კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის, მიხეილ გიორგაძის განცხადებით, უცხოეთიდან ჩამოყვანილი ცნობილი არტისტების კონცერტებზე ბილეთები სიმბოლურ ფასად გაიყიდება.
ამის შესახებ მინისტრმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც მიხეილ გიორგაძემ აღნიშნა, ცნობილი პიროვნებების მონაწილეობით ღონისძიებები, რისთვის შეიძლება საქართველოში ტურისტი ჩამოვიდეს, რეგიონებში ბევრი მიზეზის გამო ვერ გაიმართება, მათ შორის, მინისტრმა ტექნიკური აღჭურვილობა დაასახელა.
"არ ვარ მზად, რომ მთელ ქვეყანაში ამ დონის ღონისძიებები გავმართოთ და ეს ფინანსური თვალსაზრისითაც ძალიან ძვირი იქნებოდა, მაგრამ ჩვენ აქ ვგულისხმობთ იგივე ქართველი შემსრულებლების ძალიან მაღალ ჩართულობას. ეს ყველაფერი ტურისტულად უფრო მიმზიდველ იმიჯს კიდევ გაუმაგრებს საქართველოს და როდესაც ა კლასის ვარსკვლავების ჩამოყვანაზე ვსაუბრობთ, ეს კიდევ უფრო გაზრდის ჩვენი ქვეყნის ცნობადობას, რადგან ასეთ სახელებს საერთაშორისო მედიის ყურადღებაც მოჰყვება", _ განაცხადა გიორგაძემ და დასძინა, რომ სხვადასხვა არტისტის მოთხოვნიდან, თავად კონცერტის ფორმატიდან და შინაარსიდან გამომდინარე, სხვადსახვა ლოკაციები იქნება შერჩეული, თუმცა კონცერტების უმრავლესობა, ბუნებრივია, ღიც ცის ქვეშ გაიმართება.
კითხვაზე – უცხოელი ვარსკვლავების ჩამოყვანის გამო წინა ხელისუფლებას აკრიტიკებდნენ და როგორი იყო მაშინ მისი პოზიცია, მიხეილ გიორგაძემ განაცხადა, რომ ასეთ ღონისძიებებთან დაკავშირებით მისი პოზიცია არ შეცვლილა და ის ყოველთვის მიიჩნევდა, რომ ეს ქვეყნის ტურისტული პოტენციალის გაზრდას ნამდვილად ხელს უწყობს.
"ამ შემთხვევაში თვისობრივი განსხვავება იქნება ის, რომ დიდი საერთაშორისო ვარკვლავების კონცერტების უმრავლეობაზე ბილეთები აუცილებლად გაიყიდება, ეს არ იქნება ღია ცის ქვეშ უფასო კონცერტები. ჩვენს ქვეყანაში უსაფრთხოების, მოწესრიგებულობის თვალსაზრისით გარკვეული სტანდარტები უნდა შევქმნათ, მაშინ როცა ვსაუბრობთ უცხოეული ტურისტების მოზიდვაზე. ეს არ შეიძლება იყოს ქაოტურ, უკონტროლო რეჟიმში ჩატარებული ღონისძიებები, თავად არტისტებიც, პირველ რიგში, პოტენციური მაყურებლის უსაფრთხოების საკითხებს აყენებენ წინ, ვიდრე ტექნიკასა და ფინანსურ უზრუნველყოფაზე წავიდოდა საუბარი. ეს არის პრიორიტეტული საკითხი და შესაბამისი უზუნველყოფა სჭირდება, სწორედ ამიტომ ბილეთები გაიყიდება, თუმცა სიმბოლური ფასი იქნება იმისთვის, რომ ამ ღონისძიებეზე დასწრების საშუალება მაქსიმალურად ყველა მსურველს მიეცეს", _ განაცხადა გიორგაძემ.
შეგახსენებთ, რომ აპრილიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით, უმაღლესი კლასის არტისტების მონაწილეობით კულტურული ღონისძიებების სერია განხორციელდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა და განმარტა, რომ მთავრობა განიხილავს რესურსების გამოყოფის საკითხს კულტურული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
ამავე თემაზე:
რობი უილიამსი და მსოფლიო დონის ვარსკვლავები თბილისში – მთავრობის ახალი ინიციატივა