საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ინვესტორთა საბჭოს დაწყების წინ ავიაკომპანია "ვიზეარის" გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომელიც ქუთაისიდან ევროპის მიმართულებით ახალი რეისების დამატებისა და რეგიონში პირველი ბაზის გახსნას ითვალისწინებს.
კვირიკაშვილის შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ტურიზმისა და ბიზნესის განვითარებას ხელს შეუწყობს.
"კარგი ამბავი არის ის, რომ "ვიზეარმა" გახსნა ბაზა ქუთაისში და ჩვენ გვექნება 7 ახალი რეისი ევროპის მიმართულებით. უფრო მეტი პირდაპირი რეისი განხორციელდება ევროპისკენ. ეს კარგია იმიტომ, რომ ორი თვითმფრინავი იქნება მუდმივად მიმაგრებული ქუთაისზე. გაჩნდება 200 ახალი სამუშაო ადგილი ქუთაისსა და თბილისში და განმტკიცდება კავშირები ევროპასთან. ეს, ყოვლისმომცველ ინფრასტრუქტურულ გეგმასთან ერთად, რომელსაც მალე წარვადგენთ, მოგვცემს შესანიშნავ შესაძლებლობას, გვქონდეს ევროპასთან სატრანსპორტო კავშირი ქუთაისიდან. ეს კარგია ტურიზმის და ბიზნესის განვითარებისთვის და ევროპასთან სატრანსპორტო კავშირის განმტკიცებისთვის," – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა ინვესტორთა საბჭოს სხდომის დაწყების წინ.
ცნობისთვის, ავიაკომპანია "ვიზეარი" ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპისკენ შვიდ ახალ მიმართულებას ამატებს. ესენია: ქუთაისი-ბერლინი, ქუთაისი-მიუნხენი, ქუთაისი-მილანი, ქუთაისი-დორტმუნდი, ქუთაისი-სალონიკი, ქუთაისი-ლარნაკა, ქუთაისი-სოფია.
ავიარეისები 25 სექტემბრიდან დაიწყება, ფრენები განხორციელდება ოთხშაბათს და კვირას, მინიმალური ფასი 29.99 ევრო იქნება.


































































