დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე "სოფლის მხარდაჭრის პროგრამის" ფარგლებში მიღებული თანხის განაწილების შესახებ ისაუბრეს.
საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის გელა ჩავლეშვილის ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტისთვის, "სოფლის მხარდამჭერი პროგრამის" ფარგლებში მიღებული თანხიდან _ 1404547 ლარიდან, 1342237 ლარი განაწილდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით, რაც სპეციალურ დანართშია გაწერილი. იმავე თანხიდან 62310 ლარი გამოიყენება საქართველოს მთავრობის "საქართველოს რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისთვის თანხის გამოყოფის შესახებ," პროექტების თანადაფინანსებისთვის.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საკუთარი თვალსაზრისი გამოხატა:
"რაკი დღეიდან ვიწყებთ გადანაწილებას, ხარჯვით ნაწილში შეიცვალა მიდგომა , ეს არ იქნება ერთ პირთან მოლაპარაკება. გამოცხადდება ტენდერი, მოსახლეობასთან უნდა გვექნეს აქტიური შეხვედრები, უნდა შევარჩიოთ მასშტაბური პროექტები და არ დაიქსაქსოს თანხა, რომ საქმე დარჩეს გაკეთებული," – თქვა მან და საკრებულოს დეპუტატებს განუცხადა, რომ დღეს თვითონ მიდის გურიანთაში, შემდეგ კი სოფელ ოზურგეთსა და დაბა ნასაკირალში, სადაც სოფლის მხარდამჭერი პროგრამის გასაცნობად ადგილობრივ მცხოვრებთა კრებები გაიმართება.