ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 15 მარტის 18:00 საათზე დასრულდება.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, რეგისტრაციის პროცესში მნიშვნელოვანი სიახლეა: აბიტურიენტებს პირადი მონაცემების შეტანა, საგამოცდო ქალაქისა და ჩასაბარებელი საგნების არჩევა პირველ, ძირითად ეტაპზე, 9 თებერვლიდან 15 მარტამდე მოუწევთ.
მათ ამ პერიოდში უნდა მიუთითონ ჩასაბარებელი საგნები _ არანაკლებ 4 გამოცდისა (მხოლოდ სახელოვნებო/სასპორტო მიმართულების ფაკულტეტებზე ჩაბარების მსურველებმა _ არანაკლებ 3 გამოცდისა, მხოლოდ მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან ქართულ ენაში მომზადების პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველებმა _ არანაკლებ 1 გამოცდისა).
15 მარტის შემდეგ აბიტურიენტი ვეღარ შეცვლის საგამოცდო ქალაქს, თუმცა 1 ივნისამდე შეეძლება გამოცდის დამატება, საგნის შეცვლა; მაგ: აბიტურიენტს არჩეული ჰქონდა ქიმია, მაგრამ გადაწყვიტა გეოგრაფიის ჩაბარება. ამ პერიოდის განმავლობაში შესაძლებელი იქნება ენის შეცვლაც.
მეორე ეტაპის დასრულების შემდეგ (1 ივნისი) საგანთა ჩამონათვალში ცვლილება ვეღარ გახორციელდება.
2016 წლის აბიტურიენტები გამოცდებს ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით ჩააბარებენ.