თქმა არ უნდა, ის რაც 18 თებერვალს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში, პრეზენტაციის სახით ვიხილეთ, ისტორიული მოვლენაა. როგორც იქნა გაცხადდა ქართული ფეხბურთის განვითარების 5-წლიანი სახელმწიფო პროგრამა, რომელსაც ათეული წლებია მოუთმენლად ელის ქართული საზოგადოება.
თავად პრეზენტაცია ლევან კობიაშვილმა შესავალი სიტყვით გახსნა, უშუალოდ პროგრამაზე კი სფფ – ს ვიცე-პრეზიდენტმა, ნიკა ჯღარკავამ ილაპარაკა. თავდაპირველად აქცენტი დღევანდელ სიტუაციაზე გაკეთდა და ჩემპიონატის დაბალი დონის გამომწვევი მიზეზები დასახელდა – არათანმიმდევრული, ცვალებადი ფორმატი , მოძველებული ინფრასტრუქტურა, ცარიელი ტრიბუნები, კომერციულად უინტერესო ჩემპიონატი. ითქვა, რომ კერძო კლუბების პროცენტული მაჩვენებელი ყველაზე მეტი იყო 2009/10 წლების სეზონში – 60%, ამის შემდეგ კი კატასტროფულად დაეცა და დღეისთვის მხოლოდ 25%-ს შეადგენს.
ასევე კატასტროფულად შემცირდა ბავშვების რაოდენობა: ამ პროცესს ისიც ემატება, რომ სკოლების კატეგორიზაცია არ მომხდარა. ამავე დროს, საკომპენსაციო სისტემა ძალიან არაეფექტურია.
ყველაზე მნიშვნელოვანი დაფინანსების საკითხი გახლდათ. ითქვა, რომ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფეხბურთი სპონტანურად და არამიზანმიმართულად ფინანსდებოდა, არ არსებობდა სისტემა, უცნობი იყო, სახსრებს ვის და რა კრიტერიუმით აძლევდნენ, რა საშეჯიბრო ამოცანას უსახავდნენ…
ამ პროგრამით უმნიშვნელოვანესია, რომ სახელმწიფო სახსრების მობილიზაცია ერთიან ფონდში მოხდება, რომლიდანაც დაფინანსდება განვითარების პროგრამები, კლუბები და საფეხბურთო სკოლები. ფეხბურთის ფედერაციას კი მხოლოდ ფიფა-უეფასა და სამინისტროს ძველი დაფინანსება დარჩება. ანუ სფფ-ს ამ ფულთან შეხება არ ექნება.
ამ ფონდის მიზანი ჩემპიონატის დონის ამაღლება, ფეხბურთში თანამედროვე მართვის მეთოდების დანერგვა, კონკურენტუნარიანი და თავისუფალი ბაზრის ჩამოყალიბება იქნება.ეს ყველაფერი კი პირდაპირ კავშირშია თავად ჩემპიონატის ჩატარების სისტემასთან, რომელიც კარდინალურად იცვლება.
დავიწყოთ იმით, რომ ჩემპიონატი გაზაფხული-შემოდგომის სისტემაზე გადავა, მარტში დაიწყება და ნოემბერში დასრულდება.მანამდე კი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ გარდამავალი ჩემპიონატი გველის, სადაც 16 გუნდი 8-8-გუნდიან ორ ჯგუფად დაიყოფა და ზაფხულიდან ნოემბრამდე ორ წრედ (14 მატჩი) ითამაშებს.
ჩემპიონი ჯგუფების გამარჯვებულს შორის გამოვლინდება, ისევე, როგორც – ევროსაგზურების მფლობელები, მაგრამ ჯერ ამის დეტალები მთლად დაზუსტებული არ არის. ლიგიდან 6 გუნდი გავარდება და მივიღებთ 10-გუნდიან ჩემპიონატს.
გარდამავლი ჩემპიონატის დროს, პირველი ლიგიდან გუნდი აღარ დაწინაურდება, რაც ამ ეტაპზე ქვედა ლიგის გუნდების მხრიდან ლიცენზირების გავლის სურვილის არარსებობით აიხსნება.
სწორედ გარდამავალი ჩემპიონატის შემდეგ იწყება რეფორმის მთავარი ეტაპი. იქმნება PRO ლიგა 1 და PRO ლიგა 2 ,სადაც 10 – 10 გუნდი ითამაშებს.ასევე ორ 10-10-გუნდიან ჯგუფად დაიყოფა ეროვნული ლიგა 1 (ანუ რეგიონული ლიგა). გარდა ამისა, ჩამოყალიბდება კიდევ ერთი რეგიონული ლიგა, ეროვნული ლიგა 2, სადაც გუნდების რაოდენობა ჯერაც განუსაზღვრელია.
ამასთან ერთად, დუბლების ჩემპიონატის ნაცვლად, 20-გუნდიანი 19-წლამდელთა ჩემპიონატი გაიმართება, გამარჯვებული კი ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე მოხვდება.
საგულისხმოა, რომ ეროვნული ლიგა 1 და ეროვნული ლიგა 2 სამოყვარულო სტატუსის იქნება. სფფ – მ ამით გაითვალისწინა, რომ ტოტალიზატორები სამოყვარულო ლიგების თამაშებზე ფსონს არ იღებენ და ამით გამორიცხა თამაშებზე მანიპულირების შესაძლებლობა.
პროგრამა კლუბების დაფინანსებას მიმდინარე სეზონიდან იწყებს. კერძოდ უმაღლესი ლიგის 16 – ვე გუნდს 800 ათასი ლარი ერგება როგორც საბაზისო თანხა. ასევე გათვალისწინებულია სტიმულირება, თუ კლუბი დამატებით შემოსავლებს სხვა მხრიდანაც გამონახავს. ამ შემთხვევაში კლუბი პროგრამიდან დამატებით 400 ათას ლარს მიღებს. ასევე არის საპრემიო თანხაც, რაც კლუბს ჩემპიონატში დაკავებული ადგილის შესაბამისად მიეცემა. საპრემიო ფონდი გარდამავალ ჩემპიონატში 750 ათასი ლარი იქნება.
პირველ ლიგაში ეს თანხები ასე გამოიყურება: საბაზისო – 300 ათასი ლარი, სტიმულირება – 50 ათასი ლარი. მეორე ლიგაში კლუბს მხოლოდ 50 ათასი ლარი გადაეცემა საბაზისოდ.
გარდამავალ ჩემპიონატში უმაღლესი ლიგის კლუბს საბაზისოდ 600 ათასი ლარი ერგება, სტიმულირებისთვის 300 ათასი, ხოლო პრემია 600 ათასი ლარი. აი, ახალ ჩემპიონატში საბაზისო თანხა მილიონ ლარამდე აიწევს, სტიმულირება 500 ათასი ლარამდე, ხოლო პრემია და საპრიზო ფონდი 6 -6 მილიონამდე.
ჯღარკავამ ისიც აღნიშნა, რომ შესაძლოა ისე მოხდეს მთლიანობაში PRO ლიგა1 – ის ჩემპიონმა 3,5 მილიონი ლარი მიიღოს, გავარდნილმა კი – ორ მილიონზე მეტი.
PRO ლიგა 2 -ის გუნდები საბაზისოდ 700 ათას ლარს ირგუნებენ, სტიმულირებისთვის – 300 ათას ლარს, ხოლო საპრემიოდ 3 მილიონ ლარს გადაინაწილებენ.
საყურადღებოა, რომ ერთიანი ფონდი კლუბებს დაეხმარება ტურისტული მომსახურების, შეკრებებისა და გასვლითი მატჩების ორგანიზებაში, სპორტული ეკიპირების, ბურთების შეძენაში, სამედიცინო მომსახურებაში, ტრანსპორტირებაში, სასტუმროების დაჯავშნაში. რაც მთავარია, ერთიანი შეკვეთის შემთხვევაში ეს ყველაფერი გაცილებით იაფი დაჯდება, ვიდრე გუნდები ცალ-ცალკე რომ გააკეთებენ.
პრეზენტაციაზე ითქვა, რომ 10-გუნდიან ჩემპიონატში თამაშები მხოლოდ ბალახისსაფარიან მოედნებზე გაიმართება. აუცილებელი პირობა იქნება თამაშების კეთილმოწყობილ სტადიონებზე, განათებაზე ჩატარება.
ამ მხრივ ცალკე პუნქტია სატელევიზიო გაშუქებაც. მზადდება მედიაპროექტი, რომლის მიზანიც ეროვნული ჩემპიონატის მაღალ დონეზე გაშუქებაა – ტელევიზიით, ბეჭდურ მედიაში, სოციალურ ქსელებში. ეს შეეხება მატჩისწინა მზადებას, თამაშების პირდაპირ რეპორტაჟებსა და ტურის მიმოხილვას.
ცნობილი გახდა, რომ თანხები დაიხარჯება მსაჯთა მომზადებაში, აგრეთვე, საფეხბურთო მენეჯმენტის კურსებზე – შესაძლოა, მსაჯთა აკადემიაც ჩამოყალიბდეს. დაიწყება დეფიციტური კადრების (ფიზმომზადების მწვრთნელები, მწვრთნელ-ანალიტიკოსები, სპორტული მედიკოსები, საფეხბურთო მარკეტინგის სპეციალისტები და მოედნების აგრონომები) გადამზადება.
საჯარო სკოლების მასწავლებლებსა და რეგიონში დასაქმებულ დამწყებ მწვრთნელებს D ლიცენზიებს გადასცემენ. არის სურვილი, რომ გაუმჯობესდეს C კატეგორიის კურსებზე სწავლება, ხოლო A, B და PROF-ლიცენზიები უფრო ხელმისაწვდომი გახდეს. საქმე ისაა, რომ ამ კატეგორიაზე სწავლა ძვირია და ყველა მსურველი ვერ ახერხებს.
მოკლედ ნაბიჯი გადადგმულია და იმედს ვიტოვებთ, ქართული ფეხბურთის აღმასვლაში ეს პროგრამა გადამწყვეტ როლს ითამაშებს.