ქართველი მსახიობები ყოველთვის შესანიშნავი იუმორის გრძნობით იყვნენ დაჯილდოებულები. ამ თვისების გამო სხვადასხვა კურიოზულ მდგომარეობაში არაერთხელ ჩავარდნილან.
დღევანდელ წერილში რამდენი ათეული წლით უკან მინდა რომ დავბრუნდე და ნაკლებად ცნობილი ორი სახალისო ისტორია გავიხსენო.
თავდაპირველად ცნობილი ქართველი მსახიობი ვერიკო ანჯაფარიძე მოვიგონოთ. კინორეჟისორი გია დანელია თავის მოგონებების წიგნში ქალბატონი ვერიკოს შესახებ ერთ ეპიზოდს იხსენებს.
"მიხეილ ჭიაურელის მძღოლი მიხეილ ზარგარიანი – მეტსახელად პროფესორი, ყოველთვის ძია მიშასავით ელეგანტურად გამოიყურებოდა და სულ თავისი უფროსის გვერდით ტრიალებდა. როცა თბილისში სახელგანთქმული სტუმრები (ჯონ სტეინბეკი, ჩერჩილის ვაჟი, ნაზიმ ჰიქმეთი) ჩამოდიოდნენ, ძია მიშა მათ პროფესორთან ერთად ხვდებოდა და ასე წარუდგენდა ხოლმე სტუმრებს – გაიცანით, ეს პროფესორია.
ერთხელ (როცა ჭიაურელი უკვე ცოცხალი აღარ იყო), ასეთი სცენის შემსწრე გავხდი. დილის ათის ნახევარია. ანტიკვარული ავეჯით გაწყობილ დარბაზში, სარკესავით ალაპლაპებულ ფიგურულ პარკეტზე პროფესორი საბურავს მოაგორებს. საძინებლის კარს აღებს, შიგ აგორებს და იძახის:
– ვერიკო! ეი, ვერიკო!
– რა იყო? – თვალგაუხელად პასუხობს ნამძინარევი ვერიკო, რომელიც, როგორც ყველა თეატრალური მსახიობი, გვიან იძინებს და გვიან დგება.
– თვალი გაახილე და შეხედე!
ვერიკო ცალ თვალს ახელს.
– მითხარი ერთი, ასეთი საბურავით თუ შეიძლება მგზავრობა? შეიძლება?!
– კარგი მძღოლი ასეთი საბურავითაც ივლის, ნეხვის მანქანას კი ნებისმიერი გაუსკდება, – ბუზღუნებს ვერიკო.
– ვერა ივლიანოვნა, მე თქვენ დაგატარებთ, – ახსენებს პროფესორი.
ვერიკო ორივე თვალს ახელს.
– ღმერთო, რა შეგცოდე ამის ფასი, რომ გარს სულ ასეთი იდიოტები მახვევია!
და მერე მთელი ათი წუთის განმავლობაში ტრაგიკული ხმითა და იერით წუწუნებს ბედზე. ვერიკო ანჯაფარიძე კრიტიკოსებმა მეოცე საუკუნის ათ საუკეთესო ტრაგიკოს მსახიობ ქალთა შორის დაასახელეს. როცა ის ასეთი პათოსით სცენაზე ლაპარაკობდა, დარბაზი ხმამაღლა მოთქვამდა. მაგრამ პროფესორი საქმის კაცი გახლდათ და ემოციებს არ ექვემდებარებოდა. როცა ვერიკო დაიღალა და დადუმდა, მან მშვიდად უთხრა:
– ფული მომეცი.
ვერიკო მძიმედ ოხრავს, გვერდზე ბრუნდება და ბუზღუნით ამბობს:
– ტუმბოში ნახე.
ხოლო როდესაც ვერიკოს მანქანიანი მძღოლის შენახვის საშუალება აღარ ჰქონდა, პროფესორმა კვალიფიკაცია შეიცვალა, საფეხბურთო ფოტოკორესპონდენტი გახდა და ჭიაურელზე, ვერიკოსა და სოფიკოზე მეტად გაითქვა სახელი, რადგან თუ თბილისის "დინამოს" კარში გოლი გადიოდა, მთელი სტადიონი ერთხმად ყვიროდა – "არ გადაიღო, პროფესორო!!!"
ჩვენი შემდეგი რესპოდენტი ქალბატონი ნინო ჩხეიძეა, რომელიც ერთ უჩვეულო ამბავს გაიხსენებს.
"მარჯანიშვილის თეატრში გადიოდა კიტა ბუაჩიძის არაჩვეულებრივი პიესა "ეზოში ავი ძაღლია". პრემიერაც და რიგითი სპექტაკლებიც ანშლაგით მიდიოდა. მშვენიერი მსახიობები თამაშობდნენ: მედეა ჯაფარიძე, ვახტანგ ნინუა, გივი ბერიკაშვილი, თენგიზ მაისურაძე. სოფიკო ხომ ბრწყინვალე იყო, მისი ცეკვის შემდეგ ტაში დიდხანს არ ცხრებოდა დარბაზში. ამ სპექტაკლში მე და ჩემი შვილიც ვმონაწილეობდით. ჩემი შვილიშვილი პატარა იყო, სამი წლის. ბავშვის მიმხედი არავინ გვყავდა და ამიტომ თეატრში მომყავდა ხოლმე. როცა სცენაზე გავდიოდი, დავსვამდი კულისებში სკამზე და ჩავაბარებდი სცენის მუშებს – თქვენი ჭირიმე, მიმიხედეთ, სცენაზე არ გამოვარდეს-მეთქი. დარბაზი ხომ სავსე იყო მაყურებლით და კულისებშიც უამრავი ხალხი იდგა. მსახიობები, ტექნიკური პერსონალი, სცენის მუშები სიცილით იხოცებოდნენ სპექტაკლის მსვლელობისას.
მე ვთამაშობდი ცაცანას, სპეკულიანტს, შინაბერას. ჩემი პარტნიორი იყო გივი ბერიკაშვილი. სპექტაკლში გივის ვეხვეწები, ცოლად შემირთე-მეთქი. ის კი მეკითხება, რამდენი წლის ხარო და მეც ისე ვპასუხობდი, ვერ გაიგებდით, ოცდათექვსმეტის ვიყავი თუ ორმოცდათექვსმეტის. სცენაზე შემოდიოდა სოფიკო – ქურთის გოგო, შენ კი არა, მე უნდა შემირთოსო და იწყებოდა ჩვენი პაექრობა. მე ვეჭვიანობდი და იკვრებოდა არაჩვეულებრივი ტრიო: სოფიკო, გივი და მე.
ერთხელაც, მიმდინარეობს სპექტაკლი, მე ვეხვეწები გივის, შემირთე-მეთქი და ველოდები სოფიკოს გამოსვლას, ის კი არ ჩანს. რა ვქნათ, აღარ ვიცით მე და გივიმ.
ჩემი შვილიშვილი, რა თქმა უნდა, კულისებში ზის, ჩაბარებული მყავს რამდენიმე მეთვალყურისთვის. ისიც ცნობისმოყვარეობისგან აღარ არის. იმას კი ხედავს, კულისებში რა ხდება, მაგრამ ვერ ხვდება, დარბაზში ხალხი რატომ იცინის და უნდა მათი დანახვა. წამოიწევა სკამიდან, წაიგრძელებს კისერს და ის არის უნდა გამოიხედოს პარტერში, რომ მე ამის შემხედვარე ვიწყებ ყვირილს: ვაი, ვაი, ვაი. გავრბივარ სცენიდან, გამომეკიდება გივი – სად მიდიხარ, ცაცან-ჯან. მივალ ბავშვთან, დავსვამ ისევ თავის ადგილას და ვაგრძელებთ სცენას.
მიმდინარეობს სპექტაკლი. სოფიკოს გამოსვლის დროა, ის კი არ ჩანს. თურმე ვერიკო ცუდად გამხდარა და სახლში გაქცეულა. ჩვენ კი სიტყვებს წინ და უკან ვატრიალებთ, სად არის, რატომ არ მოდის? ჩემს შვილიშვილს ჰგონებია, მე მეძებენო. გამოტუსტუსდა სცენაზე და მეუბნება: აქა ვარ, ბებოო!
ეს რომ გივიმ დაინახა, თვალები დამიქაჩა და იყვირა – რაო, შენ ბებია ხარ და თავს გასათხოვრად ასაღებ, ამხელა შვილიშვილი გყოლია, მატყუებ, გინდა შეგირთო და ცოლად მოგიყვანოო? ათი წუთი მე და გივის ისეთი დიალოგები გვქონდა, რაც საერთოდ არ ეწერა პიესაში. ამაზე რაღა უნდა მეთქვა, არ ვიცოდი და ხმა ვერ ამოვიღე.
გივიმ კი "იმარჯვა". ხელში აიყვანა ბავშვი და სამივე სიმღერ-სიმღერ გავედით სცენიდან. მაყურებელმა ვერ გაიგო ჩვენი "ხულიგნობის" ამბავი. იფიქრა, ალბათ ასე იყო სათამაშო სცენა და ამგვარად დავამთავრეთ. იმ დღეს ხალხმა ვერ ნახა სოფიკო ჭიაურელის არაჩვეულებრივი ცეკვა, მაგრამ მაყურებელი მაინც მხიარული გავისტუმრეთ, ისეთი ეფექტური იყო ამ პატარა გოგოს გამობაჩუნება სცენაზე."