გურიაში თხილის ფასის დაცემამ გურულების გაღიზიანება გამოიწვია. ამ ეტაპზე ერთი კილოგრამი "გულშიშველა" 3 ლარი ღირს, ხოლო "ბერძნულა"5 ლარი და 20 თეთრი. თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარე ალექსანდრე მოწერელია "გურია ნიუსთან" საუბრის დროს ამბობს, რომ თხილის ფასის მომატება უახლოეს დღეებში არ მოხდება.
"როგორც მოგეხსენებათ, თხილის ფასს განსაზღვრავს მსოფლიოს ბაზარზე თურქეთი. აქედან გამომდინარე, როდესაც მოსავალი დიდია თხილის დეფიციტი არ არის ბაზარზე და როდესაც თურქეთში თხილი იაფდება, იაფდება ჩვენთანაც, საქართველოში. "გულშიშველა იმიტომ ღირს 3 ლარი,რომ მისი ხარისხი არ ვარგა, რაც შეეხება "ბერძნულას," ამ წუთებში მისი ფასი 5 ლარი და 40 თეთრია. ისევ მივდივართ იმ პრობლემასთან, რაზეც ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ, რომ ქართული თხილის პრობლემა არის შრობა. ცუდი შრობიდან გამომდინარე "გულშიშველას" გამოსავლიანობის პროცენტი არის ძალიან დაბალი და ამიტომ მისი ფასიც დაბალია." – გვითხრა ალექსანდრე მოწერელიამ.
მისივე თქმით, როდესაც თხილის ფასი 7 ლარზე იყო, მაშინ მოსახლეობამ არ ჩააბარა.
"ადამიანის ბუნება ასეთია, როცა იყო 7 ლარი, არ გაყიდა მაშინ თხილი. ახლა დაიწია თხილის ფასმა და წუწუნებს ყველა. ჩვენ ყველამ ვიცოდით, რომ თურქეთში კარგი მოსავალი იყო და ასევე კარგი მოსავალი იყო საქართველოშიც. ვერ გამიგია, რაზე ამყარებს იმედს ხალხი და რატომ ჰგონიათ, რომ თხილის ფასი მოიმატებს მუდმივად?" – თქვა ჩვენთან სატელეფონო საუბრის დროს ალექსანდრე მოწერელიამ.
"ბიზნეს კურიერში" კი თხილის ფასის დაცემაზე სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ ასეთი კომენტარი გააკეთა:
"პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ თხილის ფასს განსაზღვრავს მსოფლიო ბაზრის კონიუნქტურა. მთავრობის მონაწილეობა ფასის განსაზღვრაში არის მინიმალური, ფაქტიურად ნულს უტოლდება. თურქეთი არის ერთ-ერთი მოთამაშე თხილის ბაზარზე მსოფლიოში და დიდწილად არის დამოკიდებული მის წარმოებებზე, მასშტაბებზე და ა.შ. თუ რა ფასი ექნება თხილს საერთაშორისო ბაზარზე." – ამბობს კერესელიძე.
ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, თურქული თხილის ფასი ამ დროისათვის საერთაშორისო ბირჟებზე 7,28 დოლარიდან 8 დოლარამდე, ანუ 21 თურქული ლირიდან 23 ლირამდე მერყეობს. (საუბარია საბითუმო ფასზე, ავტ). დამუშავებული თხილის ფასი კი მაგალითად რუსეთში დაახლოებით 30 ლარია (აქაც საუბარია საბითუმო ფასზე, ავტ).