ბათუმის მე-3 პენიტენციური დაწესებულების სამმა მსჯავრდებულმა მედიას და სასჯელაღსრულების სამინისტროს ხელმძღვანელობას წერილით მიმართა.
როგორც "გურია ნიუსისთვის", გამოგზავნილ წერილშია აღნიშნული, მათ ციხის ადმინისტრაცია არაადამიანურად ეპყრობა და ხშირად ე.წ. კარცერებში სვამს. თუმცა, სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრო, მსჯავრდებულების მიერ გამოთქმულ ბრალდებებს, რომელიც დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან არასათანადო მოპყრობას ეხება, კატეგორიულად უარყოფს და უსაფუძვლოს უწოდებს. ამასთანავე, სამინისტროში განმარტავენ, რომ სამივე მსჯავრდებული არის ქურდული ტრადიციების აქტიური მიმდევარი. ორი მათგანი კი, მიდრეკილნი არიან თვითდაზიანებებისკენ.
არის თუ არა ბათუმის მე-3 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ის სიტუაცია რეალურად, რასაც პატიმრები აღწერენ, არის თუ არა უსაფრთხოების საკნები (ე.წ. კარცერები) საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, აქვს თუ არა ციხის ადმინისტრაციას პატიმრებისთვის პირადი კორესპონდენციის და პაემნების აკრძალვის უფლება და რა რეგულაციებზე მუშაობს სახალხო დამცველის აპარატი, _ ამ საკითხებზე სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული დეპარტამენტის უფროსის მოსაზრებას "გურია ნიუსი" სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული დეპარტამენტის უფროსს, თეიმურაზ ქორიძეს ესაუბრა.
_ რამდენიმე დღის წინ "გურია ნიუსმა" მიიღო წერილი ბათუმის მე-3 პენიტერციური დაწესებულებიდან, სადაც პატიმრები ადმინისტრაციის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობნენ. როდის იყო დაწესებულებაში თქვენი წარმომადგენელი და რა ვიტარებაა რეალურად ამ დაწესებულებაში?
_სიტუაცია იგივეა, რაც პრევენციის ჯგუფის დასკვნებში წერია. ცვლილებები არ არის. შარშან საკმაოდ მკაცრი დასკვნა გამოქვეყნდა პრევენციის ჯგუფისგან. ძირითადად, არის სისტემური პრობლემები, რომელიც მხოლოდ დაწესებულების დირექტორის ნებით არ გამოსწორდება. ზოგიერთი პრობლემა ისეთია, რასაც სისტემური მიდგომა სჭირდება. მაგალითად, ყველაზე რთულად გადასაჭრელი რაც არის და ამ დაწესებულებიდან საჩივრების უმრავლესობაც სწორედ ამას ეხება, არასათანადო სამედიცინო მომსახურებაა. აქ არ იგულისხმება, რომ ექიმები უყურადღებოდ ექცევიან პატიმრებს, თუმცა ყოველთვის ადეკვატურიც არ არის მათი რეაგირება. პერსონალის და მედიკამენტების ნაკლებობაა, მედიკამენტების დასახელებების ჩამონათვალის ნაკლებობაა და ა.შ.
ბოლოს მოგვმართეს იმ პატიმრებმა, რომლების საჩივარი თქვენთანაც არის შემოსული. მარსაგიშვილი ხშირად გვწერს და აქვს სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებით პრობლემები.
ასევე, პრობლემები აქვთ იმ პატიმრებს, რომლებსაც ექიმი ერთი დასახელების წამალს უნიშნავს, მაგრამ ეს წამალი დაწესებულებაში არ არის. დაწესებულების ექიმები ასეთ პატიმრებს, ამ წამლის შემცვლელს სთავაზობენ, რაზეც ხშირად პატიმრები უარს ამბობენ. ამის გამო აღმოჩნდება, რომ საერთოდ უარს ამბობენ მკურნალობაზე და მათი მდგომარეობა უარესდება. ამას კი შემდეგ დაწესებულებას აბრალებენ.
_გარდა ამ პრობლემისა, კიდევ რას ეხება პატიმრების საჩივრები?
_ ასევე გვქონდა რამდენიმე საჩივარი დიეტურ კვებასთან დაკავშირებით. მათთვის, ვისაც ესაჭიროება სპეციალური საკვები, დაწესებულებამ ამის მიწოდება უნდა უზრუნველყოს.
იყო მაღაზიასთან დაკავშირებული საჩივრებიც. გვწერდნენ, რომ ის ნივთები საკმარისი არ იყო, რაც უნდა ყოფილიყო განსაზღვრული. ესეც დეტალურად შევისწავლეთ. ისედაც არ იყო, როგორც პატიმრები იწერებოდნენ, მაგრამ საკმაოდ ბევრი ხარვეზი გამოვლინდა შემოწმების შემდეგ.
_ჩვენთვის გამოგზავნილ წერილში პატიმრები საუბრობენ ე.წ. კარცერების მდგომარეობაზე. თუ აქვს სახალხო დამცველის წარმომადგენლებს შემოწმებული ეს საკნები და რა მდგომარეობაა იქ?
_ ეს საკნები სპეციალურად არის განსაზღვრული იმისთვის, რომ არ იყოს საკანში ისეთი ნივთები, ინვენტარი ა ავეჯი რომლითაც პატიმრები შეძლებენ თავის დაზიანებას. ამ საკანში მართლაც არაფერია და არ არის იმიტომ, რომ პატიმარმა თვითდაზიანება არ შეძლოს. აქ ათავსებენ პატიმრებს ისეთ შემთხვევაში, როცა არის იმის რაიმე საფრთხე, რომ პატიმარი თვითდაზიანებას მიიყენებს. ეს საკნები შემოწმებული აქვთ ჩვენს წარმომადგენლებს. ეს საკნები მართლაც შორს არის იმ საერთაშორისო სტანდარტებისგან, რაც უნდა იყოს. კედლები ბეტონისაა და თვითდაზიანების მიყენება ამითაც შეიძლება. მაგრამ ეს საკნები არის იმისთვის, რომ მინიმუმამდე იყოს დაყვანილი პატიმრების თვითდაზიანების საფრთხე.
_ჩვენთან გამოგზავნილ წერილში პატიმრები აღნიშნავენ, რომ საკნის კედლები სისხლიანია და ამას ციხის ადმინისტრაცია განგებ არ წმენდს, რომ პატიმრებზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინონ… რამდენად არის შესაძლებელი რომ მსგავსი რა ხდებოდეს?
_ ძალიან რთულია იმის თქმა, რომ ციხის ადმინისტრაცია ამას განგებ აკეთებს, რომ პატიმრების ფსიქოლოგიური მდგომარეობა დაამძიმოს. ამას ლოგიკური ახსნაც არა აქვს. პირიქით, ციხის ადმინისტრაციისთვის უფრო რთულია ციხის მართვა, როდესაც იქ სტრესის ქვეშ იქნებიან პატიმრები. ვცდილობთ, ყოველი ასეთი მომართვის შემდეგ ბოლომდე გამოვიკვლიოთ ეს საკითხი და უმრავლეს შემთხვევაში ასეთი დამოკიდებულება არ დასტურდება.
_კიდევ ერთი პრობლემა, რაზეც პატიმრები საუბრობენ გრძელვადიან და მოკლევადიან პაემნებს შეეხება. როგორც წერილშია აღნიშნული, ციხის ადმინისტრაცია მათ არ აძლევს შეხვედრების უფლებას. თქვენ თუ გაქვთ მსგავსი ინფორმაცია?
_ ეს არის ჩვეულებრივი სანქცია. როდესაც პატიმარი ჩაიდენს გადაცდომას, დაარღვევს შინაგანაწესს, რომელიც დადგენილი აქვს დაწესებულებას, მისთვის სანქციის სახით გამოიყენება შეზღუდვები – გრძელვადიანი, მოკლევადიანი პაემნის აკრძალვა, ეს არის ჩვეულებრივი სახდელის ზომა. გარდა ამისა, შესაძლებელია სახდელის ზომად გამოყენებული იყოს კორესპონდენციის გაგზავნის შეზღუდვაც. ამ შეზღუდვაზე ვმუშაობთ, რომ დამატებითი რეგულაციები არსებობდეს. მაგალითად, აკრძალვის შემთხვევაშიც კი, პატიმარს რომ ჰქონდეს სახალხო დამცველის წარმომადგენელთან დაკავშირების უფლება.
_როდიდან შეიძლება ეს რეგულაციები დაწესდეს?
_არ არის ჯერ ამაზე საუბარი როდის შეიძლება დაწესდეს ეს რეგულაციები. ჩვენ ამას როგორც მოსაზრებებს, ასე ვამუშავებთ.
_როდისთვის იგეგმება სახალხო დამცველის წარმომადგენლის შესვლა ამ დაწესებულებაში ?
_რამდენიმე დღის წინ იყო სახალხო დამცველის წარმომადგენელი ადგილზე და თუკი იქნება მომართვა ან დამატებითი საჩივარი, რომელიც მოითხოვს მონახულებას პატიმარი, შევალთ. ჩვენი წარმომადგენელი ყოველ კვირას შედის ამ დაწესებულებაში.
ამავე თემაზე:
„აგრესიულობით გამორჩეული“ პატიმრების გამიზნული ქმედება თუ რეალობა – რა ხდება ბათუმის ციხეში