ორი თვე გავიდა მას შემდეგ რაც ქვეყანას ახალი პრემიერ-მინსტრი ჰყავს, თუმცა, საზოგადოების ნაწილი მთავრობის მეთაურის ცვლილებით, მათთვის სასიკეთოს ვერაფერს ამჩნევს.
"გურია ნიუსის" კითხვაზე _ რა შეიცვალა პრემიერ-მინისტრის ცვლილებით, თბილისის მოსახლეობის გამოკითხული უმრავლესობის თქმით, არაფერი შეცვლილა, თუმცა საზოგადოება უკეთესობის მოლოდინშია.
მოქალაქე თემურ ბაბუციძის თქმით, თვალშისაცემი ცვლილება მარტო პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის კარგი ურთიერთობაა.
"მარტო იმას ვამჩნევ, რომ პრემიერ–მინისტრსა და პრეზიდენტს ცუდი ურთიერთობა არ აქვთ, სხვა მხრივ არაფერი შეცვლილა,"_ აღნიშნავს ბაბუციძე.
ნუგზარ ონიანი კი, ცვლილებებს ვერ ამჩნევს და ახალი ხელისუფლების მოსვლამდეც არაფერს ელოდება.
"ცვლილებებს საერთოდ ვერ ვხედავ, არც დიდი იმედი მაქვს, რომ ახალი ხელისუფლების მოსვლამდე რამე შეიცვლება," _ თქვა ონიანმა.
ცვლილებებს ვერც ლალი მახარაშვილი ამჩნევს, თუმცა უკეთესის მოლოდინი აქვს.
"ცვლილებებს ვერ ვამჩნევ, თუმცა იმედი მაქვს, რომ რამე მაინც შეიცვლება უკეთესობისკენ,"_ ამბობს მახარაშვილი.
ზურაბ გომისაშვილის თქმით, ყველაფერი ისევ ისეა, როგორც ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს იყო.
"ცვლილებებს ვერ ვხედავ, არაფერი არ გაკეთებულა, როგორც ღარიბაშვილის დროს იყო ყველაფერი ისევ ისეა,"_ თქვა გომისაშვილმა.
მოქალაქე მარიამ რისტომაშვილი კი ამბობს, გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტზე ახალი დანიშნულია და ამიტომ ცვლილებები თვალშისაცემი არ არის.
"კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტზე ახალი დანიშნულია, ამიტომ რაც არ უნდა გაეკეთებინა თვალშისაცემი ნამდვილად ვერ იქნება. ყველას უკეთესის მოლოდინი გვაქვს,"_ ამბობს როსტომაშვილი.
გელა წაქარაშვილის თქმით, ცვლილებები არ შეიმჩნევა.
"ჯერ-ჯერობით არანაირი ცვლილება არ ჩანს, არ ვიცი ეს იმის ბრალია, რომ პრემიერ-მინისტრი ჯერ კიდევ ახალი დანიშნულია, თუ იმის რომ წინამორბედივით არც არაფრის მაქნისია, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას," _თქვა წაქარაშვილმა.
როგორც დიანა ცირეკიძე ამბობს, ქვეყანას კარგი ხელისუფალი არ ჰყავს, რის გამოც უკეთესობისკენ არაფერი იცვლება.
"ცვლილებები ყოველთვის არის, მაგრამ კარგი ხელისუფალი არ არსებობს, რის გამოც უკეთესობისკენ არაფერი იცვლება. ევროპისა და ამერიკის ნაცვლად რუსეთისკენ მიგვერეკებიან,"_ ამბობს ცირეკიძე.
მოქალაქე ნანა შენგელიას კი მიაჩნია, რომ ხელისუფლების არცერთი წევრი ხალხის ინტერესებისთვის არ მუშაობს.
"ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლების შემადგენლობაში, პოზიციას მნიშვნელობა არ აქვს, ხალხის ინტერესების განსახორციელებლად მაინც არცერთი არ მუშაობს,"_ამბობს შენგელია.