ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ სხვადასხვა ფინანსური პროდუქტის სარეიტინგო შეფასების პროცესის მექანიზმში ჩარევა გადაწყვიტა.
სენატმა კანონში შესწორება შეიტანა, რომლითაც კომპანიებს აეკრძალათ თავადვე შეარჩიონ სარეიტინგო სააგენტოები.
თუ ამ ინიციატივას წარმომადგენელთა პალატაშიც დაუჭერენ მხარს, შესაძლოა, უმსხვილესმა სარეიტინგო სააგენტოებმა შესაბამისი ბაზრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგონ, უფრო მცირე კონკურენტების სასარგებლოდ.
აქამდე ფინანსური კომპანიები, რომლებიც ამა თუ იმ პროდუქტს სთავაზობდნენ საზოგადოებას, თავადვე ირჩევდნენ სააგენტოს, რომელიც ფასიანი ქაღალდების საიმედოობას აფასებდა. ამ ვითარებაში ხშირი იყო შემთხვევები, როცა კომპანიები იმ სარეიტინგო სააგენტოს ირჩევდნენ, რომლისგანაც საუკეთესო შეფასება გარანტირებული იყო.
არსებული კანონის შეცვლის შემთხვევაში კომპანიების მაგივრად სარეიტინგო სააგენტოს სპეციალური ორგანო შეარჩევს. ინტერესთა ბალანსის დასაცავად, ამ ორგანოს შემადგენლობაში ყველა დაინტერესებული მხარის წარმომადგენელი შევა.
ყველაზე მეტი წარმომადგენელი ინვესტორებს ეყოლებათ. მათ გარდა, ადგილები კომპანიის, სარეიტინგო სააგენტოების წარმომადგენლებსა და დამოუკიდებელ ექსპერტებს შორის გადანაწილდება.