ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა არ შედგა, იმ მიზეზით, რომ საკრებულოს 11 დეპუტატი არ გამოცხადდა სხდომაზე. "გურია ნიუსი" შეეცადა გაერკვია, რატომ არ მივიდნენ საკრებულოს სხდომაზე დეპუტატები.
"ქართული პარტიის" წევრმა ილია მეტრეველმა "გურია ნიუსის" ზარს არ უპასუხა. ამავე პარტიის წევრების ლერი ლაფაჩის და რამაზ იოსელიანის ტელეფონები კი გამორთული იყო. "ქართული პარტიიდან" მხოლოდ გიორგი ამბოკაძესთან დაკავშირება მოხერხდა.
"საქმეზე ვარ თბილისში და ამ ეტაპზე ვერ გიპასუხებთ. მოგვიანებით შეგეხმიანებით," – გვითხრა გიორგი ამბოკაძემ.
"ლეიბორისტული პარტიის" წევრის ზაზა მეზვრიშვილის ტელეფონზე მისმა შვილმა გვიპასუხა.
"ახლა ვერ დაგელაპარაკებათ ზაზა, რადგან შეუძლოდ არის, მოგვიანებით ალბათ შეძლებს თქვენთან დაკავშირებას,"– გვითხრა ზაზა მეზვრიშვილის შვილმა.
"რესპუბლიკური პარტიის" წევრმა დავით რაზმაძემ კი გვითხრა, რომ ის გორში არ იმყოფება.
" გასული ვარ ქალაქიდან და საკრებულოს აპარატში იცოდნენ ამის შესახებ, რომ ვერ დავესწრებოდი სხდომას. ჩემი იქ მისვლა არც იყო მნიშვნელოვანი. რვა ადამიანია, რომელიც წყვეტს მსგავსს საკითხებს და არ იყო საჭირო ჩემი იქ ყოფნა".-აღნიშნა რაზმაძემ.
"დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს" წევრი ზურაბ როსებაშვილი ამბობს, რომ ის დაკავებული იყო სხვა საქმით და საკრებულოს სხდომის დროს გორში არ იმყოფებოდა.
ამ ეტაპზე კომენტარი არ გააკეთა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის ყოფილმა მოადგილემ ნინო ზურაბიშვილმა.
"ვერ გესაუბრებით ამ ეტაპზე, არ შემიძლია საუბარი და მოგვიანებით შეგეხმიანებით", – გვითხრა ზურაბიშვილმა.
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, პაპუნა კობერიძე ამბობს, რომ საკრებულოს სხდომაზე მხოლოდ არჩევნების საკითხი იყო გამოსატანი და აქედან გამომდინარე, არ მივიდა სხდომაზე.
"მხოლოდ არჩევნების გამო ხომ არ მივიდოდი სხდომაზე, სხვა საკითხი კი დღეს არ განიხილებოდა," – თქვა ჩვენთან საუბრის დროს პაპუნა კობერიძემ.
"ქართული ოცნების' წევრმა, მერაბ მაისურაძემ თქვა, რომ ის ექიმია და როდესაც საკრებულოს სხდომა იყო ჩანიშნული, ოპერაციაზე იმყოფებოდა.
ქალაქ გორის საკრებულოს წევრის, "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი თამარ თედლიაშვილი "გურია ნიუსთან" სატელეფონო საუბრის დროს ამბობს, რომ ეს რაც მოხდა დღეს გორში, არის უპასუხისმგებლობა.
"საკრებულოს სხდომაზე 15 წევრიდან არ მოვიდა 11 წევრი. საკრებულოს დარბაზში ვიყავით მინდია გოდერძიშვილი ("ნაცინალური მოძრაობა "), თამარ თედლიაშვილი ('თავისუფალი დემოკრატები"), დავით წეწვაძე ("თავისუფალი დემოკრატები"), იოსებ ფარელაშვილი (დამოუკიდებელი დეპუტატი). ამიტომ სხდომაზე არ შედგა ქვორუმი და ვერ ავირჩიეთ საკრებულოს თავმჯდომარე, მისი მოადგილე და ოთხი კომისიის თავმჯდომარე. ფაქტობრივად პასუხისმგებლობას ინაწილებენ, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე ის წევრები, რომლებიც არ გამოცხადნენ დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე." – გვითხრა თამარ თედლიაშვილმა.