თვითმმართველობის კოდექსის თანახმად, მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდის მიზნით, გამგებელთან/მერთან უნდა შეიქმნას სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო.
სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობაში შედიან მეწარმე იურიდიული პირების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მუნიციპალიტეტის მოსახლეობის წარმომადგენლები.
ამ კანონის შესაბამისად, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობას ამტკიცებს მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი/რაიონის გამგებელი, რომელთა რაოდენობა განისაზღვრება არანაკლებ 10 წევრით.
მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი ვალდებულია მის მიერ დამტკიცებულ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს განსახილველად წარუდგინოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტი, მუნიციპალიტეტის სივრცითი დაგეგმარების დოკუმენტები, მუნიციპალიტეტის გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ წინადადებები, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვანი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტები, ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტები.
გამგებლის/მერის მიერ დამტკიცებული სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხვა უფლებამოსილებები და მისი საქმიანობის წესი განისაზღვრება სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე არჩილ ყაზაიშვილი "გურია ნიუსთან"საუბრისას ამბობს, რომ თვითმმართველობის კოდექსში შეტანილმა ცვლილებებმა გაზარდა მოქალაქეთა ჩართულობა ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში.
"ერთ-ერთი ფორმა მოქალაქეთა მონაწილეობის არის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო. მინდა გითხრათ, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტს შექმნილი აქვს უკვე დებულება, ჩატარდა ყველა წინა მოსამზადებელი სამუშაოები, მხოლოდ და მხოლოდ დარჩა ამ საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრა.
მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ მინიმუმ ათი წევრისგან უნდა იყოს შემდგარი ეს საბჭო და 1/3 უნდა იყოს ქალბატონი, რადგან გენდერული ბალანსი იყოს დაცული."- გვითხრა ყაზაიშვილმა.
სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო არც ქალაქ ოზურგეთის მერიაში შექმნილა. ამ ინფორმაციას, ჩვენთან საუბრისას ქალაქ ოზურგეთის მერის პრესსამსახურის უფროსი ხათუნა შარაძე ადასტურებს.
მისივე თქმით, ამ საკითხზე ადმინისტრაციული წარმოება უკვე დაიწყო ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ.