ქალაქ ოზურგეთში "ეს შენ გეხებას" კამპანიას ხუთი ადამიანი დაესწრო. აქცია დღეს 1 საათზე მთელი საქართველოს მასშტაბით იყო დაანონსებული.
"ძნელი სათქმელია, რატომ არ მოვიდნენ. ეს იმათ უნდა კითხოთ, ვინც უნდა მოსულიყო და არ მოვიდა." – გვითხრა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელმა, თამაზ ტრაპაიძემ.
მისივე თქმით, მსგავს კამპანიაში ყველა აქტიური მოქალაქე უნდა ჩაერთოს, როდესაც ქვეყანაში კონსტიტუციური უფლებები ილახება.
"თუ ჩვენ არ ამოვიღებთ ხმას და არ დავიცავთ ჩვენ უფლებებს, ამ შემთხვევაში სხვა ვერავინ და ვერაფერი დაგვიცავს." – გვითხრა თამაზ ტრაპაიძემ.
ინფორმაციისთვის, "ეს შენ გეხება"მ კამპანია განაახლა ფარული თვალთვალის წინააღმდეგ. 2012 წელს ამ მოძრაობის წყალობით შეიქმნა გარემო, რომელმაც საზოგადოებას თავისუფალი და ობიექტური არჩევანის გაკეთების საშუალება მისცა. 2014 წელს კამპანია ისევ განახლდა და მისი წევრები ამტკიცებდნენ, რომ გრძელდებოდა უკანონო თვალთვალი, ისევ გვისმენდნენ, ისევ ავრცელებდნენ ძველ თუ ახალ კადრებს, არ გვიტოვებდნენ პირად სივრცეს… კამპანიამ მიაღწია ცვლილებას კანონმდებლობაში, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა!
დღეს, ჩვენ ისევ უნდა გავერთიანდეთ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის და პიროვნული თავისუფლების დასაცავად.