ლანჩხუთის "გურიამ" მორიგი იმედგაცრუება მოუტანა საკუთარ ქომაგობას. ზედიზედ მესამე საშინაო შეხვედრაში ვერ მოიგეს ლანჩხუთელებმა და რაც მთავარია, ერთი გოლის ხილვაც კი სანატრელი გახდა "ევგრაფ შევარდნაძეზე".
ის რაც ხდება გუნდში, უკვე მეტისმეტია და გულშემატკივრებმაც საბოლოოდ ჩაიქნიეს ხელი სამომავლო პერსპექტივებზე. არა, სტადიონზე მისვლა არც ამ ჯერზე დაეზარათ მათ, მაგრამ მორიგი მწირი ბურთაობის ხილვის შემდეგ, არა გვგონია ისევ ქონდეთ გუნდის მიმართ ძველებური მხარდაჭერა.
თუ წინა უგოლო ფრის შემდეგ ტრიბუნებზე ხმამაღალი კრიტიკა ბევრი იყო, ამჯერზე ხალხმა დუმილით დააფიქსირა უკმაყოფილება და ეს მრავლისმეტყველი შეიძლება იყოს.
შედეგი ხომ არ არის, არც თამაშის ხარისხი, მაგრამ ყველაზე ცუდია, რომ არც მონდომება შეიმჩნევა და არც ფეხბურთელ – მწვრთნელთა კვალიფიკაცია. ამ გუნდში თუ ვინმე ხედავს პერსპექტივას, ის ან გამოუსწორებელი ოპტიმისტია და ან საერთოდ ვერ ერკვევა ფეხბურთში.
დღეს ლანჩხუთს ერთერთი აუტსაიდერი მარტვილის "მერანი" სტუმრობდა, რომელიც მეორე წრეში გაცილებით კარგად ათამაშდა და უიმედო პერსპექტივას სიცოცხლისუნარიანობა დაუბრუნა. არც ამ შეხვედრაში ჩანდნენ სტუმრები ჯაბანნი და ცოტა რომ გამართლებოდათ ქულის ნაცვლად სამ ქულას წაიღებდნენ შინისაკენ. ორი რეალური შანსიც ებოძათ მათ, ჯერ პირველ ტაიმში კილაძის შეცდომით შეეძლოთ გატანა, მაგრამ მეკარისგან დაუცველ კარში, ბესიკ ჩიმაკაძემ მაინცდამაინც იმავ კილაძეს გაარტყა ბურთი. ბოლოსკენ კი უკბილო შეტევებში გართულ მასპინძლებს, კონტრშეტევა გაეპარათ და ნიკა საბანაძეს რომ ევარგა, "გურიას" დებიუტანტ სერბ მეკარეს, ალექს იოვანოვიჩს შანსი არ ექნებოდა, მაგრამ სერბმა ახალგაზრდამ შეძლო ბურთის მოგერიება.
არა რა, ვიქტორ დემიდოვის კვალიფიკაცია აშკარად ეჭვს იწვევს და ისე ჩანს ამ კაცს რაიმეს შეცვლა არ შეუძლია. არც ფეხბურთელები წყვეტენ ვარსკვლავებს, მაგრამ ეს კონტინგენტიც ხომ მან შეარჩია და პასუხისმგებლობა უპირველესად მისია. ამ შეხვედრაშიც არ ჩანდა მწვრთნელის ხელი და ხედვა, ძირითადად ცენტრიდან შეტევებით ფონს გასვლა შეუძლებელი იყო, მითუმეტეს, რომ ზორბა ჟუნიორი, იქ ვერაფერს ხეირობს, ფლანგებზე კი განაპირა მცველები მთელი ზონის დაფარვას ვერ ახერხებენ.
ერთი საგულისხმო მომენტიც ვერ შექმნეს "გურიას" ფეხბურთელებმა სტუმართა კართან, მცდელობა კი ქონდათ, მაგრამ არაფერი გამოდიოდა აქედან. ასევე არაფერი გამოვიდა შესვენებაზე კლუბის პრეზიდენტის და მუნიციპალიტეტის გამგებლის, ზაზა ურუშაძის გასახდელში ჩასვლითაც. ვერ გეტყვით რაზე ესაუბრა ის ფეხბურთელებს, ერთადერთი რაც შეეძლო, გამხნევება იყო, მაგრამ ამანაც ვერ უშველა საქმეს.
სხვათა შორის მატჩის წინა დღეს გავრცელდა ინფორმაცია ფეხბურთის განვითარების ფონდიდან თანხები დაგვიანდა და ფეხბურთელებმა ხელფასი მოითხოვესო. კლუბის მესვეურები ამაზე კომენტარს არ აკეთებენ, მაგრამ რაღაც რომ ხდება ეს ფაქტია. თანაც ძველი ფეხბურთელები რომ აპირებდნენ წინა სეზონის დავალიანების გამო ფედერაციაში ჩივილს, ესეც გახმაურებული ფაქტია და რაც არ უნდა დამალონ კლუბის მესვეურებმა ეს ყველაფერი, "შუბი კალთაში არ დაიმალება".
"გურიამ" შეხვედრა ასეთი შემადგენლობით ითამაშა:
იოვანოვიჩი, გელაშვილი (პატერსონი 55), ჩადუნელი, ბენეტი, ზაზულია, ნუნიესი, კილაძე (გამყრელიძე 88), მოროზენკო, კვეკვესკირი, ალავერდაშვილი (როდრიგესი 65), ჟუნიორი.