ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გახშირდა ქურდობის ფაქტები. წინა კვირაში ორი ქურდობა მოხდა. სოფელ შემოქმედში, ვ. ჯახვას ოჯახიდან გატანილია რამდენიმე ტომარა თხილი, რამდენიმე დღის წინ კი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში ადმინისიტრაციული შენობა გაქურდეს.
ქურდები ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულიდან აივანზე გადავიდნენ და ღია კარებში შევიდნენ. მეორე სართულიდან გადმოიტანეს კომპიუტერული ტექნიკა- ორი პერსონალური კომპიუტერი, ორი ფოტოაპარატი და პროექტორი.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი სოფელ ლიხაურში, მერაბ სალუქვაძე "გურია ნიუსთან" ამბობს, რომ დილით სამსახურში მისულს ადმინისტრაციული შენობის ცენტრალური გასასვლელი კარი დაკეტილი დახვდა.
"შესასვლელი კარი ჩვენ გავაღეთ. კიბეებზე ასასვლელი კარებიც, რომელიც რკინის გისოსებითაა დაცული, მე და ჩემმა სპეციალისტებმა გავაღეთ. დამტვრეული დაგვხვდა ჩემი ოთახის კარები და ასევე ის ოთახი, სადაც ბანკის სეიფია განთავსებული. ქურდებს, სავარაუდოდ, ფული ეგონათ, თუმცა არ დახვდათ. წაიღეს რამდენიმე პერსონალური კომპიუტერი და ფოტოაპარატები. აქვე მდებარეობს ბიბლიოთეკაც, თუმცა იქ არ შესულან. მაშინვე ვაცნობეთ პოლიციას. ჩემი ინფორმაციით, სამართალდამცავებს ქურდები ჯერ არ დაუკავებიათ, აღებულია მხოლოდ ანაბეჭდები და თბილისშია გაგზავნილი."_ ამბობს სალუქვაძე.
"საშიში მდგომარეობაა, სამარცხვინო! ასეთი ქურდობა ბოლოს როდის იყო, არ გვახსოვს. უჭკუო ქურდები არიან, სახელმწიფო ქონებას რომ მიითვისებ, სად უნდა წაიღო, იმას ხომ მისი ნომერი აქვს?"- ამბობენ ლიხაურის მცხოვრებლები.
შსს პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სსკ 177-ე მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობს.