ევროკავშირმა საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების პროცედურა დაიწყო.
ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ მიგრაციის საკითხებში ევროკომისარმა დიმიტრის ავრამოპულოსმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით დოკუმენტი, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა წარმატებით შეასრულა და აკმაყოფილებს ყველა კრიტერიუმს იმისთვის, რომ მისი მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გაუქმდეს ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს უკვე წარედგინა.
"მოხარული ვარ გაცნობით პოზიტიური ამბავი. დღეს გამოვდივართ ინიციატივით გადავიყვანოთ საქართველო იმ ქვეყნების სიაში, რომელთა მოქალაქეებს შენგენის ზონაში მოგზაურობა ვიზის გარეშე შეუძლიათ.
ეს სიახლე არ არის, რადგან საქართველომ ევროკომისიისგან მიიღო დადებითი შეფასება სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით.
ახლა საკანონმდებლო ინიციტივა გადაეცემა ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს, რომლებიც, ვიმედოვდნებ, მალე დაამტკიცებენ წინადადებას.
ამის შემდეგ, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც ბიომეტრიული პაპსორტები გააჩნიათ შენგენოს ზონაში ვიზების გარეშე შეეძლებათ ჩასვლა და იქ ყოფნა ტურიზმის, ბიზნესისა და განათლების მიზნით 180-დღიან პერიოდში არაუმეტეს 90 დღის განმავლობაში, _ განაცხადა მიგრაციის საკითხებში ევროკომისარმა დიმიტრის ავრამოპულოსმა.
მისივე ინფორმაციით, სავიზო რეჟიმის გაუქმება საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირში სამუშაოდ ჩასვლის უფლებას არ აძლევს.
ავრამოპულოსის თქმით საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების პროცედურას დაახლოებით 3-4 თვე დასჭირდება.
ევროკომისარი ვარაუდობს, რომ სამუშაოები 2016 წლის 1 ივნისამდე დასრულდება.
სავიზო რეჟიმის გაუქმების შემდეგ საქართველოს მოქალაქეები თავისუფლად იმოგზაურებენ შენგენის ზონის 26 სახელმწიფოსა და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანაში – რუმინეთში, ბულგარეთში, ხორვატიასა და კვიპროსში.
უვიზოდ მიმოსვლა შესაძლებელი იქნება ისლანდიასთან, ლიხტენშტეინთან, ნორვეგიასა და შვეიცარიასთან.
საქართველოს მოქალაქეებს ვიზა დასჭირდებათ დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში ჩასასვლელად.
ბიომეტრიული პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეები ჩამოთვლილ ქვეყნებში უვიზოდ ყოფნას 180-დღიან პერიოდში, ჯამში 90 დღით შეძლებენ.