პროექტ "მედიის პროფესიული დეტექტორი: ფაქტები და მითები ევროკავშირის შესახებ", რომლის მიზანია საზოგადოების კვალიფიციური ინფორმირება ევროინტეგრაციის პროცესისა და დასავლური ღირებულებების შესახებ, მორიგ კვლევას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, ინფორმაცია, თითქოს ევროკავშირთან რეადმისიის შესახებ გაფორმებული შეთანხმება საქართველოს სირიელ ლტოლვილთა მიღებას ავალდებულებს, მცდარია.
"გურია ნიუსი" კვლევას უცვლელად გთავაზობთ:
"ქვეყანაში მომძლავრებული რუსული პროპაგანდის ერთ-ერთი მაგალითი ქართულ მედიაში ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციაა, თითქოს საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ 2010 წელს ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე, ევროკავშირმა საქართველოს შესაძლოა სირიელ ლტოლვილთა ნაკადის მიღება მოსთხოვოს.
ნიშანდობლივია, რომ საქართველოს კონტექსტში მიგრანტების თემის და მასთან დაკავშირებული შესაძლო საფრთხეების ტირაჟირება ევროპაში, კერძოდ კი გერმანიაში მიმდინარე რუსული პროპაგანდის ფონზე ხდება. ბერლინში მცხოვრები 13 წლის რუსი ემიგრანტი გოგონას დროებით გაუჩინარების საქმეს გერმანიასა და რუსეთს შორის დიპლომატიური დაპირისპირება მოჰყვა. გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი გოგონა მიგრანტებმა გაიტაცეს და გააუპატიურეს. თუმცა, ბერლინის პროკურატურის თანახმად, ეჭვმიტანილები ახლო აღმოსავლეთიდან მიგრანტები არ არიან. ამ ფაქტს ბერლინსა და გერმანიის სხვა ქალაქებში რუსი მიგრანტების მიერ ორგანიზებული საპროტესტო გამოსვლები მყისიერად მოჰყვა. აქციას მოსკოვიც გამოეხმაურა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ გერმანიის ხელისუფლება სიმართლის დაფარვას არ შეეცდება. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა კი რუსი კოლეგის განცხადება გერმანიის შიდა საქმეებში ჩარევის და გერმანიაში მიგრანტებთან დაკავშირებული რთული დებატების გაღვივების მცდელობად შეაფასა.
აღნიშნულიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ მიგრანტების თემით სპეკულირებას რუსეთი ორი მიმართულებით იყენებს: ერთი მხრივ, მოსკოვი ევროპის ქვეყნებში ამ მტკივნეული თემის გარშემო მიმდინარე დებატების და საზოგადოებრივი განწყობების კიდევ უფრო გამძაფრებას ცდილობს. ევროკავშირის ეკონომიკური სანქციების საპასუხოდ ევროპის ქვეყნებში პოლიტიკური დაპირისპირებისა და დესტაბილიზაციის შეტანა რუსეთს უდაოდ ხელს აძლევს. მეორე მხრივ კი, კრემლი დასავლეთის დისკრედიტაციის და საკუთარი გავლენის სფეროების შენარჩუნებას ცდილობს, რისთვისაც პროპაგანდისტული მანქანის დახმარებით, ევროკავშირის პოლიტიკას მის პარტნიორ ქვეყნებში სერიოზულ საფრთხედ წარმოაჩენს.
ამ ფონზე, საქართველოსთან სირიელი მიგრანტების თემის სრულიად დაუსაბუთებლად დაკავშირება, რუსული პროპაგანდის კვალზე მარტივად მიუთითებს. ახლო აღმოსავლეთიდან მიგრანტების ნაკადის გადანაწილება ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში საკმაოდ მტკივნეულად, მაგრამ გარკვეულწილად მაინც მიმდინარეობს. თუმცა, საქართველო ევროკავშირის მხოლოდ ასოცირებული წევრია და მას ლტოლვილთა მიღების პროცესში მონაწილეობას ევროკავშირი არ ავალდებულებს. ქვეყნის მიმართ მსგავსი მოთხოვნის ცალსახად წაყენება არც ევროკავშირთან გაფორმებული რეადმისიის შეთანხმების საფუძველზეა შესაძლებელი.
საკითხის კომპლექსურობიდან გამომდინარე, საჭიროა დეტალურად განიმარტოს როგორც აღნიშნული შეთანხმების არსი და მნიშვნელობა, ისე მისი კონკრეტული პირობები ხელმომწერ მხარეებთან მიმართებით.
ევროკავშირმა და საქართველომ რეადმისიის შეთანხმებას ხელი 2010 წლის 22 ნოემბერს მოაწერეს. 2011 წლის 1მარტსშეთანხმება ძალაში შევიდა.ცნობისთვის, უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირს რეადმისიის შეთანხმება საქართველოს გარდა 16 ქვეყანასთან, მათ შორს რუსეთთან, სომხეთთან, აზერბაიჯანთან, უკრაინასთან, მოლდოვასთან, თურქეთთან, ა.შ. აქვსგაფორმებული. რეადმისიის შეთანხმების გასაფორმებლად მოლაპარაკებები 20-ზე მეტ სხვა ქვეყანასთან ამჟამადაც მიმდინარეობს.
ყოველწლიურად, ევროკავშირი საკუთარი ტერიტორიის ფარგლებს 400.000-დან 500.000-მდე არალეგალ ემიგრანტსატოვებინებს. საიმიგრაციო პოლიტიკის ღიად, ეფექტურად და ჰუმანურად წარმართვას ევროკავშირი მესამე ქვეყნებთან რეადმისიის შეთანხმების გაფორმების გზით ახდენს. რამდენად გამარტივებულიც არ უნდა იყოს ევროპის ტერიტორიაზე შესვლა, ევროპის მასშტაბით უსაფრთხო გარემოში გადაადგილება ევროკავშირის მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, პარტნიორ ქვეყნებთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის ან უვიზო მიმოსვლის ერთ-ერთ მთავარ წინაპირობას რეადმისიის შეთანხმების გაფორმება წარმოადგენს. ეს შეთანხმება მესამე ქვეყნის მოქალაქეების ევროპაში ლეგალურ საფუძველზე ყოფნას და უკანონო მიგრაციის კონტროლს უზრუნველყოფს. საქართველოს შემთხვევაშიც რეადმისიის შეთანხმების გაფორმება აუცილებელი წინაპირობა იყო იმისთვის, რომ ქვეყანას გამარტივებული სავიზო რეჟიმი, შემდეგ კი ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა და ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის პერსპექტივა მიეღო.
რეადმისიის შეთანხმება განსაზღვრავს მკაფიო ვალდებულებებსა და პროცედურებს მესამე ქვეყნებისა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისათვის იმის თაობაზე, თუ როდის და როგორ უნდა მოხდეს მათ ტერიტორიებზე უკანონოდ მცხოვრები პირების თავიანთ ქვეყნებში დაბრუნება. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის თანახმად, რეადმისიის შეთანხმების გამოყენებისას ადამიანის უფლებები სრულად დაცულია.
კონკრეტულად საქართველოსა და ევროკავშირს შორის 2010 წელს გაფორმებული რეადმისიის შეთანხმების მიზანია მხარეებს შორის არალეგალური მიგრაციის სფეროში თანამშრომლობა გააძლიეროს და განამტკიცოს, ასევე არალეგალი მიგრანტების დაბრუნების პროცედურები კანონიერ ჩარჩოში მოაქციოს. ამ მხრივ, შეთანხმება საქართველოსა და ევროკავშირს ავალდებულებს საკუთარ ტერიტორიებზე უკანონოდ მყოფი მეორე მხარის მოქალაქეები სამშობლოში დააბრუნოს, რისთვისაც გარკვეულ ვალდებულებებსა და პროცედურებს განსაზღვრავს.
რეადმისიის შეთანხმება ასევე ითვალისწინებს მესამე ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა (ii) რეადმისიას, თუმცა შეთანხმება არ გულისხმობს რომელიმე მხარის მიერ ამ პირთა უპირობოდ მიღებას. რეადმისიის ვალდებულებების ნაწილში გარკვევით არის აღნიშნული, რომ საქართველო განახორციელებს მესამე ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირთა რეადმისიას, მხოლოდ იმ პირობით თუ დამტკიცდება, რომ ეს პირები:
"რეადმისიის განაცხადის წარდგენის დროს ფლობდნენ საქართველოს მიერ გაცემულ მოქმედ ვიზას ან ბინადრობის უფლებას; ან
საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის ან მისი ტერიტორიის ტრანზიტის გავლის შემდეგ, უკანონოდ და პირდაპირ შევიდნენ წევრ სახელმწიფოთა ტერიტორიაზე." (რეადმისიის შეთანხმება, ნაწილიI, მუხლი 3).
პირველ პუნქტში მითითებული რეადმისიის ვალდებულება არ იმოქმედებს, თუ:
-
"მესამე ქვეყნის მოქალაქემ, ან მოქალაქეობის არმქონე პირმა გადაკვეთა მხოლოდ საჰაერო ზონა საქართველოს საერთაშორისო აეროპორტის გავლით;ან
-
მოთხოვნის წარმდგენმა წევრმა სახელმწიფომ მესამე ქვეყნის მოქალაქეზე ან მოქალაქეობის არმქონე პირზე გასცა მოქმედი ვიზა ან ცხოვრების ნებართვა თავის ტერიტორიაზე შესვლამდე ან შესვლის შემდეგ" (იქვე).
ამგვარად, მცდარია მოსაზრება იმის შესახებ, რომ რეადმისიის შეთანხმების საფუძველზე ევროკავშირმა საქართველოს შესაძლოა მესამე ქვეყნიდან (თუნდაც სირიიდან) ლტოლვილთა ნაკადის მიღება უპირობოდ მოსთხოვოს.
მითის წყარო
დიმიტრი ლორთქიფანიძე: "დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო": არ დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს ევროკავშირის წინაშე ბევრი ვალდებულება აქვს აღებული და მათ შორის ერთერთია ე.წ. რეადმისიის ხელშეკრულება, რომელსაც ჯერ კიდევ სააკაშვილის ხელისუფლების დროს 2011 წელს მოეწერა ხელი. შესაძლოა, სწორედ ამ ხელშეკრულებისა და ვალდებულებების საფუძველზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში, ევროკავშირმა საქართველოს სირიელ ლტოლვილთა ნაკადის მიღება მოსთხოვოს. მოკლედ, აშშ-ის მოთხოვნით საქართველოში თურქული შეიარაღებული კონტინგენტის შესაძლო განთავსება და ევროკავშირის მოთხოვნით სირიელ ლტოლვილთა გარკვეული ნაკადის მიღება სწორედაც რომ სრულფასოვანი მიზეზი გახდებოდა იმისათვის, რომ ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დაეტოვებინა! ღარიბაშვილის უეცარი გადადგომის სხვა მიზეზებსა და გარემოებებს, უბრალოდ, ვერ ვხედავ!", _ აღნიშნულია კვლევაში.