"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ინფორმაციით, ფარული პატრულირება კონსტიტუციით დაცულ ადამიანის პირადი ცხოვრების უფლებას ეწინააღმდეგება.
ამის შესახებ ორგანიზაცია კვლევას აქვეყნებს, რომელსაც "გურია ნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:
"საქართველოს პარლამენტი განიხილავს საქართველოს მთავრობის ინიციატივის საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც საგზაო უსაფრთხოების მარეგულირებელ ნორმებში ცვლილებებს ითვალისწინებს.
"პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონში წარმოდგენილი ცვლილებებით, პოლიციას უფლება ეძლევა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, პოლიციის სარგებლობაში არსებული შესაბამისი ამოსაცნობი ნიშნების მქონე ან ამგვარი ამოსაცნობი ნიშნების არმქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დაამონტაჟოს ფოტო/ვიდეო ტექნიკა.
დღეს მოქმედი კანონის 27-ე მუხლის თანახმად, საზოგადოებრივი უსაფრთხოების დასაცავად პოლიცია უფლებამოსილია, ფორმის ტანსაცმელზე, გზასა და შენობების გარე პერიმეტრზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამონტაჟოს/განათავსოს, აგრეთვე, გამოიყენოს სხვის მფლობელობაში არსებული დამონტაჟებული ავტომატური ფოტო და ვიდეოტექნიკა.1
მოქმედი კანონის თანახმად, დამონტაჟებული/განთავსებული ავტომატური ფოტოტექნიკის (რადარის) და ვიდეოტექნიკის შესახებ ინფორმაცია მითითებული უნდა იყოს თვალსაჩინო ადგილას.
შემოთავაზებული კანონპროექტი სწორედ ამ მთავარ პრინციპს ცვლის და პოლიციას ანიჭებს ავტომატური ფოტოტექნიკის (რადარის) და ვიდეოტექნიკის ფარული გამოყენების უფლებას.
ფარული პატრულირება შემოთავაზებული ცვლილებების შინაარსიდან გამომდინარე, ფაქტობრივად წარმოადგენს ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებებს, რომელიც კანონით გათვალისწინებულ განსაკუთრებულ შემთხვევებში არის ნებადართული. აქედან გამომდინარე, აღნიშნული ქმედებების განხორციელება ფაქტიურად გამარტივებული წესით ხდება, რაც კონსტიტუციით აღიარებული ადამიანის უფლებების დარღვევის და პოლიციის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შემდეგ რისკებს შეიცავს:
-
კონსტიტუციასთან, საქართველოს კანონმდებლობასთან და ადამიანის ძირითად უფლებებთან შეუსაბაობა
ფარული ფოტო და ვიდეო გადაღება არის ოპერატიული მოქმედებების ფორმა და ადამიანის პირად ცხოვრებაში ინტენსიურ ჩარევას წარმოადგენს. პირადი ცხოვრება დაცულია საქართველოს კონსტიტუციის მე-16 და მე-20 მუხლებით. საქართველოს კონსტიტიციის მე-20 მუხლი პირადი ცხოვრების უფლების შეზღუდვის მხოლოდ ორ შემთხვევას ითვალისწინებს – სასამართლო გადაწყვეტილებას და კანონით გათვალისწინებულ გადაუდებელ აუცილებლობას.
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ფარული ვიდეო და აუდიო გადაღება ერთადერთ შემთხვევაში არის დაშვებული – მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა გამოძიების დროს.
ფარული ვიდეო და აუდიო თვალთვალის სტანდარტი განსაკუთრებით გაიზარდა 2014 წელს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განხორციელებული რეფორმის შედეგად. ფარული ვიდეო და აუდიო გადაღება აიკრძალა დანაშაულის პრევენციისა და სამართალდაცვითი მიზნებისათვის გამოძიების დაწყების გარეშე, განისაზღვრა პირთა წრე და დანაშაულთა კატეგორია, რა შემთხვევაშიც დაშვებულია ფარული თვალთვალი.
მიუხედავად იმისა, თუ რა მიზანს ემსახურება ფარული ვიდეო და აუდიო ჩაწერა (დანაშაულის გახსნა, ქვეყნის უშიშროების და მართლწესრიგის დაცვა და სხვ.) მისი განხორციელების წესი უნდა აკმაყოფილებდეს კონსტიტუციის მე-20 მუხლით დადგენილ სტანდარტს. შესაბამისად, საგზაო უსაფრთხოების დაცვის მიზანი არ ამართლებს ფარული ვიდეო და აუდიო გადაღების წარმოებას.
-
პერსონალურ მონაცემთა დამუშავების წესის დარღვევა
პერსონალურ მონაცემთა დამუშავების წესს არეგულირებს საქართველოს კანონი "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ". აღნიშნული კ ანონი მონაცემთა დაცვის იმ პრინციპებს ითვალისწინებს, რომელთა დარღვევა მონაცემთა დამამუშავებელი სუბიექტის პასუხისმგებლობის საფუძველია. კანონის მე-4 მუხლის "გ" ქვეპუნქტის თანახმად, მონაცემთა დამუშავების ერთ-ერთი პრინციპია "მონაცემთა დამუშავება მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი კანონიერი მიზნის მისაღწევად. მონაცემები უნდა იყოს იმ მიზნის ადეკვატური და პროპორციული, რომლის მისაღწევადაც მუშავდება ისინი."
საგზაო უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ფარული ვიდეო და აუდიო გადაღება ვერ აკმაყოფილებს პროპორციულობის ტესტს, ვინაიდან ამ გზით ხდება პირის პირად ცხოვრებაში ინტენსიური ჩარევა და მისი კონსტიტუციური უფლების შეზღუდვა.
-
კანონქვემდებარე აქტით საკითხის დარეგულირება
კანონროექტის ერთ-ერთი პრობლემური საკითხია ფარული პატრულირების წესის რეგულირება შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით. კანონპროექტის მე-60 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, `მინისტრმა 2016 წლის 1 იანვრამდე უნდა დაამტკიცოს პოლიციის სარგებლობაში არსებული შესაბამისი ამოსაცნობი ნიშნების მქონე ან ამგვარი ამოსაცნობი ნიშნების არმქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დამონტაჟებული/განთავსებული, ფოტო/ვიდეო ტექნიკის, აგრეთვე არასტაციონარული (მოძრავი) სიჩქარის მზომი ხელსაწყოს განთავსებისა და გამოყენების წესი.“.
კანონი არ ითვალისწინებს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა ამოსაცნობი ნიშნის გარეშე კამერის ჩართვის ინტენსივობა, კერძოდ, მუდმივად ჩართული იქნება, თუ მას ჩართავენ მხოლოდ სამართალდარღვევის დაფიქსირების პროცესში; არ არის განმარტებული, თუ რას გულისხმობს პოლიციის სარგებლობაში არსებული მანქანა, კერძოდ, მას მხოლოდ პოლიცია მართავს, თუ შესაძლებელია სამოქალაქო პირებს ხელშეკრულებით საფუძველზე მიანიჭოთ ეს ფუნქცია (მათ ავტომობილებზე დაამაგრონ კამერები). კანონპროექტის თანახმად, ეს და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები მინისტრის ბრძანებით უნდა დარეგულირდეს. "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-8 მუხლის "ბ" ქვეპუნქტის თანახმად, მხოლოდ საქართველოს საკანონმდებლო აქტით შეიძლება განისაზღვროს ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელებისა და დაცვის პირობები და წესი, იურიდიული პასუხისმგებლობის საკითხები.
ფარული პატრულირება უშუალოდ შემხებლობაშია ადამიანის პირადი ცხოვრებისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფლებასთან, შესაბამისად, მისი განხორციელების წესი მხოლოდ კანონით უნდა განისაზღვროს.
-
ფარულ პატრულირებასთან დაკავშირებული რისკები
ფარული ვიდეო და აუდიო გადაღებით, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გარდა, შესაძლებელია მოგროვდეს ინფორმაცია პირის გადაადგილების, სოციალური ჩვევების, პირადი და საქმიანი კონტაქტების შესახებ.
სწორედ აღნიშნულით არის განპირობებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესი, რომსაჯარო სივრცეში განთავსებულ კამერას (გზებზე, სავაჭრო ობიექტებსა თუ დაწესებულებებში და აშ) უნდა ახლდეს გამაფრთხლებელი ნიშანი. საქართველოს კანონი "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" და მოქმედი კანონი "პოლიციის შესახებ" ხაზს უსვამს, რომ ეს ნიშანი განთავსებული უნდა იყოს თვალსაჩინო ადგილას. ვიდეო და აუდიო გადაღების შესახებ გაფრთხილება პირს შესაძლებლობას აძლევს აკონტროლოს ქცევა და შესაბამისად, იმ პირადი ინფორმაციის მოცულობა, რომელიც სხვისთვის ხდება ცნობილი და ელექტრონულ მატერიალურ მატარებელზე დაფიქსრებული.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულია ფარული ვიდეო და აუდიო ჩანაწერებით მოპოვებული ინფორმაციის განადგურების სპეციალური რეჟიმი (სსსკ. მუხლი 143 (8). "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონით კი უზრუნველყოფილია ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის განადგურების სპეციალური კომისიის შექმნა. განადგურების სპეციალური რეჟიმის მიზანი პირადი ცხოვრების უფლების დაცვაა. შემოთავაზებული კანონპროექტი არ ითვალისწინებს ფარული პატრულირების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის განადგურების წესისა და ვადების რეგულირებას, რაც პირადი ცხოვრების უფლებისა და პერსონალური მონაცემების დარღვევის მნიშვნელოვან რისკს წარმოადგენს.
ფარული პატრულირება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ უფლების ბოროტად გამოყენების დიდ რისკს შეიცავს. ამ გზით მოგროვილი ინფორმაცია საგზაო მოძრაობის უსაფრთხებასთან ერთად, შესაძლოა ასევე შეეხებოდეს პირის პირად და საქმიან ინფორმაციას.
სწორედ ამ რისკებისგან დაზღვევის მიზნით და კონსტიტუციის მე-20 მუხლის შესაბამისად, კანომდებლობა განსაკუთრებით მკაცრ წესებს ადგენს ფარული ვიდეო და აუდიო გადაღებისათვის.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ფარული პატრულირება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, შეიცავს უფლების ბოროტად გამოყენების დიდ რისკებს. პერსონალურ მონაცემთა ამ ხერხით დამუშავება საგზაო უსაფრთხებისათვის არ არის მიზნის პროპორციული", _ აღნიშნულია კვლევაში.
თუმცა, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროდან "გურია ნიუსს" აცნობეს, "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ კვლევაში აღნიშნული ტერმინს "ფარული პატრულირებას" საერთო არაფერი აქვს "უკონტაქტო პატრულირებასთან". ტერმინები შინაარსობრივად განსხვავდება ერთმანეთისგან. უწყების ცნობით, უკონტაქტო პატრულირება კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში არ მოდის.
თუ რას ნიშნავს კონკრეტულად "უკონტაქტო პატრულირება" გურია ნიუსი" უწყების განმარტებას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.