საქართველოში ონლაინ საკრედიტო ორგანიზაციების ბუმია. რადგან ქვეყანაში მძიმე სოციალურ-ეკონომიკური სიტუაციაა, მოსახლეობის დიდ ნაწილს ძალიან მცირე, ხშირ შემთხვევაში კი საერთოდ არ აქვს შემოსავლები, მსგავსი ტიპის ორგანიზაციებს მომხმარებელიც არ აკლიათ.
ნაწილი I
სხვადასხვა ორგანიზაციას სარგებლის სხვადასხვა წლიური პროცენტი აქვს მითითებული ვებგვერდებზე განთავსებულ ინფორმაციაში. მაგალითად: "ნეთკრედიტის" წლიური საპროცენტო განაკვეთი – 730%. "ქეშ 24" სესხებს გასცემს წლიური 248.55 % სარგებლით. ემაკრედიტის მომსახურებით სარგებლობისთვის მსესხებელს წლიური 365 % გადახდა მოუწევს.
საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ თითქმის ყველა მათგანი ძალიან ადვილად, წინასწარი კვლევის გარეშე და ხშირად დაბალი ასაკობრივი ცენზის პირობებშიც უპრობლემოდ იძლევა კრედიტებს.
ექიმი ნანა გ. დაგვთანხმდა თავის პრობლემაზე საჯაროდ ესაუბრა, მაგრამ ის მომავალი სასამართლო პროცესის შიშით თავს იკავებს საბოლოო იდენტიფიკაციისგან. "ერთი წელია ონლაინ ბანკების პროცენტებს ვეღარ ვიხდი და იმხელაზე გაზარდეს თანხა ჯარიმების ჩათვლით, შეუძლებელია გახდა ჩემი ოჯახისთვის ამის გადახდა. არც ვმუშაობ და არც ქონება მაქვს, თან არასრულწლოვანი გოგონა მყავს. ექიმი ვარ პროფესიით, მაგრამ ჩემთვის სამსახურის შოვნა შეუძლებელი აღმოჩნდა. ჩემი ოჯახის მთელი შემოსავალი სხვადასხვა ბანკის პროცენტებში მიდის. ახლა სასამართლო პროცესს ველოდები მარტში, კრედიტონმა მიჩივლა. 400 ლარზე 2500 ლარს მთხოვენ."
თათული დადიანი: "ჩემი ისტორია ასეთია, ოჯახის წევრმა ჩემი პირადობით გამოიტანა რამდენჯერმე სესხი. ყოველ გამოტანაზე, თანხა იზრდებოდა და ბოლოს რომ ვერ გადაიხადა,მე შემდეგ გავიგე . ჩემი აზრით, ეს დანაშაულია. პიროვნების იდენტიფიკაცია არ ხდება და კიდევ არ უნდა იყოს ეს სესხი ასეთი ხელმისაწვდომი ყველასთვის. ის, ვინც სესხი გამოიტანა (ჩემი ოჯახის წევრი) არ მუშაობს და სესხს როგორ დაფარავს? ეს ქმნის პრობლემას, თუ ეს ონლაინ სესხები არის, როგორც უწოდებენ, ხელფასიდან-ხელფასამდე, მოიძიონ სახელფასო ცნობა და მერე გასცენ სესხი."
ანი მიქელაძე: "ამ ონლაინ საკრედიტო ორგანიზაციებისთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს იმას, რომ ადამიანს სხვა 5 ან 6 კომპანიაშიც აქვს სესხი აღებული. თუ გაგიკვირდა და იკითხე, გპასუხობენ, პროგრამა ამტკიცებს სესხს ავტომატურადო. იყო ისეთი შემთხვევებიც, როცა კონკრეტულმა ადამიანებმა დაფარეს პირველი უპროცენტო სესხი, კომპანიამ კი მეორედ დაუმტკიცა ყოველგავარი განაცხადის გარეშე და ანგარიშზეც ჩაურიცხა თანხა. როდესაც დავრეკეთ და ვიკითხეთ, ეს რას ნიშნავსო, კომპანიის წარმომადგენლის პასუხი ასეთი იყო, თქვენ ვადამდე დაფარეთ პირველი სესხი და კომპანიამ წაგახალისათო. აი ასე "მუშაობენ."
"პრობლემური აქტივების ბიურომ მომწერა,რომ 31 იანვრიდან დაიწყება ანგარიშების, ქონების და ა.შ დაყადაღება…. კრედიტების ვადაგადაცილებულ სესხზე…. არ ვიცი ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენენ თუ მართლა აპირებენ….და რა მოხდება შემდეგ ეგ არ ვიცი."_ შიშს ვერ მალავს მარი გეგეშიძე.
ონლაინ საკრედიტო ორგანიზაციების კიდევ ერთი მსხვერპლი ნანა კობახიძე ამბობს: "ონლაინ სესხების გადავადების გადახდაში ოქროც დავკარგე და კომპიუტერიც. ახლა აღარაფერი დამრჩა ფასეული. რომც დამიჭირონ, მაინც ვეღარ მოვახერხებ გადახდას. ორი თვეა უკვე ვეღარ ვიხდი მათ პროცენტებს."
რა გამოსავალი შეიძლება არსებობდეს ამ მძიმე სიტუაციიდან, როგორ შეიძლება მოაგვაროს სახელმწიფომ მათი პრობლემები? ამ თემებზე საბანკო და საფინანსო საქმის სპეციალისტების მოსაზრებებს "გურია ნიუსი" სტატიის მეორე ნაწილში შემოგთავაზებთ.