რეჟისორ გოგა ხაინდრავას ფილმის "9+1" ათონელის საპრეზიდენტო რეზიდენციაში გადაღების უფლება საიდუმლო კონტრაქტით მისცეს.
ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ინფორმაციას ადასტურებს და აცხადებს, რომ გოგა ხაინდრავას კომპანიასა და სახელმწიფოს შორის გაფორმებული კონტრაქტის დეტალების შესახებ ის ვერ ისაუბრებს, რადგანაც რეზიდენციას საიდუმლო ობიექტის სტატუსი აქვს და სამინისტროს მასთან დაკავშირებული დეტალების გამხელის უფლება არ აქვს. შესაბამისად, რა პირობებითაც გოგა ხაინდრავამ რეზიდენციაში გადაღების უფლება მიიღო, საიდუმლოა.
"ათონელზე ზედმეტი კომენტარი რომ არ გამაკეთებინოთ, როგორც ვიცი, კონტრაქტი საიდუმლოა. აქედან გამომდინარე, სანამ არ დავადგენ ამ მიმართულებას, იქამდე სრულ კომენტარს ვერ გავაკეთებ. თვითონ ობიექტი არის საიდუმლო", _ ამბობს ქუმსიშვილი "ტაბულასტან" საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ ათონელის რეზიდენციაში ხაინრდავას ფილმის გადაღების შესახებ "გური ნიუსმა" ინფორმაცია 2016 წლის 9 მარტს გაავრცელა.
როგორც ფილმის რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ "გურია ნიუსს" უთხრა "ეს დიდი ხნის მოლაპარაკების შედეგი იყო. გადაწყვეტილება რამდენიმე უწყებამ მიიღო, სხვადასხვა უწყებებია საქმეში ჩართული. დაახლოებით სამი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა მოლაპარაკებების პროცესი და მოგვცეს ნებართვა".
_ როგორც ცნობილია, რეზიდენციის შენობა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა. გაქვთ თუ არა ნებართვა ამ სამინისტროდან?
_ ეგ განკარგავს, მაგრამ რეზიდენცია ქართველი ხალხის ბალანსზეა და არა ეკონომიკის სამინისტროსი. ეს ქართველი ხალხის საკუთრებაა. ასეთი პრაქტიკა მთელს მსოფლიოშია ცნობილი. თეთრ სახლში იღებენ კინოს და ცარიელი რეზიდენციაა, არავინ მაგას არ ხმარობს, არავის არაფერში სჭირდება, როგორც აღმოჩნდა და კინოსთვის, ასეთი რამე ყოველთვის საინტერესოა. ჩვენ დავაყენეთ საკითხი, გავიარეთ ყველა ინსტანცია და შევათანხმეთ. აქ არ იყო მარტო ეკონომიკის სამინისტრო, სხვა უწყებებიც იყო ჩართული.
_კონკრეტულად რომელი უწყებები?
_ უსაფრთხოების სამსახური, რადგან ეს სარეჟიმო დაწესებულებაა. მთავრობის კანცელარია, რა ვიცი, ბევრი უწყება იყო, ზუსტად ვერ გეტყვით. მე რეჟისორი ვარ. ამას სპეციალური სამსახური აგვარებდა. საკმაოდ გრძელვადიანი პროცესი იყო, რამდენიმე თვე მიმდინარეობდა. არა მარტო კანონიერად არის გაცემული ეს ნებართვები, არამედ, ყველა წესის დაცვით
ამ დრომდე არცერთი დასახელებული უწყებიდან "გურია ნიუსს" პასუხი არ მოსვლია – რა კონტრაქტის საფუძველზე გაიცა ფილმის გადაღების ნებართვა. ეკონომიკის სამინისტროში "გურია ნიუსს" ინფორმაციის გადამოწმებას დაპირდნენ, თუმცა, ერთი კვირის შემდეგაც კი, მათ ეს ინფორმაცია არ მოგვაწოდეს. ანალოგიური პასუხი გაგვცეს მთავრობის კანცელარიაშიც.
ამავე თემაზე:
ათონელის საპრეზიდენტო რეზიდენციაში გოგა ხაინდრავა ფილმს იღებს
რომელმა უწყებებმა გასცეს ხაინდრავას ფილმის ათონელის რეზიდენციაში გადაღების ნებართვა
ათონელის რეზიდენციის ფოტოგალერეა
შეშის ღუმელი 26-მილიონად გარემონტებული პრეზიდენტის ახალი რეზიდენციის ეზოში [ფოტოები]
"ფილმი იქნება პირუტყვული გამოვლინებების გარეშე, მაგრამ უმძიმესი კადრებით" _ გოგა ხაინდრავა


































































