ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარში მცხოვრები თალიკო დოლიძე "გურია ნიუსის" ოზურგეთის ოფისს გასული კვირის მიწურულს ეწვია და თავისი პრობლემის შესახებ ესაუბრა.
"2012 წლის ივლისიდან ჩემი უფლებები ირღვევა და ყურადღებას არავინ მაქცევს. ახლა წერილი მივწერე სახალხო დამცველს უჩა ნანუაშვილს და ვნახოთ, რა რეაგირება იქნება. ჩემს საკარმიდამო ნაკვეთში მოზომილი მქონდა მიწის ნაკვეთი, რომელიც შემოვღობე და 32 წლის განმავლობაში ვსარგებლობდი, როგორც საკუთარს. ერთ დღეს ეს ღობე მომიხსნეს და საფეხბურთო მოედანი გააკეთეს. საბუთებით დავდივარ ყველა უწყებაში, რომელსაც ამ საკითხის გარკვევა ევალება და ყველგან უსამართლობა მხვდება. ხომ შეიძლება ერთხელ და სამუდამო დასრულდეს ეს საქმე?! 76 წლის ვარ და ასეთი უსამართლობა არ მინახავს. ვითხოვ სტადიონის გაუქმებას, რომელიც ჩემს საცხოვრებელ სახლთან ახლოსაა და დამიბრუნდეს ჩემი მიწის ნაკვეთი. როდის გახდა ეს მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს? 30 წელზე მეტია მე ვამუშავებდი მიწას და როდესაც დაჭირდათ, წამართვეს.
ახლა სტადიონზე ფეხბურთს ნაკლებად თამაშობენ და უფრო სოფლის "ბირჟად" არის გადაქცეული. გარდა მისა, ამ ამბების შემდეგ მომიკლეს ცხენი და ახლა ძაღლი", _ ამბობს ჩვენთან საუბრისას თალიკო დოლიძე.
პირველი წერილი ჩვენმა რესპონდენტმა საქართველოს მაშინდელ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მისწერა: "ძალიან დიდ ბოდიშს გიხდით ასეთ უბრალო საკითხისთვის, მაგრამ იმიტომ გაწუხებთ, რომ ირღვევა ჩემი უფლებები _ ნაგომარში სტადიონი მაინც და მაინც ჩემი მიწის ნაკვეთზე გაკეთდა. არ შემიძლია ხმაურის ატანა, რადგან ვარ 70 წელს გადაცილებული და მომაქციეთ ყურადღება".
"გურია ნიუსი" დაუკავშირდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარში მცხოვრებ რამდენიმე ადამიანს, რომელთა თქმით, თალიკო დოლიძე წლების განმავლობაში ნამდვილად ამუშავებდა იმ მიწის ნაკვეთს, სადაც ახლა სტადიონია. თუმცა, ვერ აკონკრეტებენ, იყო თუ არა ეს მიწის ნაკვეთი დოლიძის მფლობელობაში.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა სოფელ ნაგომარში მიხეილ ცქვიტიშვილმა "გურია ნიუსთან" საუბრის დროს აღნიშნა, რომ თალიკო დოლიძემ გამგეობისგან თავის წერილზე პასუხი მიიღო: "2012 წელს სოფლის მხარდამჭერი პროგრამით გაკეთდა მინი-სტადიონი. ამ ქალბატონის თქმით, მიწის ნაკვეთი, რომელზეც ახლა სტადიონია, თავის მფლობელობაში იყო. გამგეობისგან მიწერილ წერილში კი აღნიშნულია, რომ მიწის ნაკვეთი დოლიძეს არ ეკუთნოდა", _ გვითხრა ცქვიტიშვილმა.
სოფლის დეპუტატი ალეკო გოგოძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ აღნიშნულ პრობლემას გაეცნო: "გავეცანი აღნიშნულ პრობლემას და მინდა გითხრათ, რომ იმ დოკუმენტაციის მიხედვით, რაც ქალბატონ თალიკოს გააჩნია, აღნიშნული მიწის ნაკვეთი მის მფლობელობაში არაა", _ გვითხრა გოგოძემ.