგვასვენა ნოდარმა: გვიყვებოდა ანეკდოტებს, რაღაც სასაცილო ამბებს. ჩვენ თავშეკავებულად ვიცინოდით, რადგან ხალხის გვრცხვენოდა შავებში ჩაცმულებს. ანეკდოტების მოყოლისას ნოდარი, როგორც ყოველთვის, ყველაზე მეტს ხარხარებდა და ზოგჯერ თავს ვეღარ ვიკავებდით, ჩვენც გულის წასვლამდე ვიცინოდით. ვეხვეწებოდით: ბიჭო, გაჩერდი, სირცხვილია, რას იტყვის ხალხიო, მაგრამ იგი არ ცხრებოდა. გულში ყველას გვიკვირდა და ვერ აგვეხსნა მისი საქციელი, როგორც იქნა, ჩავედით საჯავახოში და იქიდან ავტობუსით – ხიდისთავში. მერე ფეხით ავუყევით ზენობნის აღმართს. გამოჩნდა ბებიას სახლი. ახლა კი ხარივით დაიბღავლა ნოდარმა: „ბებიააა!“. შევარდა ეზოში, შემდეგ ავარდა ოდაში, დაეკონა ბებიას ცხედარს . . . ძლივს ავაგლიჯეთ და ძლივს დავაწყნარეთ. კარგა ხანს მოთქმით იტირა, მხოლოდ მერე მივხვდი, თუ რატომ მოიქცა ასე უცნაურად მატარებელში.
ოლღა ბებიას უაღრესად საინტერესო და შთამბეჭდავი სახე გამოძერწა ნოდარმა რომანში „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“. თავის ნამდვილ ბებიას ჩამოაცილა უკუღმართი ცხოვრებისაგან მიყენებული დაუოკებელი ტკივილები, შთაბერა ჰუმანური ზეადამიანური სული, რის გამოც ყველასათვის საყვარელ, ზოგადკაცობრიულ და მარადიულ ბებიად აქცია.“