საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მთავრობის მიზანია, რაც შეიძლება მეტი მიწა იყოს კერძო სექტორში რეგისტრირებული და განკერძოებული.
ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ჟურნალისტებს "ნაციონალური მოძრაობის" მიერ პარლამენტში მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ალტერნატიული კანონპროექტის შეტანასთან დაკავშირებით განუცხადა.
"კანონპროექტი, რომელიც ჩვენ შევიტანეთ პარლამენტში, ეს იყო "საჯარო რეესტრის შესახებ კანონში ცვლილებების შესახებ", თუმცა არაერთხელ აღვნიშნე, რომ ჩვენი ძირითადი ამოცანაა კერძო საკუთრების დაცვა და ასევე მაქსიმალურად განკერძოება იმ ქონების, რომელიც გააჩნია სახელმწიფოს, ან გააჩნია კერძო სექტორს და ეს საკუთრება არ არის შესაბამისად რეგისტრირებული", – განაცხადა ქუმსიშვილმა და დასძინა, რომ კანონის შინაარსიც ეს იყო, მაგრამ ვინაიდან ამან წარმოშვა გარკვეული ტიპის მითქმა-მოთქმა, კანონის ამ რედაქციით განხილვა აღარ მოხდება.
"კანონპროექტი თუ გამოსატანია, გამოვიტანთ კიდეც, მაგრამ პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ კვლავ დავრჩებით კერძო სექტორის დამცველი და კერძო სექტორში მიწების რეგისტრაციის მაქსიმალური მხარდამჭერი. გუნდის შიგნით, პრაქტიკულად, შეთანხმებულია ახალი ინსტრუმენტი, რომელიც მოეხმარება ჩვენს გლეხებს იმაში, რომ დაარეგისტრირონ მათ საკუთრებაში არსებული მიწები. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი მიწა იყოს კერძო სექტორში რეგისტრირებული და განკერძოებული", _ განაცხადა ქუმსიშვილმა.
ცნობისთვის, "ნაციონალურ მოძრაობას" პარლამენტში მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ალტერნატიული კანონპროექტი შეაქვს. აღნიშნულის შესახებ, დღეს, პარტიის წარმომადგენლებმა გიგი წერეთელმა და გიორგი ღვინიაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადეს.
მათი თქმით, მთავრობამ მიწის რეგისტრაციის პროცესი მოსახლეობის ინტერესების დაცვით უნდა წარმართოს.
გარდა პოლიტიკური პარტიებისა, არასამთავრობო ორგანიზაციებიც აღნიშნავენ, რომ მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინიციატივა მნიშვნელოვან საფრთხეებს შეიცავს კერძო საკუთრების ხელყოფის, მიწის ბაზრის განვითარებისა და საინვესტიციო გარემოს გაუარესების თვალსაზრისით.