საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საზოგადოებას მიმდინარე წლის პირველ მარტს ამცნო, რომ მთავრობა მუშაობს 4-სეზონიანი კურორტების განვითარების მიმართულებით.
"მთავრობის სხდომაზე მივიღეთ დადგენილება, რომ განვავითაროთ და კომპლექსურად შევისწავლოთ ბახმაროს კურორტის არსებული ინფრასტრუქტურა, შესაძლებლობები და დავდოთ განვითარების გეგმა“, _ განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა და დასძინა, რომ ამ მიზნით სამთავრობო კომისიას შექმნიდა.
როგორც გავარკვიეთ, სამთავრობო კომისია უკვე შექმნილია. პრემიერის #317 განკარგულების თანახმად, კომისიის წევრები არიან: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე, რეგიონული გავითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ეკატერინე სიაური და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე.
კომისიას დიმიტრი ქუმსიშვილი ხელმძღვანელობს.
პრემიერმა, ამავე განკარგულებით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაავალა, მისი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ საავტომობილო გზების დეპარტამენტის მეშვეობით, შეისწავლოს ბახმაროს საკურორტო ზონისკენ მისასვლელი საავტომობილო გზები, საავტომობილო გზების მდგომარეობის გაუმჯობესების და შემდგომში, გზების მშენებლობის საჭიროებების განსაზღვრის მიზნით.
საჭიროებების განსაზღვრისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მომართვის შემდეგ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს ამავე გზების მდგომარეობის გაუმჯობესება/მშენებლობა, წყალმომარაგებისა და წყალარინების ინსფრასტრუქტურის შექმნა.
გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ ბახმაროსკენ მისასვლელ გზებზე მეწყრული პროცესებისა და მათი გამომწვევი მიზეზების, ზვავსაშიშროებისა და ქარის ნაკადების კვლევა უნდა ჩაატაროს.
ენერგეტიკის სამინისტრომ ბახმაროს საკურორტო ზონის ელექტროენერგიითა და ბუნებრივი აირის მომარაგების პროექტები უნდა შეადგინოს და შემდგომში მათი გახორციელება/კოორდინაცია უნდა უზრუნველყოს.
გიორგი კვირიკაშვილის განკარგულების თანახმად, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და საჯარო რეესტრმა უნდა უზრუნველყონ, ხოლო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს ეთხოვოს ამავე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში განთავსებული ბახმაროს საკურორტო ზონაში მდებარე უძრავი ქონების კადასტრისა და მიწათმოწყობის ერთიანი სისტემის ორგანიზება მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემების სრულყოფის მიზნით.
ეკონომიკისა და მდგარი განვითარების სამინისტრომ კი უნდა უზრუნველყოს ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებისა და მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ მთავრობის 2014 წლის 14 აგვისტოს დადგენილებით დამტკიცებული ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის სისტემური ანალიზი, გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოფხვრის მიზნით, შესაბამისი პროექტის მომზადება და მთავრობისთვის წარდგენა.
როგორც „გურია ნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციაში უთხრეს, ყველა უწყებას ბახმაროს განვითარების გეგმაზე მუშაობა, პრემიერის დავალების შესაბამისად დაწყებული აქვს.