სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი საქართველოში აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს აზერ თოფიქ ოღლუ ჰუსეინს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და აზერბაიჯანის იუსტიციის სამინისტროს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.
კახა კახიშვილი აზერ თოფიქ ოღლუ ჰუსეინს საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი აზერბაიჯანის მოქალაქეების მონახულების შესაძლებლობაზე ესაუბრა და ექსტრადიციის საკითხში თანამშრომლობაზეც მზადყოფნა გამოთქვა.
სასჯლაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ორ მოძმე ქვეყანას შორის სასჯელაღსრულების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავება მნიშვნელოვანია და პენიტენციური, პრობაციისა და სასწავლო პროგრამების კუთხით გამოცდილების გაზიარება ორივე ქვეყნისთვის სასიკეთო იქნება. შეხვედრაზე საქართველოსა და აზერბაიჯანის შესაბამის უწყებებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება გადაწყდა.
"არის ისეთი სფეროები, რომელშიც აზერბაიჯანი არის წინ წასული და ჩვენთვის საინტერესოა მათი მოდელი. ასევე, არის საკითხები, რომლებშიც ჩვენ ვართ მოწინავეები და აზერბაიჯანულ მხარეს საქართველოს გამოცდილება აინტერესებს. ამიტომაც, ჩვენს სამინისტროსა და აზერბაიჯანის იუსტიციის სამინისტროს შორის თანამშრომლება ძალზე სასარგებლო და ნაყოფიერი იქნება ორივე ქვეყნისთვის"- განაცხადა კახა კახიშვილმა.
აზერბაიჯანის ელჩის აზერ თოფიქ ოღლუ ჰუსეინის განცხადებით, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და აზერბაიჯანის იუსტიციის სამინისტროს შორის თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ პარტნიორობას კიდევ უფრო განამტკიცებს.
"უამრავი საკითხი და თემაა, რაზეც საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან სასაუბრო გვაქვს. ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის როგორც პენიტენციის, ისე პრობაციისა და სასწავლო პროგრამების კუთხით," – განაცხადა აზერ თოფიქ ოღლუ ჰუსეინმა.
აზერბაიჯანის ელჩმა საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი მსჯავრდებულებისთვის ბაირამობის დღესასწაულზე ტკბილეულის შეტანის საკითხი დასვა, რაზეც მინისტრისგან თანხმობა მიიღო. კახა კახიშვილის განცხადებით, საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ აზერბაიჯანის მოქალაქეებს, ისევე, როგორც ყველა მუსლიმს და სხვა აღმსარებლობის მქონე მსჯავრდებულებს, დღესასწაულების აღნიშვნისა და რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობის შესაძლებლობა შეუზღუდავად ეძლევათ.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა აზერბაიჯანის იუსტიციის მინისტრი საქართველოში მოიწვია.
(R)