"გურია ნიუსის" ინფორმაციით, ათონელის ქუჩაზე მდებარე საპრეზიდენტო რეზიდენციაში რეჟისორ გოგა ხაინდრავას ფილმის "9+1" გადაღების პროცესი მიმდინარეობს.
ვინ გასცა ფილმის გადაღების ნებართვა, რა ეპიზოდებს გადაიღებენ საპრეზიდენტო რეზიდენციაში და რა ეტაპზეა გადაღების პროცესი, _ ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით "გურია ნიუსი" გოგა ხაინდრავას ესაუბრა.
_ ბატონო გოგა, გვაქვს ინფორმაცია, რომ ათონელის ქუჩაზე მდებარე საპრეზიდენტო რეზიდენციაში თქვენი ფილმის გადაღების პროცესი მიმდინარეობს…
_ დიახ, ჩემი ფილმის გადაღების პროცესი ნამდვილად მიმდინარეობს ათონელის საპრეზიდენტო რეზიდენციაში. სწორი ინფორმაცია გაქვთ.
_ კონკრეტულად რა ეპიზოდს იღებთ რეზიდენციაში?
_ ამას ვერ გეტყვით. ბევრი ეპიზოდის გადაღება მიმდინარეობს – სტუმრების, დიპლომატების, მიღების. რასაც სასახლე სჭირდება.
_ვიცით, რომ თქვენს ფილმში პრეზიდენტი არ იქნება…
_პრეზიდენტის ზუსტი ასლი არ იქნება, მაგრამ საზოგადოებრივი ცხოვრება მიდის, სასახლე მჭირდება. დიდი მიღებაა ფილმში და საზეიმო ვითარებაში ვიღებთ.
_რამდენ ხანს გაგრძელდება გადაღების პროცესი?
_ ვფიქრობ, ერთი კვირა, მაგრამ ზუსტად ვერ გეტყვით. რთული გადაღებაა, ბევრი ხალხია და დაზუსტება გამიჭირდება.
_რა ეტაპზეა ფილმის გადაღების პროცესი?
_ ნახევარზე მეტი უკვე გადაღებული გვაქვს.
_ხომ არ გადაიწევს ვადები? როგორც ვიცით, ფილმის ჩვენება 2016 წლის მაისში უნდა დაიწყოს…
_მეც ეგრე ვფიქრობ, რომ ჩვენება მაისის ბოლოს დაიწყება.. ეს ხომ არ არის ერთი ფილმი, სერიალია. ამიტომ პირველი სერია უკვე მაისის ბოლოს გავა. ვვარაუდობთ, რომ 24 სერია იქნება. თუმცა, ეს მარტო ჩემი გადასაწყვეტი არ არის, არხმა უნდა გადაწყვიტოს, GDS-მა, ვინც არის შემკვეთი.
_ რომელმა უწყებამ გასცა ფილმის გადაღების ნებართვა საპრეზიდენტო რეზიდენციაში?
_ეს დიდი ხნის მოლაპარაკების შედეგი იყო. გადაწყვეტილება რამდენიმე უწყებამ მიიღო, სხვადასხვა უწყებებია საქმეში ჩართული. დაახლოებით სამი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა მოლაპარაკებების პროცესი და მოგვცეს ნებართვა.
_ როგორც ცნობილია, რეზიდენციის შენობა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა. გაქვთ თუ არა ნებართვა ამ სამინისტროდან?
_ ეგ განკარგავს, მაგრამ რეზიდენცია ქართველი ხალხის ბალანსზეა და არა ეკონომიკის სამინისტროსი. ეს ქართველი ხალხის საკუთრებაა. ასეთი პრაქტიკა მთელს მსოფლიოშია ცნობილი. თეთრ სახლში იღებენ კინოს და ცარიელი რეზიდენციაა, არავინ მაგას არ ხმარობს, არავის არაფერში სჭირდება, როგორც აღმოჩნდა და კინოსთვის, ასეთი რამე ყოველთვის საინტერესოა. ჩვენ დავაყენეთ საკითხი, გავიარეთ ყველა ინსტანცია და შევათანხმეთ. აქ არ იყო მარტო ეკონომიკის სამინისტრო, სხვა უწყებებიც იყო ჩართული.
_კონკრეტულად რომელი უწყებები?
_ უსაფრთხოების სამსახური, რადგან ეს სარეჟიმო დაწესებულებაა. მთავრობის კანცელარია, რა ვიცი, ბევრი უწყება იყო, ზუსტად ვერ გეტყვით. მე რეჟისორი ვარ. ამას სპეციალური სამსახური აგვარებდა. საკმაოდ გრძელვადიანი პროცესი იყო, რამდენიმე თვე მიმდინარეობდა. არა მარტო კანონიერად არის გაცემული ეს ნებართვები, არამედ, ყველა წესის დაცვით.
_ წარმატებებს გისურვებთ.
_გურულები მომიკითხეთ, უთხარით, კაი ფილმს გიმზადებთ გოგა ხაინდრავა-თქო.
ამავე თემაზე:
ათონელის საპრეზიდენტო რეზიდენციაში გოგა ხაინდრავა ფილმს იღებს
ათონელის რეზიდენციის ფოტოგალერეა
შეშის ღუმელი 26-მილიონად გარემონტებული პრეზიდენტის ახალი რეზიდენციის ეზოში [ფოტოები]
"ფილმი იქნება პირუტყვული გამოვლინებების გარეშე, მაგრამ უმძიმესი კადრებით" _ გოგა ხაინდრავა