"პოლიტიკური სპეკულაციები" თუ ქვეყნისთვის წამგებიანი პოლიტიკა – საქართველოს მთავრობის მიერ "გაზპრომთან მიმდინარე მოლაპარაკებები კვლავ დავის საგნად რჩება.
ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ "გაზპრომთან" დაწყებული მოლაპარაკებები, ქვეყანას აუცილებლად წაადგება, თუმცა რადიკალურად განსხვავებული მოსაზრება აქვთ ოპოზიციის წარმომადგენლებსა და ექსპერტების ნაწილს, რომლებიც აცხადებენ, რომ "გაზპრომთან" არსებული ხელშეკრულება, საქართველოსთვის ყველაზე მომგებიანი პირობებით ახლა არის და მისი შეცვლა მხოლოდ რუსეთისთვის იქნება მომგებიანი.
"ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" ( აფბა) ანალიტიკოსის ანდრია გვიდიანის შეფასებით, ბოლო პერიოდში "გაზპრომის" თემის ირგვლივ ხშირად ისმის პოლიტიკური სპეკულაციები, რაც "ხშირ შემთხვევაში სხვადასხვა ძალების მხრიდან არსებული უსაფუძვლო კრიტიკა პოლიტიკური ქულების მოპოვებას ემსახურება".
გვიდიანი მიიჩნევს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობის" წევრებისა და მათთან დაახლოებული ექსპერტების მხრიდან გაკეთებული რადიკალური განცხადებები, საზოგადოებაში ნიჰილიზმისა და ხელისუფლების მიმართ უნდობლობის დათესვას ემსახურება.
"აფბას" ანალიტიკოსი ასახელებს იმ ფაქტებს, რაც "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში ენერგოსექტორში და კონკრეტულად "გაზპრომის" შემთხვევაში რუსულ მხარესთან თანამშრომლობას ასახავს.
"რუსულ "გაზპრომთან" ურთიერთობები წლების მანძილზე არსებობდა და ეს ბუნებრივი პროცესია, გამომდინარე იქიდან, რომ ჩრდილოეთ–სამხრეთის გაზსადენი საქართველოს ტერიტორიაზე გადის და აღნიშნული მილსადენი, ქართული სახელმწიფოს საკუთრებაა. აღსანიშნავია, ის გარემოება, რომ წინა ხელისუფლების დროს საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობდა თანამშრომლობა "გაზპრომთან", უფრო მეტიც 2008 წლის საომარი მოქმედებების პირობებში რუსეთიდან მიღებულმა, როგორც ტრანზიტიდან, ისე დამატებითი მოცულობებიდან ბუნებრივი აირის მოცულობამ, მთლიანი მოხმარების დაახლოებით 50% შეადგინა.
ასევე, აღსანიშნავია, რომ წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში საქართველოში რუსეთიდან 370 მილიონამდე დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია . გარდა ამისა, ჩვენ გვახსოვს ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების განცხადება იმის შესახებ, რომ "ფულს სუნი არ აქვს", იქნება ეს რუსული თუ სხვა წარმომავლობის. სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ ამ ადამიანების კრიტიკული მიდგომები აღნიშნული თემის ირგვლივ არის მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაცია და მეტი არაფერი", _ აცხადებს "აფბას" ანალიტიკოსი.
თუმცა, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჭიაბერაშვილი "გურია ნიუსთან" საუბრისას გვიდიანის მოსაზრებას კატეგორიულად არ ეთანხმება და ამბობს, რომ ხელისუფლების მიერ "გაზპრომთან" დაწყებული მოლაპარაკებები თუ ახალი ხელშეკრულების დადებით დასრულდება, ეს ქვეყნისთვის ფინანსურად და ეკონომიურად წამგებიანი იქნება.
"რა თქმა უნდა, 20/30-ის ექსპერტები და ისინი, რომლებიც მხარს ბიძინა ივანიშვილს უჭერენ, ცდილობენ, რომ კალაძეს, ივანიშვილს, კვირიკაშვილს და მთლიანად მთავრობას პასუხისმგებლობა ააცილონ, რაც შეიძლება მეტი ტყუილი და სისულელე ილაპარაკონ. ამით კი, ის მავნებლური პოლიტიკა გაამართლონ, რასაც კალაძის მეთაურობით მთავრობა ეწევა.
ეს ხელშეკრულება ფინანსურად და ეკონომიურად წამგებიანია, გვერდზე რომ გადავდოთ პოლიტიკური საკითხი. საქართველოს სჭირდება გაზი და ამ გაზს ნატურით იღებს. თუმცა, ახლა კალაძე გვეუბნება, რომ ამ გაზის ნაცვლად ფულს ავიღებ, წავალ და ისევ გაზს ვიყიდიო, ოღონდ რამდენ ფულსაც აიღებს იმ ფულით ნაკლებ გაზს იყიდის. გამოდის, რომ ქვეყანა წავაგებთ არა მარტო დღეს, არამედ ხვალაც პირობა რომ შეცვალოს "გაზპრომმა". ამიტომ ეს არის ის დიდი პრობლემა, რომელსაც ვერანაირი არგუმენტაციით, წარსულის, აწმყოს, ან მომავლის მოშველიებით, ვერ გაამართლებენ", _ აღნიშნავს ჭიაბერაშვილი.
რაც შეეხება გვიდიანის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს, რომ წინა ხელისუფლების დროს საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობდა თანამშრომლობა "გაზპრომთან", ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ ეს თანამშრომლობა ჯერ კიდევ შევარდნაძის მმართველობის პერიოდში, 1994 წელს დაიწყო და "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომგებიანი პირობების გამო გააგრძელა.
"ეს ხელშეკრულება 1994 წელს ძალიან კარგი პირობებით არის დადებული. 10%, რასაც ჩვენ დღეს "გაზპრომიდან" ვიღებთ, საკმაოდ დაბალი საბაზრო ღირებულების ფასად გვეძლევა, 40 დოლარად. შემდგომში, 2000-იანი წლებიდან, როდესაც გაიზარდა გაზის ფასი, "გაზპრომი" მუდმივად აყენებდა საკითხს, რომ გადაგვეხედა ამ ხელშეკრულებისთვის და გადავსულიყავით ნატურით ანაზღაურებიდან ფულად ანაზღაურებაზე. რუსეთი ამით ცდილობდა ჩვენთვის მომგებიანი პირობების თავის სასარგებლოდ შეცვლას, რასაც არ ვუთმობდით. ამით შევინარჩუნეთ მომგებიანი პირობები.
როგორც იცით, 2006 წლის ზამთარში, რუსებმა განზრახ აგვიფეთქეს გაზსადენი, დაგვტოვეს გაზის გარეშე და ქვეყანას ენერგეტიკული ბლოკადა გამოუცხადეს. უმძიმესი კრიზისი გადავიტანეთ, თუმცა აქედან ჯანსაღად გამოვედით. 2009 წელს, ძალიან კარგი პირობებით "სოკართან" ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებას ისე, რომ ჩვენ ე.წ. სოციალური ფასი გვაქვს გაზზე, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ სამომხმარებლო შეღავათიანი ტარიფი გვქონდეს. თუკი ეს პირობები შეიცვლება, ფულს "გაზპრომიდან" ავიღებთ და უფრო ნაკლებ გაზს ვიყიდით ისევ, ასეთ შემთხვევაში, გაზის დამატებითი რეზერვების ისეთ ფასად შეძენა მოგვიწევს, რომ ამას მომხმარებელი თავის ჯიბეზე აუცილებლად იგრძნობს. თავი გავანებოთ იმას, რომ "გაზპრომი" არასაიმედო და რისკიანი პარტნიორია", _ აღნიშნავს ჭიაბერაშვილი.
რაც შეეხება 2008 წლის საომარი მოქმედებების პირობებში რუსეთიდან მიღებულ ბუნებრივი აირის მოცულობებს, რომელმაც აფბას ანალიტიკოსის განცხადებით, მთლიანი მოხმარების დაახლოებით 50% შეადგინა, ჭიაბერაშვილი სიცრუეს უწოდებს.
"ეს არის სიცრუე და არსებობს გრაფიკი, სადაც პირდაპირაა მოცემული "სოკარიდან" და "გაზპრომიდან" მიღებული გაზის რაოდენობები".
"რაც ჩვენ ენერგოდამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, "სოკარის" მიერ მოწოდებული გაზის რაოდენობა 85-80%-ს არ ჩამოცდენია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ახლა, "გაზპრომთან" არსებული ხელშეკრულება მომგებიანია და რა გვრჯის, რომ ახალ პირობებს დავთანხმდეთ? ეს ან არაკომპეტენტურობის ან შეგნებული მავნებლობის გამო ხდება", _ ამბობს ჭიაბერაშვილი.
კიდევ ერთი საკითხი, რაც "გაზპრომთან" ხელშეკრულების პირობების შეცვლამ შესაძლოა გამოიწვიოს, საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისთვის საფრთხის შექმნაა. აფბას ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ "გაზპრომის" გარდა რუსეთს სხვა საკმაოდ ბევრი ბერკეტი გააჩნია საქართველოს ენერგოსექტორში პრობლემების შესაქმნელად.
" აღსანიშნავია, რომ სწორედ წინა ხელისუფლების დროს საკმაოდ აქტიურად განიხილებოდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გაზსადენის გასხვისების საკითხი, რაც იქნებოდა კიდეც საქართველოს ენერგოუსაფრთხოების დამანგრეველი ნაბიჯი, ამასთან აღნიშნული გაზსადენის გასხვისებით მთლიანად რუსეთის ხელში აღმოჩნდებოდა სომხეთამდე არსებული ინფრასტრუქტურა და რუსეთის დომინანტურ პოზიციას რეგიონში მნიშვნელოვნად გააძლიერებდა, საბედნიეროდ ასეთი მავნებლური იდეა მაშინ დასავლეთის დიდი ძალისხმევის შედეგად "დაიბლოკა" და საქართველომ მილსადენის გაუსხვისებლობით შეინარჩუნა ენერგოუსაფრთხოებაზე ზემოქმედების ბერკეტი.
ასევე, როცა ენერგოუსაფრთხოებაზეა საუბარი უნდა აღვნიშნოთ, რომ რუსეთს სხვა საკმაოდ ბევრი ბერკეტი გააჩნია, იმისთვის, რომ საქართველოს ენერგოსექტორში პრობლემები შექმნას. არავინ საუბრობს თუნდაც იმაზე, რომ საქართველო ელექტროენერგიის იმპორტის თვალსაზრისით დიდწილად რუსეთზეა დამოკიდებული და ამ კუთხით მას საკმაოდ ბევრი პრობლემის შექმნა შეუძლია, გამომდინარე აქედან რუსეთის ფედერაციისთვის თვითმიზანი არ გახლავთ ის, რომ რამენაირად ბუნებრივი აირის ბაზარზე შემოვიდეს და შემდგომ ეცადოს ამ კუთხით პრობლემების შექმნას.
აქვე, აუცილებლად აღსანიშნავია ის, რომ წინა ხელისუფლების დროს იყო მოლაპარაკებები რუსული მხარისთვის ენგურჰესის მიყიდვაზე. მართალია, ენგურჰესი ქართული მხარის საკუთრებაში დარჩა, თუმცა, 2008 წლის დეკემბერში, რუსეთთან საომარი მოქმედებების შემდეგ, "ნაციონალურმა მოძრაობამ” რუსულ "ინტერ რაოსთან” ხელი მოაწერა თანამშრომლობის მემორანდუმს, ენგურჰესის ეფექტიანი ექსპლუატაციის შესახებ, ანუ ენგურჰესი რუსულ მხარეს, პრაქტიკულად, მართვაში გადაეცა. ამას წინ უძღოდა საქართველოს მთავრობის მიერ 2005 წელს "გაზპრომისთვის” ერთობლივი საწარმოს შექმნის შეთავაზება, რომელიც გაზსადენის მართვას განახორციელებლად", _ განაცხადა ანდრია გვიდიანმა "გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე.
თუმცა, ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ თუ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ "ინტერ რაოსთან" დადებულ ხელშეკრულება მავნებლურია, მაშინ გაასაჯაროოს საქართველოს დღევანდელმა მთავრობამ და კონკრეტული ციფრების დონეზე თქვას რას ვაგებთ.
"კატეგორიულად ვითხოვ, რომ კალაძემ გაასაჯაროოს და აუხსნას საზოგადოებას შიგნით რა მავნებლობაა. ხომ ჰყავს მას 20/30-ის ექსპერტები, რომლებიც ყველა მის ქმედებას "აპრავებენ". კონკრეტულად სად მიიღო საქართველომ ზიანი და რა არ მოსწონთ ამ ხელშეკრულებაში? ჩვენ როდესაც კალაძის ხელშეკრულებაზე ვლაპარაკობთ, კონკრეტულად ვამბობთ ზიანს სად მივიღებთ. მინიშნებით კი არ მინდა ლაპარაკი, კონკრეტულად აგვიხსნან ციფრების დონეზე. შემიძლია მე გითხრათ ეს ციფრები. მაგალითად, გაზი, რაც არის ეს 10% "გაზპრომიდან" მიღებული, მისი საბაზრო ფასი 40 მილიონია. რუსები გვთავაზობენ 19 მილიონს. 21 მილიონი გადასაყრელი გვაქვს? მით უმეტეს, რომ ხვალ შესაძლოა, რუსეთმა ფასი შეცვალოს. ასე ამოიღონ ციფრები დადონ და გველაპარაკონ", _ აღნიშნავს ჭიაბერაშვილი.
ამავე თემაზე:
იყო თუ არა წამგებიანი "ნაციონალების" მიერ ენერგეტიკაში დადებული ხელშეკრულებები
12 მიზეზი, თუ რატომ #NoToGazprom
როგორ იმოქმედებს რუსეთის წინადადება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობაზე
"გაზპრომთან" მოლაპარაკება ეჭქვეშ დააყენებს ქვეყნის სუვერენიტეტს
რას ამბობდა კახა ბენდუქიძე საქართველოს გაზსადენის "გაზპრომისთვის" მიყიდვასთან დაკავშირებით (ვიდეო)