სასამართლო სისტემაში დისციპლინური პასუხისმგებლობის დაყენების საკითხი კვლავ აქტუალური გახდა, თუმცა, არა საზოგადოების, არამედ თავად მოსამართლეების მოთხოვნით. საქმე ისაა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის, არასამთავრობოები კი, იმ მოსამართლეების დასჯას მოითხოვენ, რომლებიც მამუკა ახვლედიანს აკრიტიკებენ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს, მამუკა ახვლედიანს ეთიკის ნორმების დარღვევასა და მოსამართლისთვის შეუფერებელ ქმედებაში ადანაშაულებენ, რამაც, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის დადგენილებით, სასამართლოს ავტორიტეტი და ნდობა შებღალა.
შეგახსენებთ, რომ მამუკა ახვლედიანმა 2015 წლის 29 დეკემბერს, წლის შემაჯამებელ ბრიფინგზე, სასამართლო სისტემაში არსებულ სხვადასხვა პრობლემაზე, მოსამართლის დანიშვნისა და დაწინაურების წესზე ისაუბრა. ამასთან, უნდობლობა გამოუცხდა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს. კერძოდ, განაცხადა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოც უნდა წავიდეს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეც, რადგან ვერც ერთმა ვერ გაართვა თავი მათზე დაკისრებულ მოვალეობებს.
ამ განცხადების შემდეგ, ახვლედიანის მიმართ უკმაყოფილება მოსამართლეების ნაწილმა გამოთქვა და მის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გაემიჯნა, ერთი თვის შემდეგ კი, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მისი დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხიც დადგა.
მამუკა ახვლედიანი საუბრობს სისტემურ პრობლემებზე და თუ სისტემურ პრობლემებზე საუბარი ჩაეთვლება დისციპლინურ გადაცდომად, ეს მესიჯი იქნება, რომ არავინ ხმა არ ამოიღოს იმ პრობლემებზე, რომელიც სასამართლოს აქვს, _ ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ანა ნაცვლიშვილმა ახვლედიანის მიერ გადაწყვეტილებების გასაჯაროების შემდეგ განუცხადა.
მისი თქმით, მამუკა ახვლედიანის განცხადებებში ეთიკის ნორმების დარღვევა და დისციპლინური გადაცდომა არ ყოფილა.
"თუ ვერ დავინახავთ დისციპლინურ გადაცდომას, იგივე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეების განცხადებაში, რომელიც გააკეთეს მამუკა ახვლედიანის მიმართ და ასევე შიდა ქსელში მოსამართლეების მიმოწერაში, ეს აჩვენებს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ცდილობს ხელი დააფაროს იმ მოსამართლეებს, რომლებიც სასამართლოში ძლიერი ჯგუფების მხარდამჭერები არიან ", _ განაცხადა ნაცვლიშვილმა.
აღნიშნული 12 მოსამართლის მიმართ დისცილინური სამართალწარმოების დაწყების მოთხოვნით კოალიცია "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართმსაჯულებისთვის" წევრებმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უკვე მიმართეს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 8 მოსამართლემ, მამუკა ახვლედიანის საპასუხოდ განცხადება დეკემბერშივე გაავრცელა, ხოლო 4-მა მოსამართლემ სასამართლოს შიდა ქსელში ახვლედიანის წინააღმდეგ მიმოწერა გამართეს, რაც, კოალიციის წარმომადგენელთა თქმით, არაეთიკურია.
"პოლიტიკის და სამართლის ცენტრის" ხელმძღვანელი, იურისტი ამირან გიგუაშვილი "გურია ნიუსთან" საუბრიას ამბობს, რომ სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესები პოლიტიკურია და მას სამართლიანობასთან კავშირი არ აქვს.
"რაც დღეს სასამართლოში ხდება, პოლიტიკური პროცესია და არა სამართლებრივი. რეალურად, მიმდინარეობს გარკვეული ჯგუფების მხრიდან ერთის მხრივ, არსებული პოლიტიკური გავლენების შენარჩუნების, მეორე მხრივ კი, ამ გავლენების მოპოვების მცდელობა. ეს არაჯანსაღი პროცესია და აზარალებს სასამართლო სისტემას.
ვამბობდი, რომ დღევანდელი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ვერ შეძლებდა სასამართლო სისტემაში კონსესუსის მიღწევას, მისი დანიშვნა გამოიწვევდა ისეთ პროცესებს, რომელიც არ შექმნიდა ჯანსაღ გარემოს, ზუსტად ამის მომსწრენი ვართ ახლა.
არასამთავრობოთა ორგანიზაციების წარმომადგენლების და საზოგადოების ნაწილი ცდილობს კონცენტრირება გააკეთოს გარკვულ გვარ–სახელებზე, რომ ხელისუფლების მიერ მოცემული სამართლიანობის აღდგენის პირობის შეუსრულებლობისთვის აგრესია ამ მოსამართლეებზე გადაიტანონ", _ აღნიშნავს გიგუაშვილი.
იურისტი ამბობს, რომ "ის ადამიანები, რომლებიც გავლენების შენარჩუნებას თუ მოპოვებას ცდილობენ სისტემაში, ბუნებრივია, პოლიტიკურ ინტერესს ხედავენ".
"ესენი შეიძლება იყვნენ ცალკეული მოსამართლეებიც და არასამთავრობო ორგანიზაციებიც, ან ყოფილ და მოქმედ ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირები. სასამართლო სისტემაში პოლიტიკური გადარჩენის და გავლენის მოპოვების პროცესი მიმდინარეობს. ეს არ არის სასამართლოს რეფორმირების ან სამართლიანობის აღდგენის პროცესი. თუ დავალთ პიროვნებებამდე და კონკრეტული მოსამართლის პასუხისმგებლობის საკითხს დავაყენებთ, ეს ისეთივე ბუტაფორია იქნება, როგორიც წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნების დაჭერა იყო. დღეს ეს პირები ციხეში სხედან, თუმცა სამართლიანობის აღდგენის პროცესი არ შედგა. ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ მათ მიმართ პოლიტიკური შერჩევითი სამართალი განხორციელდა", _ აღნიშნავს გიგუაშვილი და დასძენს, რომ "რაც დღეს სასამართლო სისტემაში ხდება მოქმედი ხელისუფლების "დამსახურებაა".
"თავის დროზე არ შეფასდა ეს მოსამართლეები სისტემის მსხვერპლნი იყვნენ თუ მთავარი მოქმედი პირები. სისტემის გლობალური შეფასება არ მომხდარა. ხელისუფლება შეეცადა რომ ინდივიდებამდე დაიყვანა წინა ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხი, ამიტომ დღეს საზოგადოებაში უსამართლობის განცდა ისევ არის. ეს პირები კი ცდილობენ, თავისი წილი პასუხისმგებლობა აიცილონ და გავლენა მოიპოვონ ან შეინარჩუნონ.
მეეჭვება, რომ მამუკა ახვლედიანი, რომელიც წინა ხელისუფლების ქმედებების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე პირი იყო შეძლებს საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვებას ამ ქმედებებით. არავინ არ უნდა გახდეს შერჩევითი დისციპლინური სამართალწარმოების მსხვერპლი.
მამუკა ახვლედიანის მიერ ფაქტების გასაჯაროების შემდეგ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყება შესაძლოა ტოვებდეს იმის განცდას, რომ საქმე მარტო სამართალთან არ არის. თუმცა, ეს ვერ შექმნის ფონს საზოგადოებისთვის, ვერანაირად ვერ გადაიქცევა გმირად მამუკა ახვლედიანი. თუ რამ უსამართლობა ხდებოდა სასამართლო სისტემაში, ამის მონაწილე ყველა მოსამართლე იყო კოლექტიურად, ვინც მეტნაკლებად ხელმძღვანელ პოსტებს იკავებდა. არა მგონია, გარკვეული ფაქტების გასაჯაროებამ ნეგატიური დამოკიდებულება რადიკალურად დადებითისკენ შეცვალოს", _ ამბობს გიგუაშვილი და დასძენს, რომ სამართლიანობის აღდგენის დაპირების შეუსრულებლობამ საზოგადოებაში აგრესია გააჩინა.
"ეს დაპირება გარკვეული კოსმეტიკური საკანონმდებლო ცვლილებებით შეიფუთა, საბოლოო ჯამში კი, ამან საზოგადოებაში გააჩინა განცდა, რომ არც სასამართლოში, არც პროკურატურაში და არც ადგილობრივი თვითთმართველობის დონეზე რეალური რეფორმები არ განხორციელებულა. მოხდა ყოფილი "ნაციონალების" გადმოპორტირება მოქმედ სახელისუფლებო პარტიაში და სამართლიანობის აღდგენის ფალსიფიკაცია. უნდობლობა, რომელიც სასამართლოს მიმართ არსებობდა აგრესიაში გადაიზარდა", _ აღნიშნავს იურისტი.
გიგუაშვილი გამოსავალს მხოლოდ არსებული საკადრო პოლიტიკის შეცვლასა და რადიკალური რეფორმების გატარებაში ხედავს.
"აბსოლუტურად შეუძლებელია ეს პროცესი რომელიმე საკანონმდებლო ინიციატივამ დაარეგულიროს. მართლმსაჯულების მიმართ ნდობის მოპოვებას რადიკალური რეფორმების განხორციელება სჭირდება, რომელსაც ვერ განახორციელებს ცალკე აღებული რომელიმე სამინისტრო ან პოლიტიკოსი. ამას სჭირდება საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.
უნდა შეიცვალოს სასამართლოში არსებული საკადრო პოლიტიკა, მნიშვნელოვანია არა მარტო სასამართლოში, ყველა რგოლში კადრების ცვლილება, გადახალისებები. მოსამართლეებს ამასთანავე უნდა ჰქონდეთ აბსოლუტური გარანტია, რომ ხვალ თუ ხელისუფლება შეიცვლება, მათ პასუხს არავინ მოსთხოვს მათივე მიღებულ გადაწყვეტილებებზე პოლიტიკური ნიშნით.
საზოგადოების თითოეული წევრის დამოუკიდებლობა თითოეული მოსამართლის დამოუკიდებლობის ხარისხზე დგას. წინა ხელისუფლებას ჰქონდა მცდელობა იმისა, რომ სასამართლო სისტემა დაქვემდებარებაში ჰყოლოდა, ეკონტროლებინა. არ შეიძლება დღევანდელი ხელისუფლების მოქმედება "ნაციონალური მოძრაობის" ქმედებას შევადაროთ, მაგრამ დღეს არსებული პროცესი რომ მაინც პოლიტიკურია, ცხადია. ამიტომ ყველა პოლიტიკოსის ხელები სასამართლოსგან შორს უნდა იყოს", _ აღნიშნავს გიგუაშვილი.