ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, ზაალ მამალაძის ოჯახზე შეიარაღებული თავდასხმიდან სამი თვე გავიდა. საქმე, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი მღებრიშვილს პირად კონტროლზე ჰყავს აყვანილი, ამ დრომდე გაუხსნელია.
მამალაძის ოჯახი 28 ნოემბერს, დაახლოებით, 21 საათსა და 30 წუთზე დააყაჩაღეს. თავდამსხმელებს სახეზე სამედიცინო პირბადეები ეკეთათ.
ზაალ მამალაძის მეუღლე ნინო მამალაძე სტომატოლოგია და როგორც გვითხრა, იმ დროს პაციენტს ელოდებოდა:
_ პაციენტს ველოდებოდი. დაახლოებით, ათის ნახევარი იქნებოდა, როცა კარზე დააკაკუნეს და დაჟინებით კითხულობდნენ, სად იყო ზაალი… ვთხოვე, რომ ხმამაღლა არ ესაუბრათ, რადგან დედა ინსულტით გვყავს ავად, ჩაწოლილია და იმ დროისთვის იქვე ვაძინებდი. ვუთხარი, რომ ზაალი მეორე სართულზე იყო, ვთხოვე, კაბინეტში შესულიყვნენ და დამლოდებოდნენ. ამ დროს იარაღს მოვკარი თვალი და ვიყვირე. ყვირილზე ზაალს ეგონა, რომ დედა იყო ცუდად, რაც ხშირად ხდება და სართულებს შორის კიბეზე ჩამოირბინა; მე წინააღმდეგობის გაწევა ვცადე და იარაღიანს სათვალე ჩამოვგლიჯე. ზაალმა ერთ-ერთ შემოჭრილს სახეში მუშტი დაარტყა, წააქცია და, პრაქტიკულად, გაანეიტრალა, მაგრამ სახლში მესამე პირიც შემოიჭრა, მეც იარაღი შუბლზე მომადეს და ამით შეძლეს ზაალის შეჩერება. ჩვენთვის ყველაზე მთავარი იყო, რომ დედა, რომლის თვალწინაც ეს ყველაფერი ხდებოდა და საწოლიდან წამოდგომას ცდილობდა, ცოცხალი გადაგვერჩინა, _ იხსენებს ნინო მამალაძე.
თავდამსხმელებმა ოქრო და ფული ახსენეს, თუმცა, ამაზე წინააღმდეგობა არ შეხვედრიათ:
_ სახლში, ჩავარდნილი კიბის საფეხურების შესაცვლელად ჩემი მოგროვებული 500 ლარი და ზაალის წინა დღეს აღებული ხელფასიდან შემორჩენილი 700 ლარი გვქონდა; მივასწავლე სად იდო; ქორწინების დროს ნაჩუქარი სამკაულების ადგილიც ვუთხარი _ საერთო ჯამში, 30 გრამამდე ოქროს ნაკეთობები იქნებოდა, ცოტაოდენი ვერცხლის სამკაულები _ სულ ეს იყო, რაც გვქონდა. ბევრი არც უძებნიათ _ კარადის რამდენიმე უჯრა ფორმალურად გადმოყარეს… მე მეორე სართულზე ამიყვანეს და რადგან იარაღის წართმევას ვცდილობდი, რამდენჯერმე იარაღის ტარი თავში ჩამარტყეს, მესმოდა, როგორ ცდილობდნენ ზაალის შეჩერებას და მეშინოდა, არ მოეკლათ; ზაალს ფიზიკურად არ შეხებიან და სიტყვიერ შეურაცხყოფაზეც არ პასუხობდნენ, ცდილობდნენ, სკამზე დაემაგრებინათ და ხელები შეეკრათ, თუმცა, პლასტიკატის "მანჟეტები" რამდენჯერმე გაწყვიტა. ამის მერე, ელექტროსადენები მოგლიჯეს საყოფაცხოვრებო ნივთებიდან და იმით შეკრეს, _ ამბობს ნინო მამალაძე, _ ზაალის ტელეფონი გაბმულად რეკავდა _ მეგობარი ურეკავდა… ამის გამო აჩქარდნენ, ზაალმა პირზე "სკოჩის" შემოხვევისას, თავდამსხმელს ხელი დაუზიანა… ცალ-ცალკე მოვახერხეთ თავის აშვება; დედას,რომელიც დამოუკიდებლად ვერ მოძრაობს და გაჭირვებისგან თითქმის საწოლზე წამომჯდარი დაგვხვდა, ვუპატრონეთ და, ცხადია, პოლიციას შევატყობინეთ.
საგულისხმოა, რომ საქმეში ბევრი დეტალია, რომელიც თავდასხმის პოლიტიკურ ელფერზე მეტყველებს _ ყაჩაღებს არ წაუღიათ იქვე, მაგიდაზე დადებული, კომუნალური გადასახადებისთვის განკუთვნილი 200 ლარი, ოჯახის დედის ნიშნობის ბეჭედი, რომელიც ხელზე მუდმივად უკეთია, საყურეები, რომელიც ნინო მამალაძეს ყურზე ეკეთა… მნიშვნელოვანია, რომ სახლი რაიონის ცენტრშია და ყაჩაღებს არაფრის შეშინებიათ; ამ დღეებში პოლიცია შეიარაღებულ რეიდებს ატარებდა და ავტომანქანებს, მგზავრებსა და ფეხით მოსიარულეებსაც საფუძვლიანად ამოწმებდა. სწორედ, იმ საღამოს, 18 საათზე რეიდები დასრულდა. უნდა ითქვას ისიც, რომ ზაალ მამალაძის სახლი ჩოხატაურის პოლიციის შენობიდან ორასიოდე მეტრში მდებარეობს.
თვითმხილველების თქმით, ყაჩაღობის დროს მამალაძეების სახლის მიმდებარე ტერორიტიაზე საპატრულო ეკიპაჟი მოძრაობდა და ეს იქვე მდებარე "ავერსის" საავადმყოფოს და "ვისოლის" ავტოგასამართი სადგურის კამერებმაც დააფიქსირეს. თავდამსხმელები ავტომანქანის გარეშე იყვნენ და ზაალ მამალაძის კუთვნილი ავტომანქანით დატოვეს შემთხვევის ადგილი, თანაც როგორც ვიდეოკამერებზეა დაფიქსირებული, დაბის ცენტრში წრე უშიშრად დაარტყეს, ვიდეოკამერებს ჩაუარეს და ისე წავიდნენ სამტრედიისკენ. ისინი გზაშიც არავის გაუჩერებია. ფაქტია, რომ თავდამსხმელებს პოლიციის შიში არ ჰქონდათ. მათ უტყუარი ინფორმაცია ჰქონდათ, რომ მამალაძის კუთვნილი ავტომანქანა გამართული იყო.
ყაჩაღობიდან 12-საათზე მეტი იყო გასული, როცა გურიის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა გატაცებული ავტომანქანა სამტრედიაში, რკინიგზის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს.
მამალაძის ოჯახის დაყაჩაღებას პოლიტიკურ წრეებში ბევრი გამოხმაურება მოჰყვა. უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ ეს რიგითი ყაჩაღობა არ ყოფილა: "აღშფოთებული ვარ. ეს არის ხელისუფლებისთვის პირდაპირ სილის გაწნა და შეურაცხყოფა. პირადად, მეც შეურაცხყოფილად ვთვლი თავს. კატეგორიულად მოვითხოვ, გატარდეს მასშტაბური ოპერატიულ-სამძებრო სამუშაოები ყველა მიმართულებით და უზრუნველყოფილ იქნას ყაჩაღების და მათ უკან მდგომი ელემენტების სასწრაფო დაპატიმრება და პასუხისგებაში მიცემა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, პირველი ინფორმაციების საფუძველზე ვეჭვობ, რომ საკრებულოს თავმჯდომარეზე თავდასხმა არ ჰგავს მხოლოდ ძარცვის მიზნით ჩადენილ ყაჩაღობას. ეს არის საზოგადოების დაშანტაჟების მორიგი მცდელობა. ამიტომ გადაუდებლად, სიღრმისეულ გამოძიებას მოვითხოვ. მხოლოდ ყაჩაღების დაკავებით და მანქანის დაბრუნებით ეს საქმე ვერ დამთავრდება. ხაზგასმით და ყველას გასაგონად ვამბობ, ამ საქმის სასწრაფოდ გახსნა იქნება სერიოზული ტესტი ბევრი თანამდებობის პირისთვის სამართალდამცავ სისტემაში და თუ, სამწუხაროდ, საჭირო გახდება, მათი პასუხისმგებლობის საკითხს, შედეგებიდან გამომდინარე, პირადად დავაყენებ და ბოლომდე მივყვები", _ ასეთი კომენტარი გააკეთა ყაჩაღობის მეორე დღეს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ.
კვაჭანტირაძის მსგავსად, პოლიტიკურ მოტივით ჩადენილ დანაშაულზე გააკეთეს აქცენტები სხვა პარლამენტარებმა და სამართალდამცავ ორგანოებს საქმის დროულად გამოძიება მოსთხოვეს, თუმცა, ეს "დროული გამოძიება" უკვე სამ თვეს ითვლის და ამდენი ხანია ხელისუფლება "სილაგაწნულია".
შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა საქმის დეტალებზე არ საუბრობენ. არც იმას ამბობენ, ჰყავთ თუ არა ეჭვმიტანილები.
"გურია ნიუსის" ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავეთა ვიდეოკადრები გამოძიებამ კლინიკა "ავერსის" კამერიდან ყაჩაღობის მეორე დღეს ამოიღო. ასევე დაკითხულია იმ მიკროავტობუსის მძღოლი, რომელსაც სამი თავდამსხმელი ქუთაისიდან ჩოხატაურში ჩამოჰყვა.
არსებული ინფორმაციით, ყაჩაღები ჩოხატაურში 28 ნოემბერს, პოლიციის რეიდის დასრულებისთანავე ჩამოვიდნენ. მუშების ტანსაცმელში გამოწყობილი პირები მამალაძის სახლის წინ მდებარე მიტოვებულ სახლს დაღამებამდე აფარებდნენ თავს, თან ელოდებოდნენ, თუ როდის დაბრუნდებოდა სახლში ოჯახის უფროსი, მიუხედავად იმისა, რომ ძარცვა მისი სახლში არყოფნისას უფრო უსაფრთხო იქნებოდა.
უნდა ითქვას ისიც, რომ საქმის გახსნაზე "ორიენტირებული" სამართალდამცველების ნაცვლად, მიტოვებულ სახლში, ყაჩაღობიდან მესამე დღეს "გურია ნიუსის" ჟურნალისტებმა პლასტიკის მანჟეტები იპოვეს (სწორედ ასეთი მანჟეტები გამოიყენეს თავდამსხმელებმა). აღნიშნულის შესახებ პოლიციასაც ჩვენ ვაცნობებთ და სწორედ ამის შემდეგ, ყაჩაღობიდან მესამე დღეს მოხდა მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერება, ნივთმტკიცების ამოღება და დალუქვა. თუმცა, პოლიციას დათვალიერების ადგილას მიტოვებული ჯინსის შარვალი "მხედველობიდან გამორჩა" და მის ამოსაღებად, ისევ პოლიციის "გამოძახება" გახდა საჭირო!
გამოძიებას ხელთ აქვს ფირები, რომელზეც სავარაუდო თავდამსხმელების ჩამოსვლაა აღბეჭდილი. ასევე, ზაალ მამალაძის მიერ ერთ-ერთი თავდამსხმელისთვის ჩამოგლეჯილი პირბადე. როგორც გამომძიებლები ამბობენ, ნიღაბზე დნმ-ის კვალია, თუმცა ექსპერტიზის პასუხი ამ დრომდე უცნობია. ასევე უცნობია, თუ ვის ეკუთვნის თითის ანაბეჭდები, რომლებიც გატაცებულ ავტომანქანაში ბევრი იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, საქმეზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, თუმცა რა იგულისხმება "ინტენსიურ საგამოძიებო მოქმედებებში," არ გვპასუხობენ.
საქმეზე მომუშავე პოლიციელები პირად საუბრებში ამბობენ, რომ სამი თვის განმავლობაში, ვერც ეჭვიტანილი პირების დადგენა მოხერხდა და ვერც რაიმე ხელჩასაჭიდი დეტალის მოძიება.
სამაგიეროდ, ამ სამი თვის განმავლობაში, გარკვეული პირები ცდილობდნენ ზაალ მამალაძის ძალიან მაღალი საზოგადოებრივი ნდობის საწინააღმდეგოდ, ჭორები გაევრცელებინათ – საუბრობდნენ, რომ დიდი თანხა გაიტაცეს, რომლის დანიშნულების სხვადასხვა ინტერპრეტაციას ასახელებდნენ. ჩვენ ამ ჭორების ეტიმოლოგია მოვიკვლიეთ და აღმოჩნდა, რომ ძირითადად, მისი "ავტორები" ყოფილი და მოქმედი პოლიციელები არიან.
საქმე, რომლის გახსნითაც ქვეყნის პირველი პირები არიან დაინტერესებული და რომლის შესახებაც, "გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე" ნაკლები ინტენსივობით ვწერდით, ადგილიდან არ დაძრულა. ხელისუფლებას საზოგადოებისთვის სათქმელი არაფერი აქვს, ცხადი მხოლოდ მომხდარი ფაქტია – საკრებულოს თავმჯდომარის ოჯახზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა, რაც მოქალაქეებს იმის თქმის საფუძველს აძლევთ, რომ ქვეყანაში ყველა დაუცველია!